უდავოა, რომ ბოლო წლებში ავღანეთისკენ მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. "დაუმარცხებელი", "სიკვდილის ქვეყანა" - ასე მოიხსენიებენ ამ ქვეყანას...
ახლახან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა სოსო ჩახვაშვილმა, რომელმაც იქ ელჩის სტატუსით 4 წელი დაჰყო. ქართველ დიპლომატს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ.
- თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2009 წლის აპრილში დავინიშნე. საელჩო თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადშია განთავსებული და მისი დიპლომატიური "გავლენა" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაზეც ვრცელდება... სამსახურებრივი პროტოკოლი სამთავრობო სტრუქტურებთან კონტაქტებს ითვალისწინებდა. რამდენჯერმე ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაისაც შევხვედრივარ. ურთიერთობა მქონდა ადგილობრივ მინისტრებთან... მანამდე ავღანეთს დაუსწრებლად ვიცნობდი, მასზე სადიპლომო თემა მქონდა დაწერილი და იქაურობა ჩემს წარმოდგენას დაემთხვა. ქაბულის გარდა, დიდი ქალაქებია: ჯალალაბადი, ყანდაარი, გერატი, მაზარი-შარიფი. ზაფხულში აუტანელი სიცხეა, ზამთარში კი სასტიკად ცივა... გაუსაძლისი პირობების გამო, ავღანური სოფლის მცხოვრებლები მასობრივად გადადიან ქალაქში და ქაბულს აფარებენ თავს, სადაც თავს იმით ირჩენენ, რის საშუალებასაც განათლების დონე აძლევთ: შავ მუშებად მიდიან, ზოგი მშენებლობაზე საქმდება. ვისაც ფინანსური დანაზოგი აქვს, ვაჭრობს... დიდი ქალაქების გარშემო ღარიბ-ღატაკთა უბნებია, სადაც უკიდურეს გაჭირვებასთან ერთად, საშინელი ანტისანიტარიაა გაბატონებული; კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. ამ უბნებში ავღანელები ძირითადად, "ბარაკებში", მიწურებსა და ფიცრებისგან შეჭედილ "სახლებში" ცხოვრობენ. ბოლო დროს ქაბულის მოსახლეობა 4-5 მილიონამდე გაიზარდა. ვიწრო ქუჩებში უამრავი მანქანა მოძრაობს. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ 100 მეტრის გავლას ნახევარ საათზე მეტი მოვანდომე... ქალაქის "გაზრდას", ეკონომიკური პრობლემების გარდა, სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, კერძოდ: იქ ხალხი უფრო დაცულად გრძნობს თავს. საღამოს 6 საათის შემდეგ ყველა ქალაქში სიცოცხლე კვდება...
- რამდენადაა განვითარებული დიპლომატიური სფერო?
- ძალიან განვითარებული იყო და ამ მხრივ ავღანეთს დიდი გამოცდილება აქვს. მცდარია აზრი, თითქოს ავღანელები მხოლოდ თალიბები და ის გაჭირვებული მოსახლეობაა. ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობის დიდი ტრადიცია აქვს. მაგრამ იმ ომების გამო, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებია, მიმდინარეობს, ავღანეთში დიპლომატიის განვითარება, ცხადია, შეფერხდა. როდესაც ხელისუფლებაში თალიბთა რეჟიმი მოვიდა, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ საუდის არაბეთმა და გაერთიანებულმა საამიროებმა შეინარჩუნეს. მაგრამ საერთაშორისო კოალიციის შესვლის შემდეგ, ყველა ძლიერმა სახელმწიფომ ავღანეთში საელჩო გახსნა. რაც შეეხება იმას, თუ რა მოგვცა ავღანეთთან დიპლომატიურმა ურთიერთობამ: გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კუნძულოვან სახელმწიფოებთანაც აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან თუ გვინდა, რომ საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არაღიარების პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს, ყველაზე პატარა სახელმწიფოსთანაც საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობა.
- როგორ გაიხსენებთ ავღანელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობას?
- პრობლემების მიუხედავად, გახსნილი, გულღია ადამიანები არიან. როდესაც გარდამავალი მთავრობის ფორმირება მოხდა, ავღანეთის პრეზიდენტად ჰამიდ ყარზაი აირჩიეს. მას განათლება ჯერ ინდოეთში, შემდეგ ამერიკაში აქვს მიღებული, დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. თალიბებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა, რის გამოც დიდი ტრაგედია გადაიტანა, - თალიბებმა ოჯახის წევრები დაუხოცეს. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა... როდესაც მთავრობის ფორმირება ხდებოდა, ძალიან ბევრი ავღანელი, რომლებიც თალიბანის მმართველობის დროს ქვეყნიდან იყვნენ წასული, სამშობლოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. მათი უმეტესობა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობდა, განათლებაც იქ მიიღო. ზოგს ორმაგი მოქალაქეობაც აქვს. ამერიკელებმა ისინი დააბრუნეს და წამყვან თანამდებობებზე დანიშნეს. დღევანდელ ავღანეთში ნორმალურად არის განვითარებული ტელეკომუნიკაციები. ბოლო დროს ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების საშუალებაც აქვთ. საკმაოდ ჭკვიანები და პატრიოტები არიან. მართალია, დღესაც ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ მცხოვრებთა უმეტესობის აზრით, ერთ დღესაც ავღანეთში მშვიდობა იქნება...
- დღეს კი არაერთ პროვინციაში ელექტროენერგიაც არ არის...
- დიახ, ჯერჯერობით მაინც ძალიან ღარიბი ქვეყანაა. ბევრი რამ განადგურდა. დიდ მასშტაბს აღწევს კორუფცია, რაც ამ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი... ავღანეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რომელიც ბოლომდე არ არის გამოყენებული. მათ აქვთ სპილენძისა და რკინის დიდი მარაგი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები; ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მოხმარებისთვის საკმარისი ბუნებრივი აირია; ეძებენ ნავთობს... იქ დღემდე მოჰყავთ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ახლა ხელისუფლება სხვა რამით მის ჩანაცვლებას ცდილობს: კონკრეტულად, მთავრობამ გლეხობას ხორბლის მოყვანა შესთავაზა. გლეხისთვის ხშირად, მნიშვნელობა არ აქვს, პურს მოიყვანს თუ ნარკოტიკს, - მთავარია, ოჯახი არჩინოს. ნარკოტიკებს უმეტესწილად კუსტარულად, სახლში ამზადებენ. ყაყაჩო ეზოებში, ქვაბებში იხარშება. პირველად, პრიმიტიულად ამზადებენ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას ცდილობენ. "მოსავალი" რამდენიმე მიმართულებით ნაწილდება, მათი უმეტესობა კი, დიდი რისკის მიუხედავად, ირანში შეაქვთ. არაერთხელ მინახავს, "ნარკოტიკის სეზონზე", ნარკოტიკებით დატვირთული, შეიარაღებული თალიბების თანხლებით მოძრავი ტრაილერები ირანისკენ როგორ მიემართებოდნენ... ავღანეთის საზღვარი მძიმე კლიმატური პირობების გამო, სრულად ვერ კონტროლდება, ამიტომ, ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა, მიწათხრილები და სანგრები მოეწყო... ჰეროინის გამოყენებასა და გაყიდვას ისლამი კრძალავს - ეს ალაჰის წინაშე დიდ ცოდვად მიიჩნევა, - მაგრამ მას ადგილობრივებიც მოიხმარენ.
- 2014 წლის ბოლოს ავღანეთიდან ISAF-ის ჯარები გამოდიან. მათთან ერთად იქაურობას დატოვებენ ქართველი სამშვიდობოებიც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავღანეთის ხელისუფლება უკვე დამოუკიდებლად შეძლებს ქვეყნის მართვას, თუ თალიბანის დასამორჩილებლად კოალიციის ჯარებიც ამაოდ იბრძოდნენ?
- შესაძლოა, ISAF -ის შტაბბინაში რამდენიმე მოკავშირე დარჩეს, რომელიც მათ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. რაც შეეხება, შეკითხვის მეორე ნაწილს: 12 წლის განმავლობაში ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. თავიდან ჩამოყალიბდა ავღანეთის შეიარაღებული ძალები (ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 250 ათას კაცს აღწევს), ასევე - შინაგანი ჯარი, რომელიც 150 ათასს აღწევს. ამგვარად, ჯამში 400 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც მთავრობის მხარეს იბრძვის და თალიბანი მათ რეალურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან ცუდი შეიარაღება აქვს. მას მხოლოდ ტერაქტების მოწყობა და პარტიზანული ომის წარმართვა შეუძლია. 2014 წლის ბოლოსთვის, როდესაც კოალიციის ჯარები გავლენ, ავღანეთის ხელისუფლებას ქვეყნის სრული კონტროლი შეეძლება. თუმცა მაინც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ავღანეთში ორი ამერიკული ბაზა დარჩება: ერთი იქნება ჩრილოეთ ავღანეთში, მეორე - სამხრეთში... ვითარება კვლავაც რთულია. არსებობს რეგიონები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. თუ გლეხმა - ფელახმა იცის, რომ მას მთავრობა იცავს, თალიბანის არ ეშინია, მაგრამ იქ, სადაც ხელისუფლება არ არის, მოსახლეობა იძულებულია, თალიბანთან ითანამშრომლოს. ყველა პროვინციაში ხელისუფლების მყარად დამკვიდრებას ალბათ დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. თუმცა სრულ მშვიდობამდე ჯერ კიდევ შორია: რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ტერორისტული აქტები გაგრძელდება. ერთ ამბავს გავიხსენებ: ქაბულის ცენტრალურ რაიონში მანქანით შემოვარდა 13 თალიბისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე საელჩოზე მიიტანა იერიში. ნაღმმტყორცნებიდან ესროდნენ საელჩოების შენობებსა და პრეზიდენტის სასახლეს. შეტაკება სამთავრობო ძალებთან 3 დღეს გაგრძელდა. ტერორისტების ლიკვიდაცია მხოლოდ მესამე დღეს მოახერხეს, მაგრამ მას ავღანეთის უშიშროების ძალების 16 თანამშრომელი ემსხვერპლა... საერთოდ, თალიბები გაზაფხულზე აქტიურდებიან, რასაც კლიმატური პირობები უწყობს ხელს: ზამთარში საშინელი ყინვაა და შედარებით სიმშვიდეა, ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება: მეჩეთები მლოცველებს იღებს, ბაზარი, ბანკები, რესტორნები მუშაობს...
- როგორია ავღანელების დამოკიდებულება ქართველი სამშვიდობოების მიმართ?
- საოცრად კარგი. უამრავი კარგი რამ მსმენია ავღანეთის ხელმძღვანელობისგან ჩვენი სამშვიდობოების შესახებ. შარშან დეკემბერში ქაბულში ვიყავი ჩასული თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, პრეზიდენტ ყარზაისა და თავდაცვის მინისტრს შევხვდით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრამ მოგვიწია ISAF -ის მთავარსარდალთან, ამერიკელ გენერალ ჯონ ალენთანაც. როდესაც ქართველ სამხედროებზე საუბრობდა, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან ჩვენს ბიჭებს პრინციპული, პროფესიონალი და თავმდაბალი უწოდა. ამიტომ კატეგორიულად უარვყოფ იმ "იგავ-არაკებს", თითქოს ისინი ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ბატონები, ისე ექცევიან... წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ავღანეთში დისლოცირებული სამშვიდობო კონტინგენტის მეომრებთან. 2009-11 წლებში იქ მხოლოდ 176 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლებიც ფრანგების სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. ვიცი ადგილობრივების დამოკიდებულება მათ მიმართაც და დარწმუნებული ვარ, ტრაგედია, რომელიც ბოლოს ჰილმენდის პროვინციაში მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ იყო იმით გამოწვეული, რომ თალიბებმა მაინცდამაინც ქართველები ამოიღეს მიზანში: მათთვის ნებისმიერი უცხოელი - მტერია.
- "ჯიჰადის" გამოცხადების შესახებ კლიპის გავრცელებამ ჩვენს საზოგადოებაში შიში აღძრა. თქვენი აზრით, მიმართვა თალიბებს ეკუთვნოდა?
- ამაზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს. ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, თუმცა უკვე აღინიშნა, რომ ეს ვიდეო საქართველოში აიტვირთა... კარგად ვფლობ ავღანურ ენას, ვსაუბრობ დარისა და პუშტუზე (სახელმწიფოში ორივე ენაზე საუბრობენ); იქ მუშაობის განმავლობაში უამრავ ავღანელთან მქონია ურთიერთობა, მათ შორის იმათთან, ვინც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობენ და მუშაობენ. მიმართვა მოვისმინე და შემიძლია ვთქვა: ტექსტის წამკითხავის დიქცია და სხვა ნიშნები ბევრ ეჭვს ბადებს...
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)