ანი სირაძე: "მე და ანრი კარგად ვუგებთ ერთმანეთს"

ანი სირაძე: "მე და ანრი კარგად ვუგებთ ერთმანეთს"

ანი სირაძის ახალ კლიპს გასულ კვირას მომღერალი და უკვე კლიპმეიკერი ანრი ჯოხაძე იღებდა. გადასაღებ მოედნად ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი შეირჩა, რომლის მთელი ტერიტორია საპატრულო პოლიციამ გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სახანძრო ბრიგადა; იქვე თავი მოეყარა დიდძალ თანამედროვე ტექნიკას, რაც, როგორც მანამდე ანრი ამბობდა, გრანდიოზული გადაღებისთვის სჭირდებოდა.

ადგილზე მისულმა გავარკვიე, რომ კამერები მზის ჩასვლის შემდეგ უნდა ჩართულიყო, - ასეთი ჩანაფიქრი აქვს რეჟისორსო. თავად კლიპმეიკერი კი დიდ ფაციფუცში გახლდათ, ტექნიკას წინასწარ საფუძვლიანად ამოწმებდა, მონაწილეებს ესაუბრებოდა, რომლებსაც ეპიზოდური როლები ჰქონდათ, გარკვეულ რჩევებსა და მითითებებს აძლევდა... წვიმის იმიტაციის შესაქმნელად, მეხანძრეები საჭირო პოზიციას იკავებდნენ, პარკის შესასვლელთან არსებული კოლონებიანი ნაგებობის სახურავზე კიბით ადიოდნენ... გარშემო უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს მოეყარა თავი. მე კი მომღერალი ანი სირაძე დავიმარტოხელე:

- ეს ჩემი მეოთხე ვიდეორგოლი იქნება...

- მგონი, ყველა შენი კლიპის რეჟისორი ანრი ჯოხაძეა, არა?

- ერთის გარდა, ყველა ანრის გადაღებულია. ამჯერად სიმღერა კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს ეკუთვნის და ჰქვია "მხოლოდ სიზმარი". ეს ნამუშევარი სიყვარულზეა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გიას, რომ ამ სიმღერის შესრულების უფლება მომცა. ლექსის ავტორი ლალი სხირტლაძე გახლავთ. ჩავწერეთ სტუდია "უნივერსალში" და არანჟირება ანრიმ გააკეთა. მოკლედ, ვმღერი ძველ მეგობარზე, ძველ შეყვარებულზე, რომელსაც დავშორდი და ამიტომ ჰქვია ამ ნამუშევარს "მხოლოდ სიზმარი" ანუ ყველაფერი სიზმარს ჰგავდა...

- ანრის რატომ მიანდვე ამ კლიპის გადაღება?

- იმიტომ, რომ კარგ კლიპებს იღებს. თავიდან მხოლოდ სიმღერის ჩაწერა გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მერე იმდენად მოგვეწონა, რომ ანრიმ თქვა, - მოდი, კლიპიც გადავიღოთო. - რატომაც არა-მეთქი?!.

- ანრი მუშაობისას მკაცრი და მომთხოვნია?

- მკაცრი არის, მაგრამ მასთან მუშობა მიადვილდება: როდესაც რაღაცას მეუბნება, მოსწონს, რომ მალევე ვიგებ და ვაკეთებ იმას, რასაც მთხოვს. მეც არ მიჭირს მასთან მუშაობა, კარგად მესმის მისი. არასდროს ვკამათობთ. მოკლედ, კარგი რეჟისორია და ყოველთვის არანორმალურად კარგი იდეები აქვს. რასაც აკეთებს, ცდილობს, რომ ყოველთვის ხარისხიანი იყოს. ამიტომაც, ვენდობი.

- ამრიგად, ანრის ყველა პროვოკაციაზე მიდიხარ, არა?

- რაც მომწონს, კი, მაგრამ ისე ხდება, რომ რასაც იტყვის, უმეტესად მომწონს ხოლმე. ჩვენი აზრები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს...

ანის შემდეგ ანრისაც მივადექი:

- ანრი, რეჟისორადაც ჩამოყალიბდი, არა?

- ჰო, ასე ამბობენ (იღიმის)... რატომღაც ბოლო პერიოდში აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ვრეჟისორობ, არადა, ჩემი საკუთარი კლიპებიდან, ორის გარდა, ყველა ჩემივე გადაღებულია.

- ალბათ შენს რეჟისორობას მას მერე მიაქციეს ყურადღება, რაც ბოლო ორი ნამუშევარი ქართული კულტურის მოღვაწეებს, ცნობილ არტისტებს მიუძღვენი...

- ალბათ, ჩემში რეჟისორი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კლიპში ქართველი გენიოსები, დამსახურებული არტისტები გადავიღე. მოკლედ, ვიღაცებმა აღიარეს, რომ როგორც კლიპმეიკერს, კარგი რეჟისორული ხედვა მაქვს. ისე, თვითონაც ვგრძნობ, რომ რაღაცები მართლაც გამომდის.

- ისე, როგორ მოგდის იდეები?

- როდესაც ადამიანი სიკეთის კეთებაზე ფიქრობ, დამიჯერეთ, რომ იოლად მოდის... ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი პიროვნული რესურსი სხვების დასახმარებლად. ეს მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში, რაღაცები რომ "დაიქოქოს". მოკლედ, შოკური თერაპია გვჭირდება და რასაც ვახერხებ, ეს არის...

- კი, მაგრამ ამ კრიზისულ პერიოდში ასეთი ინტენსივობით როგორ ახერხებ მუშაობას?

- ხანდახან ვამაყობ ამით, რადგან როდესაც ქვეყანაში არათუ შოუბიზნესი, არამედ ნებისმიერი სფერო კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაღაცებს ვაკეთებ, რაც დღეს მართლა შემდგარ პროფესიონალ რეჟისორებსაც არ შეუძლიათ. მაგრამ რაც სხვებისგან განმასხვავებს, ეს ჩემი სუპერენთუზიაზმია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარი ენთუზიაზმით შემიძლია, ქვეყნის დასალიერში გამოგყვე, თუ ყველაფერი სასარგებლო და კეთილ საქმეს ეხება. ალბათ ჩემი მუშაობის მიზეზიც ეს არის, ხოლო ის რეჟისორები, რომლებიც მუდმივად "ჯიბეზე იყურებიან", ამიტომაც ვერ კეტავენ გზებს და ვერ აწარმოებენ გრანდიოზულ გადაღებებს.

- დასანანია, რომ შენს შრომას, ნამუშევრებს, გადაღებულ კლიპებს ფული ვერ მოაქვს...

- კი, მაგრამ სამაგიეროდ მოაქვს ანრი ჯოხაძისა და იმ ადამიანების სუპერისტორიები, რომლებთანაც სხვადასხვა პერიოდში ვთანამშრომლობ. ოდესღაც ხომ დალაგდება ეს ქვეყანა?! ჰოდა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა უკან მიიხედავს და გასახსენებელიც არაფერი ექნება. არადა, იმ წლებში, როდესაც შეეძლოთ რაღაცის გაკეთება, იზარმაცეს ან საკუთარ უმოქმედობას სხვადასხვა ხელისუფლებას აბრალებდნენ.

შევთანხმდეთ, რომ შოუბიზნესზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს. რატომ და რაში უნდა დაგეხმაროს?! მისთვის ეს სფერო არათუ საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის პრიორიტეტული.

- კარგი, დღეს რა "ისტორიის" შექმნას აპირებ? შენს დაანონსებულ გრანდიოზულ გადაღებაში რა იგულისხმება?

- ეს არის გია მაჭარაშვილის ძალიან ლამაზი ძველი სიმღერა, რომელიც ანის შევთავაზე. ვუთხარი, - მოგიხდება, შენს სტილშია-მეთქი. გავაკეთეთ არანჟირება. ნამუშევარი გამოვიდა ნოსტალგიურიც და ცოტა თანამედროვეც, რაც მისი ასაკისთვის მნიშვნელოვანია. მღერის იმ თემაზე, რაზეც უნდა მღეროდეს 19-20 წლის გოგო. რაც შეეხება კლიპს: თანამედროვე ესთეტიკაზე იქნება აგებული, რადგანაც დღეს აქ გადაღებისას სხვადასხვანაირ თანამედროვე ტექნოლოგიას გამოვიყენებთ. ვფიქრობ, კლიპიც არაჩვეულებრივი საყურებელი გამოვა. მეგობრები გვეხმარებიან. დღეს აქ წამოვა წვიმა, რომელშიც ივლიან გოგო-ბიჭები, იქროლებს ქარი, რისი დანახვაც კადრში შესაძლებელი იქნება.

ყველაფერს უახლესი მოდელის კამერით გადავიღებთ, რომელიც არაჩვეულებრივ კომბინაციებს აკეთებს. ასეთი გრანდიოზული გადაღება ჯერ არ მქონია, ამას ადასტურებს ამდენი და ასეთი განათება, რაც ახლა აქ არის დაყენებული. მობილიზებულია სახანძრო სამსახური. საერთოდ, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა - სამაშველო სამსახურს, საპატრულო პოლიციას, ქალაქის მერიას, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ ასეთი მასშტაბის გადაღება გაგვეხორციელებინა. ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე, მადლობის მეტი რა მეთქმის?!

- ანიზე რას გვეტყვი?

- ანი როგორც მომღერალი, შემოქმედებითად ძალიან გაზრდილია. გუშინ მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობდით, რომ მის ნამღერში უკვე ინტელექტი იგრძნობა და ეს მის ასაკში უკვე მაგარია!

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება