შოუბიზნესის ”სერთა პალატა”

შოუბიზნესის ”სერთა პალატა”

მიკ ჯაგერი: ”ის, ვინც ისტორიამ უკვე გადახაზა”

ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones-ის ლიდერს, მიკ ჯაგერს წელს, 26 ივლისს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ის 50 წელზე მეტია, რაც სცენაზეა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ჯერ კიდევ ამოუცნობ გმირად რჩება.

კინოკრიტიკოსები დიდხანს კამათობდნენ, რაში დასჭირდა მიკ ჯაგერს ყოფილიყო ფილმის - ”კოდი ”ენიგმა” - პროდიუსერი. ფილმისა, რომელშიც ბრიტანელი მათემატიკოსები ცდილობენ ამოხსნან ლეგენდარული გერმანული დასაშიფრი მანქანის - Enigma-ს საიდუმლო კოდი. იმისთვის ხომ არა, რომ მხოლოდ პაწაწინა ეპიზოდურ როლში გაებრწყინა? - მუსიკის კრიტიკოსები კი ამაზე იძლევიან პასუხს: - ”ჯაგერს უნდოდა ეთქვა, რომ ნამდვილი ”ენიგმა”-გამოცანა - სწორედ ის არის.

თავის თავზე მიკი ძალიან ცოტას ჰყვება, არადა, მთელი კარიერის მანძილზე ათასობით ინტერვიუ აქვს მედიისთვის მიცემული. ის ყოველთვის გვერდს უვლიდა ჟურნალისტთა შეკითხვებს. ერთადერთი ”აღსარებითი” ინტერვიუ მან 1995 წელს, მეგობრულად მხოლოდ ჟურნალ ”როლინგ სტოუნსის” დამაარსებელსა და მთავარ რედაქტორ ჯენ უენერს მისცა. თუმცა სენსაციური დეტალებით არც ეს ინტერვიუ გამოირჩეოდა. ”ფროიდისტებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი ხომ მიკის ბავშვობაში ეძებდნენ მიზეზებს, რომლებმაც იგი როკ-ენ-როლამდე მიიყვანა. სინამდვილეში კი მიკ ჯაგერს ნორმალური ბავშვობა ჰქონდა. მამამისი სკოლის მასწავლებელი იყო, დედა - კოსმეტოლოგი. ისინი ერთმანეთსა და შვილებს დიდი სიყვარულით ზრდიდნენ.

მიკი უფროსი იყო. ის დარტფორდში, კენტის საგრაფოში 1943 წლის 26 ივლისს დაიბადა. იქვე გაიზარდა და დაწყებით სკოლაში ერთ ყურპანტურა, ცხვირა ბიჭუნას, რიჩარდს დაუმეგობრდა. თანაკლასელები 1954 წლამდე ერთმანეთის მეზობლადაც ცხოვრობდნენ. შემდეგ რიჩარდსები სხვაგან გადავიდნენ და ბიჭები ერთმანეთს მხოლოდ 1960 წელს, დარტფორდის რკინიგზის სადგურში შეხვდნენ. რომ არა ეს შეხვედრა, შესაძლოა, ჯგუფს, სახელწოდებით Rolling Stones -ს სულაც არ ეარსება.

ხელახლა დამეგობრებული ძველი თანაკლასელები ლონდონში ერთად დასახლდნენ. მათ შეუერთდა ბრაიან ჯონსი, გიტარისტი, რომელსაც რიჩარდსთან ერთად საკუთარი ჯგუფის შექმნა უნდოდა. ჯაგერი კი იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ლონდონის უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სახელგანთქმულ სკოლაში ჩააბარა, სადაც XX საუკუნის მრავალი სახელმწიფო მოღვაწე აღიზარდა. ის მონდომებით განაგრძობდა სწავლას და ამბობდა, რომ ან ჟურნალისტი გახდებოდა, ან პოლიტიკოსი (საქმიანობა, რომელიც არაერთხელ შეუდარებია პოპვარსკვლავობისთვის), ვარსკვლავობისკენ კი ყოველთვის მიილტვოდა.

რადგან ბავშვობაში საეკლესიო გუნდში მღეროდა და ჩინებული სმენა ჰქონდა, მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ის ჯგუფის სოლისტი უნდა ყოფილიყო.

ანსამბლის დებიუტი 1962 წელს, ლონდონის ჯაზ-კლუბში შედგა. ორ კვირაში მიკს 19 წელი უსრულდებოდა. მან სწავლაც მიატოვა, რითაც მამა ძალზე გაანაწყენა. ერთ წელიწადში ჯაგერის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ”როლინგებზე” მთელი ბრიტანეთი ალაპარაკდა. მიკს პირველი გერლფრენდიც გაუჩნდა - დამწყები მოდელი და მსახიობი, კრისი შრიმპტონი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ქალთა ”არმიისა”, რომელიც ჯაგერის ცხოვრებას თან სდევს. ის არასდროს განიცდიდა საყვარლების, ცოლებისა და შვილების ნაკლებობას, მის გამო დეპრესია იპყრობდათ, ეძალებოდნენ ნარკოტიკებს და თვითმკვლელობაზეც კი მიდიოდნენ... თუმცა მიკი ამას არად დაგიდევდათ.

მორიგი გულის დაპყრობის შემდეგ წინამორბედი წარსულში ინაცვლებდა და იწყებოდა ახალი რომანი (თაყვანისმცემელთა გამოთვლებით, მისი ალერსის ობიექტი 2000 ქალი მაინც ყოფილა).

ყველაზე ხანგრძლივი თანაცხოვრება ჯაგერს ჯერი ჰოლთან (მასზე 30 წლით უმცროს, ტეხასელ ლამაზმანთან და მოდელთან) ჰქონდა. მათ ერთად 22 წელი იცხოვრეს და ოთხი შვილიც გააჩინეს. ჯერი დიდხანს ითმენდა ქმრის ღალატს, მაშინაც კი, როცა მიკს მორიგი რომანი კარლა ბრუნისთან ჰქონდა. საბოლოოდ ისევ ჯაგერი წავიდა (როგორც ყოველთვის).

მიკის ხიბლს გვერდი ვერც სამეფო ოჯახმა აუარა. პრინცესა მარგარეტიც მისით იმდენად იყო გატაცებული, რომ ერთი ელიტური წვეულების შემდეგ მარიხუანის გამოყენებისთვის სკანდალშიც კი გაეხვია.

ბოლო 12 წელია, მიკ ჯაგერი დიზაინერ ლორენ სკოტთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მასზე 24 წლით უმცროსია.

2003 წელს ჯაგერს, როგორც იქნა, რაინდის წოდება მიანიჭეს: მანამდე დედოფალმა ხუთჯერ განაცხადა უარი, ხელი მოეწერა დაჯილდოების ქაღალდისთვის. მეექვსე ჯერზე კი მოიმიზეზა, რომ სასწრაფო ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი მუხლის სახსარზე. სადღესასწაულო ცერემონიაზე მიკ ჯაგერს ჯილდო პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

30 წლის მანძილზე მიკ ჯაგერი თითქმის არ შეცვლილა. ის ისეთივე ენერგიით დაქრის სცენაზე; სხვათა შორის, არც ეწევა, არც სვამს, გატაცებულია იოგით, ვარჯიშობს საბალეტო ძელთან; თავის მეგობრებსა და ქალებს კი ავოკადოს სჩრის და უმტკიცებს, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებები შედის, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

”რამდენიმე წლის წინ, - ჰყვება ჯაგერი, - ნიუ-იორკის ერთ რესტორანში, ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა ოჯახი - მშობლები, პატარა ბიჭთან ერთად. წყნარი რესტორანი გახლდათ, არავინ არავის ყურადღებას არ აქცევდა... უეცრად ბიჭი მამამისს ეკითხება: ”ვინ უფრო მაგარი იყო, ”როლინგები” თუ ”ბითლები”? - ”არ ვიცი”, - უპასუხა მამამ. მან ისიც კი არ უთხრა შვილს, - ”შეეკითხეო მას” - ჩემზე. აი, იმ მომენტში ვიგრძენი, როგორია იყო ის, ვინც ისტორიამ უკვე გადახაზა”...

პოლ მაკარტნი თუ  თვითმარქვია ორეული?..

დასავლურ პრესაში დიდი ხანია გაჟონა ინფორმაციამ, რომ... პოლ მაკარტნი (ლეგენდარული ოთხეულის რჩეული წევრი) სინამდვილეში დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის და ის ჯერ კიდევ 1966 წელს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, ”ახლანდელი” სერ პოლ მაკარტნის ნამდვილი სახელი და გვარი კი - უილ კემპბელია. საქმე ასე იყო: ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე, უილიამმა ორეულების კონკურსში გაიმარჯვა, რომლებიც ლივერპულელი ოთხეულის ზეობის ხანაში საოცრად გამრავლდნენ. ყველა მათგანი ”ბაკებით”, შუბლზე გადმოწეული ვარცხნილობითა და ყელიანი სვიტერით გამოირჩეოდა... კემპბელი ნომინაციაში ”მაკარტნი”, საუკეთესო იყო, რადგან მშვენივრად მღეროდა და კარგად უკრავდა გიტარაზე. ”ბითლზის” მენეჯერმა, ბრაიან ეპშტეინმა საკუთარი ხელით გადასცა ჯილდო - ეს იყო ანსამბლის კონცერტზე დასასწრები ბილეთი და აბრეშუმის ბაფთა კერპის სამოსიდან.

ეპშტეინმა ეს ამბავი ზუსტად ერთ წელიწადში გაიხსენა, როცა ერთ დილას, გამთენიისას, 5 საათზე პოლის დაღუპვის ამბავი შეიტყო. მენეჯერი არჩევანის წინაშე დადგა: სიცოცხლე თუ სიკვდილი? მან სიცოცხლე არჩია და უილიამს დაუკავშირდა. შემდეგ რაც იყო, ყველასთვის ცნობილია. ანსამბლის დანარჩენმა წევრებმაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლოთ. ისინი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ. აი, თუნდაც ტრაგედიიდან პირველი ჩაწერილი ალბომის Sergaent Pepper`s  ყდაზე ვხედავთ ახალ საფლავს, ზედ ყვავილებით მაკარტნის ბას-გიტარაა გამოსახული. ის მარცხენა ხელის მხარესაა მოთავსებული (მაკარტნი ხომ ცაციაა). გვერდით - თოჯინა ავტომობილზე, ცენტრში - დოლი, წარწერით Lonely Hearts. სიმღერის ტექსტშიც მრავალი ქარაგმაა: ”პარკირების ავტომატთან მე რიტას ყურებამ გამიტაცა”..., ”მან ვერ შეამჩნია, როგორ გადაირთო შუქნიშანი...”; ”მისი ტვინი სალონში იყო გასხმული...” და სხვ.

დანამდვილებით არ არის ცნობილი, ეს მითი ჟურნალისტებმა მოიგონეს თუ შოუბიზნესის მესვეურებმა... ან იქნებ ყველაფერი გვიან გამომჟღავნებული სიმართლეა?..

როცა სერ პოლს (თუ კემპბელს, მოკლედ - ვინც უნდა იყოს...) შეკითხვით მიმართეს, მან განაცხადა: ”შოუბიზნესისთვის მნიშვნელობა სულაც არა აქვს, ვინ არის ცოცხალი და ვინ - მკვდარი. უფრო მნიშვნელოვანი - როგორ იყიდება ის”...

ელტონ ჯონი - ”ჩემი მხოლოდ დედას სჯეროდა”

ლორდთა პალატის წევრმა, ”მსოფლიოს სახალხო არტისტმა” ელტონ ერკიულ ჯონმა ყვითელი ფერის განიერი შარვალი გაიხადა. ტუალეტის მაგიდაზე მსუბუქი ღრუბელივით დაეშვა ფლამინგოს ბუმბულის ვარდისფერი შარფი. იქვე დაეცა შლაპაც, რომელიც რაღაცით საშობაო პუდინგს უფრო ჰგავდა და... სერ ელტონ ერკიულ ჯონი გაქრა. ვერცხლით მოვარაყებულ სარკეში გამოისახა რეჯინალდ დუაიტი - მსუქანი რეჯი - როგორც მას თანატოლები ეძახდნენ დაახლოებით 50-ზე მეტი წლის წინ. საყვარელმა გოგონამ მას პინგვინი რეჯი შეარქვა. მამა იდიოტ რეჯით მოიხსენიებდა. აი, დედა კი - სულ სხვა საქმეა. ის მუდამ ოქროს ბიჭუნას ეძახდა და მხოლოდ ის აღმოჩნდა მართალი...

მისი სისხლი და ხორცი - მამა - სტენლი დუაიტი ათლეტური აღნაგობის მოხდენილი მამაკაცი თავს მოტყუებულად თვლიდა. როგორ შეიძლებოდა, რომ მისნაირ მამაკაცს ასეთი მსუქანი, მოუქნელი ბიჭი ჰყოლოდა?!. განა ლომს შეუძლია, ზღვის გოჭი დაბადოს?.. თუმცა რაღაც მემკვიდრეობითი ნიშნები მაინც ჰქონდა. სტენლი სამხედრო მუსიკოსი იყო. რეჯიც უკვე 4 წლის ასაკში მიუჯდა პიანინოს. სტენლისთვის მუსიკა მხოლოდ სამუშაო იყო და სახლში სიწყნარე ესაჭიროებოდა. ვაჟიშვილი კი, თავის მოსულელო დედასთან ერთად, კლავიშებზე უბარტყუნებდა...

ავტობიოგრაფიულ წიგნში ელტონმა ბავშვობაზე დაწერა: ”მამაჩემი ისე ხშირად მიმეორებდა, რომ კაცს უნდა ვგვანებოდი, უბრალოდ აღარ მომინდა კაცად ყოფნა. მას მუსიკა სძულდა, ვერ იტანდა ექსტრავაგანტურ ნივთებს და მკაფიო ფერებს. 

ამიტომაც გავხდი მუსიკოსი და ყველაზე შიზოიდური ჰალსტუხების, სათვალეებისა და პიჯაკების კოლექცია შევაგროვე... ჰოუ, მამილო, როგორ მოგწონს ჩემი ახალი შლაპა?!.”

16 წლისამ თანატოლებთან ერთად, ჯგუფი ჩამოაყალიბა. კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავდა, ისე კი ძალიან უნდოდა ემღერა. მას მაღალი, ოდნავ გაბზარული ხმა ჰქონდა. სულაც არ იყო სხვებზე ნაკლები, მაგრამ გარეგნობა?.. ბლუზის მცოდნენი მას გასაგებ ენაზე უხსნიდნენ: მაგალითად, გამოდიხარ სცენაზე და მღერი - ”მე შენი სიზმრების დარდი ვარ, გამქრალი მთვარის სხივი, ლა-ლა-ლა!” - ყველა ხომ სიცილით დაიხოცება. დაივიწყე, ბიჭო, ეს ყველაფერი!

სად არიან ახლა ეს მრჩევლები? ესწრებიან მის კონცერტებს? ხედავენ, როგორი გარინდებით ელის პუბლიკა მორიგ შლაგერს?..

ოდესღაც რეჯის უყვარდა ერთი გოგონა, რომელიც მას მასხარად იგდებდა. მას ლინდა ერქვა. ერთხელ ბიჭი იქამდე მიიყვანა, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა. გაზი გახსნა და ქურის გვერდით დაწვა. ერთხანს ასე იწვა, თავში კი რაღაც მოტივი უტრიალებდა - ”დასანანი იქნება, თუ მას ვერავინ მოისმენს”, - გაიფიქრა, გაზი გადაკეტა და როიალს მიუჯდა.

ლინდა ვიღაც მეხანძრეს გაჰყვა ცოლად. მოგვიანებით ელტონს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, - ყველაფერი მახსოვსო. ელტონმა მას საჩუქრად სათვალე და საკუთარი ინტიმური მეგობრის (დევიდ ფურნიშის) ფოტო გაუგზავნა...

მხოლოდ დედა იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი სჯეროდა. მან წინასწარმეტყველურად, რეჯის ”ოქროს ბიჭი” შეაქვა.

ელტონის მამული უინძორში ანტიკვარიატითაა გადატენილი. აქვს ძვირფასი ფერწერული ნამუშევრების კოლექცია; ბროლის აუზი წყლის შროშანებით... საკვებს ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული სერვიზიდან შეექცევა, რომელიც ოდესღაც ბურბონებს ეკუთვნოდათ. სძინავს სამუზეუმო ექსპონატზე, უილიამ III-ის აპარტამენტებიდან. ძილის წინ კი აუცილებლად პირად სამლოცველოში შედის და დედას იხსენიებს - ”ღმერთო, არ მოაკლო წყალობა დედაჩემს...”

მოამზადა ირინა ჯანდიერმა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება