ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...

ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...

ალბათ საინტერესოა, ისეთ ადამიანს ჰგავდე, ვინც მსოფლიოშია პოპულარული და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად ეშლებათ - ფოტოზე ელენე ჭილაშვილია აღბეჭდილი თუ "ვამპირის დღიურების" პერსონაჟი - ელენა გილბერტი, რომელსაც ნინა დობრევა ასრულებს?.. გადავწყვიტეთ, პოპულარული სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი გოგონას ქართველი "ორეული" მკითხველებისთვის გაგვეცნო...

ელენე ჭილაშვილი:

- ბოლო დროს ნინა დობრევას უფრო მეტი ადამიანი მამსგავსებს. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ "ვამპირის დღიურები" ძალზე პოპულარული გახდა და ეს სერიალი უამრავ ადამიანს უყვარს.

- როცა შენი და ნინა დობრევას მსგავსების შესახებ აღნიშნავენ, ამას კომპლიმენტად იღებ თუ გაღიზიანებს?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა ვარსკვლავს ჰგავხარ.

- "ვამპირის დღიურებს" თვალყურს თუ ადევნებ?

- ბოლო დროს - კი. თავადაც მაინტერესებს - ელენას მართლა ვგავარ თუ არა (იცინის).

- ნინა დობრევა ბევრი თინეიჯერის საყვარელი მსახიობია. ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- სხვათა შორის, ისეთი შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმეს ქუჩაში გავეჩერებინე და ეთქვა: უი, ელენას როგორ ჰგავხარო!.. სოციალურ ქსელში "მთავარ" ფოტოდ ნინა დობრევას ფოტო რომ დავდე, ჩემი სურათი ეგონათ. მწერენ ხოლმე, - ეს შენ ხარ თუ ელენაო?

- ხომ არ ცდილობ, ელენას დაემსგავსო?

- უკვე ვცდილობ, რადგან მისი ჩაცმის სტილი ძალიან მომწონს. სერიალში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი და ელენას როლსაც შევასრულებდი (იცინის). ნინა დობრევა ძალიან კარგად თამაშობს - მისი ყველაფერი მომწონს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ერთი შეხედვით საკუთარ თავს ძალიანაც ვერ ვამსგავსებ. სერიალისა და ფოტოების ნახვისას მსგავსებას უფრო ვპოულობ.

- ელენაზე შეყვარებული 2 მამაკაციდან რომელი უფრო მოგწონს - სტეფანი თუ დეიმონი?

- დეიმონი. სერიალს სისტემატურად არ ვუყურებ, პერსონაჟს კარგად რომ ვიცნობდე, გარეგნობით კი - დეიმონი უფრო სიმპათიურია.

- დეიმონის როლის შემსრულებლის - იან სომელჰარდერისა და ნინა დობრევას რომანის დასრულება თინეიჯერმა ფანებმა რთულად გადაიტანეს...

- ერთმანეთი სინამდვილეშიც უყვარდათ? არ ვიცოდი (იღიმის)...

- ელენე, რას საქმიანობ?

- სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამწყები ფოტომოდელი ვარ, ასევე - ექთანი (სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე). ცეკვა ჩემი ჰობია. პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობაზე ვოცნებობ. დედა თურქეთში მყავს. ის ქართული ცეკვების ქორეოგრაფი გახლავთ, მაგრამ ამჟამად ამ საქმეს არ მისდევს. საქართველოში ნათესავთან ვცხოვრობ. ჩემი მშობლები გაყრილები არიან. მე და ჩემი ძმა დედამ გაგვზარდა. სამწუხაროდ, ძმა ავტოავარიის შედეგად დამეღუპა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა... მამას კი ვეკონტაქტები, მაგრამ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. 3 წელი მეც თურქეთში, საკურორტო ქალაქ დიდიმში ვიცხოვრე. იქაურობა ძალიან მომწონს. თურქულ სკოლაშიც ვსწავლობდი. ასე რომ, თურქული ენა ვიცი. საქართველოში თარჯიმნად სიამოვნებით ვიმუშავებ.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ხარ?

- საერთო ჯამში, 7 თვეა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, თურქეთში გამგზავრება ისევ მომიხდა. უკვე 3 თვეა, რაც დავბრუნდი. აქ ცხოვრებას ვაპირებ.

- ვატყობ, შოუბიზნესში გინდა თავის დამკვიდრება?..

- დიახ, ასეა. ბესო ჩუბინიძის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსში "მის ექსტრავაგანტურობა" გავხდი. ძალიან გამიხარდა...

- სამედიცინო განათლების მიღება ამ სფეროსგან განსხვავებული ინტერესის მქონე გოგონას რამ გადაგაწყვეტინა?

- მინდოდა, დიპლომი მქონოდა (იღიმის)...

უცხოელი ვარსკვლავების სხვა ქართველ ორეულებს საზოგადოება მეტ-ნაკლებად, უკვე იცნობს: მსოფლიო დონის ქართველ საოპერო მომღერალს, იტალიაში მოღვაწე ნინო მაჩაიძეს "ოპერის ანჯელინა ჯოლის" უწოდებენ. ნინოს რჩეული ასევე ოპერის მომღერალი - გვიდო ლოკონსონო გახლავთ. იტალიელი გვიდო ულამაზეს მეუღლეზე არ ეჭვიანობს. ნინოს თქმით, წყვილის ურთიერთობა დიდ ნდობაზეა დამყარებული, მათ ერთმანეთის სჯერათ. გვიდოს ქართველი მეუღლე, ანჯელინა ჯოლისთვის არასოდეს შეუდარებია, თუმცა ნინოს არ აღიზიანებს, როცა კინოვარსკვლავს ამსგავსებენ. მიიჩნევს, რომ ჯოლი ულამაზესი ქალია და მასთან მიმსგავსება მისთვის დიდი კომპლიმენტია...

ანჯელინა ჯოლის ხშირად ამსგავსებენ ასევე მსახიობ ნატალი მაჩიტიძეს. ნატალი საზოგადოების წინაშე პირველად რეალითი შოუში - "მდიდრები და ღარიბები" გამოჩნდა, სადაც გაიმარჯვა კიდეც. შემდეგ გათხოვდა (ცხოვრების მეგზურად, ეჭვიანი მამაკაცი აირჩია) და სიყვარულის გამო, პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვა. მეუღლესთან გაყრის შემდეგ პროფესიული საქმიანობა განაგრძო. შარშან სერიალში - "შუა ქალაქში" პეტოს შეყვარებულის როლი შეასრულა, "პეტო მეორე ადამიანია, ვისაც ტუჩებში ვაკოცე, თუმცა ამას კოცნაც არ ჰქვია - ტუჩი მომადო და გაიქცა", - ღიმილით მითხრა მაშინ ნატალიმ, რომელსაც მიაჩნია, რომ სამსახიობო კარიერის შესაქმნელად რთული გზა აქვს გასავლელი და ბევრ სიბინძურეს აწყდება.

ნატალი პატარა გოგონას - მარიტას დედა გახლავთ და ცდილობს, თითოეული ნაბიჯი გააკონტროლოს: რეჟისორები თამამ სცენებში მონაწილეობასაც სთავაზობენ, მაგრამ მსახიობისგან უარს იღებენ. ნატალის აზრით, საქართველოში ასეთი ტენდენციაა: თუ თამამ სცენებში ითამაშებ, მომავალში სულ ასეთი როლების შესასრულებლად მიგიწვევენ, მას კი ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე - სამოსის გახდაა...

მსოფლიო ვარსკვლავთან მსგავსება არც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ნინო გაჩეჩილაძისთვის (რომელიც "სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კატოს როლის შესრულებით გახდა პოპულარული) არის უსიამოვნო. ნინოსა და ოდრი ჰეპბერნს შორის გარეგნულ მსგავსებას ბევრი აღნიშნავს. ეს მათი ფოტოსურათების შედარების დროსაც თვალნათლივ ჩანს...

მსახიობს, რადიო და ტელეწამყვანს - მირიან (მიკი) ჯეჯელავას "ქართველ ჯუდ ლოუს" უწოდებენ. რამდენიმე ტელეგადაცემაში მხოლოდ იმის გამო მიიწვიეს, რომ ჯუდ ლოუს ჰგავს. ეს სიამოვნებს, თუმცა არ სურს, უსასრულოდ გაგრძელდეს. უცხოეთში გამგზავრება და სამსახიობო კარიერის შექმნა უნდა. ოცნებობს, ფილმში ჯუდ ლოუსთან ერთად ითამაშოს...

რამდენიმე ორეული "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულს - ნინა სუბლატსაც ჰყავს. ნინა ყველაზე მეტად, "ევანესენსის" სოლისტ ემი ლის ჰგავს. მსგავსება განსაკუთრებულად თვალში საცემი იყო, როცა ნინას თმა შავად ჰქონდა შეღებილი...

იხილეთ ფოტოგალერეა

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება