ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"

ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"

ლიზა ბაგრატიონი და ქართველი შემსრულებლები უკრაინული ტურნედან თბილისში დაბრუნდნენ.

კონცერტები იალტის, ალუშტასა და სევასტოპოლის საკონცერტო დარბაზებსა და თეატრებში გაიმართა.

ლიზა ბაგრატიონთან ერთად სცენაზე ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე (ბასი) და "შვიდკაცა" წარდგნენ. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, კონცერტებზე რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდა. სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა.

შესრულდა უკრაინული სიმღერებიც, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა.

ლიზა ბაგრატიონი:

- უკრაინის ტურნეში ქართული კულტურა წარმოვადგენთ, ძალიან მახარებს ეს ერთობლივი მუშაობა და ქართული და უკრაინული კულტურის დაკავშირება. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობა გაღრმავდება, მახარებს ის ფაქტი, რომ ასე სიყვარულით მიგვიღეს. პატარა გოგოსავით ვღელავდი, თითქოს, სცენაზე პირველად გავდიოდი. ყირიმის სიმფონიურ ორკესტრთან სულ სამი რეპეტიცია გვქონდა, მაგრამ პირველივე რეპეტიციიდან მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. სიმღერაში ყველაზე მთავარი გულწრფელობაა და ჩვენ, ვინც ამ სცენაზე ვდგავართ, დიდი სიყვარულით ვმღერით. ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი სიყვარულის განაწილება. მიხარია, რომ შესანიშნავი საღამოები ჩატარდა.

ჩემთან ერთად იყო უნიჭიერესი და გენიალური მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი. ასევე არაჩვეულებრივი და, როგორც მე მას ვუწოდებ, ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალი ნატო მეტონიძე, ბრწყინვალე ანსამბლი "შვიდკაცა", მათ უკრაინული სიმღერებიც შეასრულეს. ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო.

საკონცერტო ტურნეს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი იყო თეონა ჯორბენაძე, რომლის შეფასებით, კონცერტების წარმატება, გარკვეულწილად, ნიკოლოზ რაჭველის დამსახურებაა.

თეო ჯორბენაძე:

- პირველივე აკორდიდან ისეთი ოვაციით დააჯილდოვეს ჩვენი მაესტრო ნიკოლოზი, რომ ყველა მონაწილეს ერთ წამში გადაედო ეს განწყობა. ლიზა ისეთი ლამაზი იყო, რომ დიდძალი აპლოდისმენტები გამოსვლისთანავე, სიმღერის დაწყებამდე მიიღო. კონცერტის შემდეგ კი ავტოგრაფისთვის თეატრის ფოიეში რიგი ჩაუმწკრივდა. ნატო მეტონიძე, დათო შამანაური, ლევან დეისაძე და "შვიდკაცა" რომ გვასახელებდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ყირიმის სიმფონიური ორკესტრის ჩელომ კონცერტის შემდეგ მითხრა - დღევანდელმა საღამომ დამარწმუნა, ასეთი მუსიკის მოსმენის საშუალება რომ მომეცა, ასეთი შესრულებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ დამივიწყაო.

მომღერალ ნატო მეტონიძის შეფასებით, მაყურებელი აპლოდისმენტებსა და სითბოს ყოველი სიმღერის შემდეგ უძღვნიდა ქართველ შემსრულებლებს.

ნატო მეტონიძე:

- დიდი ხანია ასეთი თბილი მაყურებელი არ შემხვედრია. ველოდი ემოციებს, მოწონებასაც, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ სცენაზე გამოსვლა. ძალიან თბილები აღმოჩნდენენ, თითქოს ძალიან დიდი ხანია არ მოუსმენიათ ქართული სიმღერა, მონატრებულები იყვნენ. არაჩვეულებრივ ფორმაშია ლიზა, ძალიან საინტერესო რეპერტუარით. რამდენიმე ახალი სიმღერა დაუმატებიათ და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ხალხის ჩემთვის მოულოდნელად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ რაჭველი:

- ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა პუბლიკა ზის დარბაზში. ჩვენი რეპერტუარი ეს არის მუსიკა, რომელიც ყველაზე მეტად კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას უყვარს. ორკესტრმა, კონცერტამდე გამაფრთხილა - სევასტოპოლში არაჩვეულებრივი მუსიკალური საზოგადოებააო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის დადებითი რეაქციები, რომელიც დარბაზიდან გვიბრუნდებოდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეიგრძნობ იმ ენერგიას, რომელსაც სოლისტებთან და ორკესტრთან ერთად დარბაზში უშვებ და შემდეგ სიყვარულლით უკანვე გიბრუნდება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება