ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"

ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"

"მორიელი ქალი "ჯადოქარია". მეექვსე გრძნობის წყალობით, გულის სწორს დანახვისთანავე ცნობს. მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, კისრისტეხით არასოდეს გაიქცევა, შეყვარებულს რომ კისერზე ჩამოეკიდოს. მას მტერი და მოყვარე პატივისცემით ეპყრობა. არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ეკა ნიჟარაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ეკა, სანამ შენი ზოდიაქოს ნიშანზე ვილაპარაკებთ, მინდა, შვილიშვილზე - პატარა თინათინზე გკითხო: როგორი გოგოა?

- თინათინის დაბადებას დავესწარი. გადავიღე, როგორ მოევლინა ქვეყანას. კარგი ზნის ბავშვია, სულ იცინის, ბუნებრივ კვებაზეა. 6 თვის არის და უკვე ემოციებს გამოხატავს. ყველას გვაგიჟებს, ძალიან საყვარელი გოგონაა.

- ტასომ დედის ამპლუა როგორ მოირგო?

- მე "გიჟ დედად" ვითვლებოდი, ტასო ჩემზე მეტად ყურადღებიანი და "გიჟი დედაა".

- შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- არა. ამჟამად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

- არც პირად ცხოვრებაში?

- არა, პირად ცხოვრებაშიც სრული სიმშვიდეა.

- ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს და ბევრი დამთხვევაც აღმომიჩენია. პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე, რას მირჩევენ ვარსკვლავები. დაბადების თარიღში ძალიან ბევრი "ერთიანი" მაქვს და მაინტერესებს, ასტროლოგს ვკითხო, რას ნიშნავს ეს?

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობს".

- ეს ძალიან ბევრს უთქვამს და თავადაც ვგრძნობ: ხშირად მარიდებენ თვალს.

- "მას შეუძლია, იყოს ძლიერი, ულმობელი, სასტიკი და საშიში. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებუილი.

- "ულმობელი" და "სასტიკი" ცოტათი მძიმე მოსასმენია. ძლიერი ვარ. საშიში ვარ თუ - არა? არ ვიცი. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. მოთმინების უნარი მაქვს, თავად მიკვირს, ამდენი რით შემიძლია, მოვითმინო. ეს კარგი თვისება არ არის. ჯობს, პატარა წყენაზეც რეაგირებდე, ვიდრე დაგიგროვდეს და მერე ადამიანი საერთოდ დაკარგო.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- მართალია, არც დიდ სიხარულს გამოვხატავ და არც - მწუხარებას.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და პირდაპირ გეტყვით".

- ადამიანების შეფასებისას ყოველთვის გულწრფელი ვარ. თბილისში ძალიან შემოვიდა მოდაში "რა ლამაზი ხაარ", "მიყვარხაარ". ასეთ სიტყვებში, ქცევაში ხშირად - სიყალბეა. ქათინაურს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობ, როცა სიტყვები გულიდან მოდის.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- მოყვარე ვიცი და ჩემი მტრები ჯერ არ დამითვლია. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვჩნდი, გავოცდი: არ მეგონა, ჩემდამი უარყოფითად განწყობილი ამდენი ადამიანი თუ არსებობდა. 40 წელი ისე ვიცხოვრე, ეს არასდროს მიგრძნია. "როგორი ბებერია", "რაღა დროს მაგისი ცეკვაა", "ეგ რომ დარჩეს და რუსკა გავარდეს, მერე ნახოს, რას ვუზამთ"... იმდენ ამაზრზენ რამეს წერდნენ, რომელი ერთი გავიხსენო?!

- ბრაზდებოდი?

- არა. უკვე ვიცი, რაზე უნდა გავბრაზდე და რაზე - არა. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ხალხის დახმარებითა და ჩემი დიდი შრომით მოვხვდი სამეულში.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- არც სხვას ვგესლავ და არც საკუთარ თავს. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანს შევეპასუხო. კამათი და კონფლიქტი არ მიყვარს. თუ შევეკამათები, ადგილზე "მოვსვამ", მერე თავად ვნერვიულობ, გული რომ ვატკინე.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- უმადურებისგან ღმერთმა დამიფაროს! უმნიშვნელო სიკეთეც კი მამახსოვრდება; შემდგომში იმავე ადამიანისგან წყენაც რომ მქონდეს, მაინც სიკეთე მემახსოვრება.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ისეთ დარტმას აყენებს, მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- ჯერჯერობით ეს არ დამჭირვებია. დაჯდე და იფიქრო, მტერს სამაგიერო როგორ გადაუხადო?.. (პაუზის შემდეგ) ეს სიმდაბლეა.

- შენს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაბადების შემდეგ, ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ გარდაცვლილა?

- არა. ჩემი ძმა, ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, სამივე შემთხვევაში ოჯახის ახლობლები გარდაიცვალნენ. ტასოს თინათინი რომ შეეძინა, ჩემი დიდი ბებია გარდაიცვალა. ეს ბუნების კანონზომიერება მგონია.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- არაპრაქტიკული (იცინის).

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- მართლა? რა კარგია! არ ვიცი, უძლეველი ვარ?

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია".

- დათრგუნვილი ვიყავი აგვისტოს ომის დროს. ტრაგედიები მაგიჟებს. წვრილმანი პრობლემების, უფულობის გამო დეპრესიაში არასდროს ჩავვარდები.

- "ძალიან მგრძნობიარე არსებაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული".

- ჩემი მოთხოვნა არასდროს ყოფილა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება. კომფორტი თუ მექნება, კარგია, თუ არა და, არც ამაზე ვინერვიულებ. ზღვაზე ბევრი წელია დავდივარ, მაგრამ არა - გონიოში, კვარიათში ან ბათუმში; დასასვენებლად ვირჩევ ერთ პატარა სოფელ ბუკნარს. როცა იქ სიარული დავიწყე, მგონი, ამ სოფლის არსებობა ბევრმა არც კი იცოდა. ბუკნარი სიმშვიდითა და სილამაზით მხიბლავს. დღემდე არ ვღალატობ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- რა თქმა უნდა. სხვისი მოსმენის უნარი მაქვს, მაგრამ ბოლოს მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა. შეცდომებსაც საკუთარ თავს ვაბრალებ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ყოყმანი მახასიათებს.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- სრული ჭეშმარიტებაა. ბევრი მეგობარი მყავს - ბავშვობის, ინსტიტუტის დროინდელი, შემდეგ შეძენილი... ჩემი მეგობრები ერთმანეთთან მეგობრობენ. პონტის გამო არსად დავდივარ, მაგრამ კარგ წრეში გართობას რა სჯობს?! ამ ბოლოს ქალაქში ძალიან ბევრ ვინმეს ვერ ვცნობ. მგონი, დავბერდი.

- "მორიელი შესაძლოა, ზოგჯერ უხეშიც გეჩვენოთ".

- ხშირად მეუბნებიან, - უხეში მეგონე და სულ სხვანაირი ყოფილხარო.

- "მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს".

- მამაკაცობა არ მსურს, მაგრამ იძულებული ვარ, მამაკაცური საქმეები ვაკეთო. ოჯახში მყავს ბიჭები, მაგრამ მე უნდა გადავდგა, ამოვზიდო, მივაჭედო...

- "კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, შეყვარებულს კისერზე რომ ჩამოეკიდოს".

- დიდი ხანია, კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ. როცა შეყვარებული ვიყავი, იმ ადამიანთან გრძნობას გამოვხატავდი. მამაკაცთან ურთიერთობისას პირველი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს, არ მიაქტიურია.

- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- ეს ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა ინსტიტუტში ნიკო გომელაური დავინახე. ამ ბოლო დროს ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ვცნობ, ვერძებსა და კირჩხიბებს - ყველაზე ადვილად. ნიკოც კირჩხიბი იყო.

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ - უჩვეულოდ ვნებიანი".

- იმიტომ, რომ ემოციებს ვერ გამოვხატავ.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- ძალიან ბევრი ადამიანის საიდუმლო ვიცი. ხშირად მიფიქრია, ამ ამბებს რატომ მიყვებიან-მეთქი?.. მინდა, ბევრი რამ არ ვიცოდე... გამორიცხულია, ის ამბები ოდესმე სადმე ვთქვა.

- შენი საიდუმლოებებიც ბევრმა ადამიანმა იცის?

- არა, ძალიან ცოტამ იცის და მათაც დიდი ხნის შემდეგ ვუყვები.

- "ის ხან თეთრს თეთრზე აწებებს და ხან უაზროდ ფლანგავს".

- ფულს ვერ ვინახავ. არ გეგონოს, შოპინგებზე დავდივარ. ოჯახი, საკვები, გასადახადები...

- "ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- მართალია. ვერ ვიტან, როცა ვინმეს რამეში ეჯიბრებიან.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც - მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- თავდაცვის მიზნითაც კი არ ვცრუობ. არ მიყვარს, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ და ასე თავად არასდროს ვიქცევი.

- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- გააჩნია, ვისთან ურთიერთობ. შვილებთან, როცა საჭიროა, მკაცრი ვარ, მაგრამ ამავე დროს, ვმეგობრობთ.

- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან".

- ზედმეტად გულუბრყვილო ვარ. ვერ წარმომიდგენია, ადამიანებს ტყუილის თქმა, ბოროტება რაში სჭირდებათ?

- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".

- ასტროლოგებს არ სცოდნიათ, რომ მიყვარს, როცა დღესასწაულებზე მეპატიჟებიან. საზღვარგარეთ ყოფნისას საჩუქრების შერჩევაზე ბევრს ვწვალობ; მართალია, ეს ცოტათი დამღლელია, მაგრამ ამავე დროს - სასიამოვნოც.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება