უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"

უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"

გია გაჩეჩილაძესთან, იმავე უცნობთან, ინტერვიუ ყველა იმ საკითხზე ჩავწერეთ, რომელიც საზოგადოებას ბოლო წლებია აინტერესებს, თუმცა დაახლოებით სამი წელიწადია, ჩვენი რესპონდენტი პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს. მისი ინტერვიუზე დათანხმება, ბევრი ზარის შემდეგ, მხოლოდ ახლა მოვახერხეთ. გია გაჩეჩილაძემ და ნატო მეტონიძემ 26 ივლისს ლოპოტაზე კონცერტი გამართეს და იქ შეკრებილ საზოგადოებას მონატრებული ჰანგები მოასმენინეს, რამდენიმე ახალი სიმღერაც გააცნეს იმ პროექტიდან, რომელსაც საზოგადოება უცნობის ახალი შოუს სახით იხილავს მაშინ, როდესაც შემსრულებელი შესაბამის, არცთუ მცირე დაფინანსებას მოძებნის... მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს მიეცა "ვაგონი მიქრის" - ახალი ვერსიის მოსმენის საშუალება, სადაც ნატო მეტონიძეც მღერის.

- როგორი იყო ამდენი ხნის შემდეგ ისევ სცენაზე დაბრუნება, თანაც, ნატო მეტონიძესთან ერთად?

- ჩვეულებრივი კონცერტი იყო, სამწლიანი შესვენების შემდეგ კონცერტი ლოპოტის ტბაზე გაიმართა, ძალიან კარგი საზოგადოება ესწრებოდა. ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ჩემი შემოქმედება და გაუხარდათ. ძალიან კარგი განწყობა იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა, რაც ჩემთვის მთავარი იყო. დიდი ხანი ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა ეს კონცერტი. მე ვამზადებ ახალ პროექტს და მინდოდა, რომ ამ პროექტით დავმდგარიყავი პირველად სცენაზე ამდენი ხნის შემდეგ. დიდი თხოვნის შემდეგ ლოპოტაზე კონცერტის გამართვას მაინც დავთანხმდი, ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, რომ უარი ვეღარ ვუთხარი. თუმცა ახალი პროექტი თავის გზას მაინც განაგრძობს და ადრე თუ გვიან შევთავაზებ მაყურებელს.

- იქნებ, გვითხრათ, რომელ ახალ პროექტზეა საუბარი?

- გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პროექტია, თეატრალიზებული შოუ, რომელსაც თავისი სიუჟეტი აქვს. ტექსტები მე დავწერე, არიან მონაწილე გმირები, რომელთაც სიუჟეტის მიხედვით თავიანთი როლები აქვთ. სპექტაკლი აქტუალური იქნება, შესაბამისი დღევანდელ დღესა და მოვლენებთან, რაც ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ და ალბათ, მაყურებელს დააინტერესებს. ამ შოუში იქნება ყველაფერი ის, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის.

- რა არის დღეს საზოგადოებისთვის აქტუალური?

- იმის შეფასება, რაც გავიარეთ და თავს გადაგვხდა. მინდა, ეს გადმოვცე იმ ენაზე, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება და იმ შეგრძნებებით, რაც მე მქონდა, ანუ ჩემი დანახული განვლილი წლები. ის პრობლემები, რის წინაშეც ამ დროის განმავლობაში ვიდექით, ახლაც დარჩენილია და მგონია, რომ ჯერჯერობით ბევრია სამუშაო, ჭეშმარიტებამდე და ბედნიერებამდე რომ მივიდეს საზოგადოება. ბევრი ხელის შემშლელი რამ არის და ამაზეც მექნება საუბარი ახალ შოუში. ჩვენი პრობლემები არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან, მთლიანად საზოგადოების პრობლემაა.

- თქვენ გარდა ვინ იქნება დაკავებული ახალ პროექტში?

- ნატო მეტონიძე, რობი კუხიანიძე და მარი ბოლქვაძე, ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მას ძალიან კარგი ვოკალური შესაძლებლობები აქვს, ზაურ ბოლქვაძის შვილიშვილზე მაქვს საუბარი. რობისა და ნატოზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მათ ყველა იცნობს (იღიმის). შოუს გაკეთება მინდა იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც ახლა შემოდის ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოში.

- როდისთვის აპირებთ მაყურებლისთვის ახალი პროექტის წარდგენას?

- საკმაოდ დიდ ფინანსურ წყაროებს ითხოვს, ტექნიკური უზრუნველყოფა ძვირი ჯდება. საყიდელია ახალ ტექნიკური საშუალებები. როგორც კი ფინანსურ მხარეს გადავწყვეტ, დარჩება მხატვრული მხარე, ანუ უნდა დაიხატოს დაახლოებით 2-საათიანი ანიმაციური პროექტი. საბოლოოდ გამოვა ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეს ჩვენთვისაც სიახლეა, რადგან საქართველოში ამ კუთხით არავის უმუშავია. საუბარი მაქვს გერმანელების მიერ გამოგონილ ახალ სამი დე ფორმატის ეკრანებზე, რომლებიც შეგიძლია დაამონტაჟო სცენაზე და სივრცე ისე გამოიყენო, რომ რაც ეკრანზე ხდება, მაყურებელს სცენაზე მომხდარი ეგონოს. მაგალი-თად, შეგიძლია გარდაცვლილი ადამიანი "გააცოცხლო" და ა.შ. ბევრის საშუალებას იძლევა მსგავსი ტექნოლოგიები. სცენარიც იმდენად საინტერესო და აქტუალურია, მგონია, რომ არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიო მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო გახდება. ეს არ გაკეთდება მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის.

- ვიცი, რომ "ვაგონი მიქრის" თავიდან ჩაწერეთ. რატომ გაგიჩნდათ ახლებურად გადაკეთების სურვილი? რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მცირე წრეში გავრცელდა, რადიოთი არსად მოგვისმენია.

- რადიოებით ეს სიმღერა არ ვრცელდება იმიტომ, რომ ეს სიმღერაც იმ პროექტის ნაწილია, რომელზეც ახლა გელაპარაკებოდით. ახალი "ვაგონი მიქრის" ასევე სავსეა გია ყანჩელის მუსიკით, მელოდიით, რომელსაც ნატო ასრულებს. ლოპოტაზე მთხოვეს ახალი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერის შესრულება და თხოვნა შევასრულე. ჯერჯერობით არ დატრიალდება არც რადიოში და არც ალბომია გამოსული.

- დიდი ხანია, ინტერვიუზე გირეკავთ და ყოველთვის თავაზიანი უარით გვისტუმრებდით. რატომ შეწყვიტეთ პრესასთან ურთიერთობა ბოლო წლებში?

- არაფერი შემიწყვეტია. რასაც ახლა ვაკეთებ, ის გახლავთ, რისი თქმაც მე მინდა. ვფიქრობ, ხელოვანმა ადამიანმა თავისი ხელოვნებითა და შემოქმედებით უნდა თქვას სათქმე-ლი. ტელევიზორში მილიონი ადამიანი გამოდის ყოველდღიურად, რაც მე, სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს. იმდენი ვილაპარაკე ეს წლები, რომ აღარ მსურს, მაყურებელს ყელში ამოვუყვანო ჩემი თავი. ჩემი აზრი დაფიქსირებულია და ყველამ იცის, რა მოსაზრებები მქონდა, იმავე აზრზე ვრჩები ახლაც. მაქვს შენიშვნები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებითაც, ამ შენიშვნებს ზუსტად ჩემი ხელოვნებით ვიტყვი. ადამიანები ერთსა და იმავე ტელევიზიებში ციყვებივით დადიან და იქით გვმოძღვრავენ. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემი იდეებით საზოგადოება ვმოძღვრო. უფრო კარგად გამომივა სცენიდან რაღაცის თქმა. თქვენც იმიტომ გეუბნებოდით უარს და ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ მაქვს პოპულარობის მოხვეჭისა და ყოველდღე გაზეთსა და ჟურნალში გამოჩენის სურვილი. მირჩევნია, სტუდიაში ჩავიკეტო და ამ თუ სხვა პროექტზე ვიმუშაო, რაზეც ვფიქრობ უკვე, სატელევიზიო პროექტს ვგულისხმობ, ვიდრე ტოკშოუებში ვიარო, რომლებიც აღარ დამთავრდა საქართველოში. რაც დღეს ქართულ ტელევიზიასა და მედიაში ხდება, მგონია, ეს გადაღეჭილის მეათასედ გადაღეჭვაა. აქ ახალი არაფერია და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ქართულ არხებს საერთოდ აღარ ვუყურებ - იმდენად მდარე ხარისხის, უგემოვნო, მდაბიო პროდუქციას სთავაზობენ მაყურებელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება