მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”

მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”

”ბუნებით ამაყია, სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ მიელტვოდეს. მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ცხოვრებას ურთულებს. მოსწონს ფლირტი და იოლად იქცევს სხვის ყურადღებას. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კუროს. ეს მსახიობ მაკა ძაგანიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ნაკლებად ვარ დაინტერესებული. ჩემი ნიშნის დახასიათებაც კი არ მაქვს წაკითხული. ჩემი მეგობარიც კუროს ნიშნითაა დაბადებული და მან მითხრა, კარგი, ძლიერი ნიშანიაო.

- ”მას ყოველთვის ადვილად შეიცნობთ მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. ლაპარაკისა და მოძრაობის დროს აუჩქარებელია”.

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. სწრაფი არ ვარ, ყველაფერს დინჯად ვწყვეტ. ფორიაქი არ მახასიათებს, ექსცენტრიკული და ფიცხიც არ ვარ.

- ”სოლიდური, მშვიდი არსებაა. თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება”.

- კამათი არ მიყვარს. ძალიან იშვიათად ვკამათობ, ჩემი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. რიგ საკითხზე ჩემი შეხედულება და აზრი მაქვს.

- ხომ შეიძლება, ცდებოდე?..

- რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როცა ზუსტად ვიცი, რომ ასეა.

- ”თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერს ანადგურებს”.

- არ ვიცი, ასტროლოგებმა სიტყვა ”განადგურება” რამდენად სწორად შეარჩიეს. წონასწორობიდან ძალზე ძნელად გამოვდივარ. მოთმინების პიკს თუ მივაღწიე, მერე მართლა მრისხანე ვხდები. მანამდე ბევრს ვითმენ, ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ წონასწორობიდან თუ გამომიყვანეს, მერე შემიძლია, იმ ადამიანთან ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტო.

- ასე ბევრი ვინმე დაგიკარგავს?

- არა.

- ”სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს”.

- მგონი, ასტროლოგებისთვის აქამდე მეტი ყურადღება უნდა დამეთმო (იცინის)... მართალია: სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დავუწყებ. ასეთი რამ ჩემს წარსულში არასდროს ყოფილა, არასდროს არავის გავკიდებივარ.

- სასურველი მამაკაცის მოხიბვლის მცდელობა ყოველთვის წარმატებით გამოგდის?

- კი (იცინის), არ ვუჩივი. ზოგადად, პრანჭია არ ვარ. რომ გითხრა, მამაკაცისთვის ხშირად გავპრანჭულვარ-მეთქი, ტყუილი იქნება.

- ”ბუნებით ამაყია”.

- არა. სიამაყე ნაკლებად მაქვს, თავმოყვარე უფრო ვარ.

- ”ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს”.

- საკმაოდ ძლიერი ვარ. ვიღებ იმას, რაც არის. რეალობისთვის თვალის გასწორება არ მიჭირს. მიზანდასახული ვარ თუ - არა? ნაკლებად. მიზნისკენ იშვიათად მივილტვი. დაბრკოლებებს, რომელიც ცხოვრების გზაზე მხვდება, შეუშინებლად ვლახავ. ძალიან ცუდია, რომ მიზანსწრაფულობა მაკლია.

- დაბრკოლებების გადალახვისას, ძალას რა გმატებს?

- სულ ვფიქრობ, რომ ცხოვრებით უნდა დავტკბე. ყოველი დღე ძალზე ლამაზი და მშვენიერია, პატარა უსიამოვნებების გამო ადამიანმა განწყობა არ უნდა გაიფუჭოს. ეს თვისება ძალიან მშველის.

- ”ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა”.

- ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი: ნამდვილად ასეა.

- სიჯიუტე შენი თვისებაა?

- მიმაჩნია, რომ ჯიუტი საერთოდ არ ვარ, მაგრამ სხვებს სიჯიუტეში არაერთხელ დავუდანაშაულებივარ. შენიშვნას ვერასდროს მივიღებ.

- პრინციპული ხარ?

- კი. რასაც ვიტყვი, ვასრულებ.

- ”მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ცხოვრებას ურთულებს”.

- გართულებისა რა გითხრა, მაგრამ ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა. დღევანდელი გადასახედიდანაც არ ვთვლი, რომ იმ ურთიერთობებმა ცხოვრება გამირთულა, პირიქით - ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. არ ვნანობ, ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდები მათ რომ დავუკავშირე.

- და ეს ურთიერთობები თავად დაამთავრე?

- კი.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არაფერი არ ხდება. ამ 9 თვემ თავისუფლებით ტკბობა მასწავლა. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. ის ურთიერთობა დავამთავრე, მერე ახალი რომანი დაიწყო, რომელიც 6 წელს გაგრძელდა. ახლახან კი 5-წლიანი რომანი დავასრულე და მივხვდი, მარტო ყოფნა რა მაგარია.

- ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად ხარ?

- კი, მზად ვარ.

- შენ გარშემო მყოფი ადამიანების აზრს რამდენად ითვალისწინებ? საქართველოში ასეთი რამ ბევრისთვის მიუღებელია.

- გამიმართლა - ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, არ მაკრიტიკებენ.

- ”ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა”.

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს ხასიათშია.

- ”ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია”.

- რომ გითხრა, ჭკვიანი ვარ-მეთქი, უხერხული არ იქნება?.. მოხერხებულიც ვარ, ორიგინალურობითა და გამომგონებლობით არ გამოვირჩევი. მაგრამ დიპლომატი ვარ.

- ”იოლად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი”.

- უჰ! მედგრად ვხვდები.

- ”ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს”.

- მგონი, მაიმუნი არ ვარ. წინააღმდეგობები სასურველი არავისთვისაა, მაგრამ არც ბრძოლა მიჭირს, არც მოთმენა და ლოდინი.

- ”ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა”.

- გაუბედავი ვარ; მოთმინების უნარი ალბათ ამ თვისებამ გამომიმუშავა. ყველაფერი პიკამდე მიმყავს. ვისურვებ, მეტად გაბედული ვიყო. გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს ვყოყმანობ.

- ”ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია”.

- თავნება არ ვარ. ტემპერამენტიანი ვარ თუ არა, ეს სხვას უნდა ჰკითხო, მე ვერ გიპასუხებ.

- ”არ იცის წყენის გულში ჩახვევა”.

- წყენა მალე მავიწყდება. ჩემს შვილს არაერთხელ დავმუქრებივარ, ხმას აღარ გაგცემ-მეთქი და ნათქვამი ნახევარ საათში დამვიწყებია.

- ”მშიშარაა”.

- ბევრი ფობია მაქვს. კალიების, მწერებისა და ხოჭოების ისე მეშინია, ქუჩაში არ გავდივარ.

- ”წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო”.

- არანაირი ამბიცია არ გამაჩნია, არც ჯანსაღი და არც - არაჯანსაღი. ეს ძალიან ცუდია.

- ”სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება”.

- ერთგულება ჩემი თვისებაა, არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში. იმ ადამიანსაც კი შემიძლია ვუერთგულო, რომელიც ჩემ მიმართ დიდი ერთგულებით არ გამოირჩევა. ცუდია, როცა სითბოს გასცემ და უკან არ გიბრუნდება.

- ”საქმეს ადვილად უღებს ალღოს; რის გაკეთებასაც სხვები 1 საათს ანდომებენ, მას შეუძლია, ნახევარ საათში გააკეთოს”.

- მგონი, ეს უნდა შევიფერო...

- ”იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს”.

- ფულის ხარჯვა მიყვარს. თუ მაქვს, დაუნანებლად ვხარჯავ, მაგრამ უფულობა დეპრესიაში არ მაგდებს.

- ალბათ იცნობ ადამიანებს, რომლებიც ძვირად ღირებულ სამოსს განვადებით იძენენ, მოგზაურობენ; რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომელი ბრენდი აცვიათ და ა.შ.

- მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. საბანს იქამდე ვიფარებ, სადამდეც მწვდება.

- პირდაპირობით გამოირჩევი?

- კი. სულერთია, ის ადამიანი ვინ იქნება, - დედა, მეგობარი თუ საყვარელი მამაკაცი, - მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, გულწრფელი ვიყო.

- ”არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ”.

- ზოგადად, ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს. თუ სურვილი მაქვს, ადამიანთან საერთო ენის გამონახვა არ მიძნელდება. თუ სურვილი არ მაქვს, ვერ დამალაპარაკებ, შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში ჩუმად ვიჯდე.

- ”მოსწონს ფლირტი და იოლად იპყრობს სხვის ყურადღებას”.

- ფლირტი ყველას მოსწონს. იოლად ვიქცევ თუ არა სხვების ყურადღებას?.. მგონი, ამ კითხვით სხვას უნდა მიმართო.

- ”კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას”.

- ტყუილია. სხვის გრძნობებზე თამაში არ მიყვარს, არ შემიძლია. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც კი არ ყოფილა. მირჩევნია, ადამიანთან გულწრფელი ვიყო, ვიდრე ვითამაშო.

- ”მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით”.

- ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება: ყველა რომანი გულის აყოლა იყო, ურთიერთობაში გონება არასდროს ჩამირთავს. ეს კარგი არ არის. სწორედ ამიტომაა ჩემი ურთიერთობები ასეთი ექსცენტრიკული.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება