რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას

რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას

"პირველი ებრაელები საქართველოში" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღებაც ახლახან დასრულდა. ფილმი ებრაელი მამისა და შვილის ამბავს მოგვითხრობს. ისინი 40 წელი ეძებდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ, საქართველოში შეხვდნენ.

შვილის როლი ზურაბ ცინცქილაძეს, მამის კი - ნუგზარ შარიას ერგო. როგორც აღმოჩნდა, ფილმის სიუჟეტი ორი მსახიობის ურთიერთობასთანაც ავლებს პარალელს...

ზურაბ ცინცქილაძე:

- "პირველი ებრაელები საქართველოში" დოკუმენტურ-მხატვრული ფილმია. სათაურითაც ადვილი მისახვედრია, რომ მასში პირველი ებრაელების საქართველოში შემოსვლის ისტორიაა ასახული. მისი რეჟისორი დავით ბოთერაშვილი გახლავთ. ის ებრაელია, საქართველოში, ბათუმში ცხოვრობდა. უკვე 40 წელია, ისრაელში მოღვაწეობს, ქართველებისა და ებრაელების თემაზე მუშაობს - პერიოდულად იღებს ჩანახატებს. ფილმის მიხედვით, ებრაელი მამა და შვილი 40 წელი ეძებდნენ ერთმანეთს, 4 ათეული წლის შემდეგ კი საქართველოში შეხვდნენ. ეს სურათი თითქოს ჩემი და ნუგზარის, როგორც მსახიობების, შეხვედრასაც წარმოადგინეს. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნუგზარ შარია ახალგაზრდებისთვის თავისუფლების სიმბოლო იყო. მაშინ მან საბჭოთა კავშირი დატოვა, რა ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. მონატრებული ვიყავი მასთან შეხვედრას. და აი, ათეული წლების შემდეგ მე და ის მამად და შვილად, თეთრი წვერით შევხვდით ერთმანეთს... მე თუ მკითხავთ, მამა-შვილის ძებნა ზოგადსაკაცობრიო თემაა, მაშინაც უნდა ვეძებოთ მამაში მამა და შვილში - შვილი, როცა ერთმანეთის გვერდით ვართ... ჩვენს დროში პირიქითაა: შვილი ცდილობს, მამას მოშორდეს, ეს არასწორია... სცენის გადაღების დროს ცრემლებამდეც კი მივედით. ეს ტირილი აბსოლუტურად გულწრფელი იყო. გაცნობისა და შეხვედრის სცენა იმდენად ემოციური გახლდათ, რომ გარშემო მყოფების აღტყინებული შეძახილები გვესმოდა... სხვათა შორის, ისრაელიდან ჩამოტანილი ყველა ახალ-ახალი კოსტიუმი, რომელიც ფილმის გადაღებისას გვეცვა, ბატონმა დავითმა საჩუქრად დაგვიტოვა.

- ფილმის გადაღებები სად მიმდინარეობდა?

- მცხეთაში, ბებრისციხის ძირში. ძალიან საინტერესო ადგილია ისტორიული მასალის გადასაღებად. მამა-შვილი მცხეთაში შეხვდა ერთმანეთს. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, პირველი ებრაელები მცხეთას მობრძანდნენ და დასახლდნენ. ქრისტეს კვართიც აქ ჩამოიტანა სიდონიამ. ჩვენი ქვეყანა ადრექრისტიანული თუ ქრისტიანული კულტურის ცენტრია, სადაც სულ მუდამ მოისწრაფვის მტერიც და მოყვარეც. ვუსურვებდი საქართველოს, მათ შორის უფრო მეტი მოყვარე ყოფილიყოს და მტრად თუ მოყვრად მოსულის შეცნობა შევძლოთ... გადაღებებზე გატარებულმა რამდენიმე დღემ რაღაც ძირეულად შეცვალა ჩემში, როგორც ქართველში და როგორც მსახიობში... ბატონმა დავითმა ბრძანა, - ამ ფილმის ჩვენებას წმინდა მიწაზე მოვაწყობთო. მე იქ აუცილებლად წავიღებ თქვენს ჟურნალს და ხმამაღლა წავიკითხავ, იქნებ იქ ჩასულს ეს სიტყვები აღარ მახსოვდეს (იცინის)?!. ვიტყვი, რომ ასეთი ემოცია აღმიძრა თქვენთან საუბარმა და დიდი მადლობა ამისთვის!.. იცით, გადაღებისას, ბატონმა დავითმა ასეთი რამ გვითხრა: ისრაელში მცხოვრები ქართველები უფრო ქართულად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოშიო. ვერ გეტყვით, ზუსტად რა იგულისხმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ და არ გვეძვირფასება სამშობლო. დავუბრუნდეთ ფესვებს, შევიცნოთ ჩვენი ეროვნება, ენა, გადავდგათ ნაბიჯი უკან, რომ წინ უფრო შორს გავიხედოთ... როგორც ილია ამბობდა, ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს, სულდგმაა ისტორია, იგია საგანძე, სადაც ერი პოულობს სულის ღონესო...

- პათეტიკურად საუბრობთ...

- იცით, 4 შვილიშვილი მყავს, ორი - მეგრელი და ორი - გურული. მინდა, გურულებმა შეირთონ კახელი და სვანი, მეგრელებმა კი - მესხი და მთიული და ჩვენ ვიქნებით მთელი საქართველო (იცინის). ჩემი ორი ქალიშვილი შემთხვევით არ გავატანე ერთი - მეგრელს, მეორე კი - გურულს იმ პირობით, რომ ისინი თავიანთ შვილებსაც ამ პრინციპით დააოჯახებენ...

- ბატონო ზურაბ, ამჟამად ისვენებთ სადმე?

- ბათუმში ვარ, ფილმს ვიღებთ ბავშვების მონაწილეობით. არაჩვეულებრივ სახლში ვიმყოფებით, რომელიც პავილიონს ჩამოჰგავს და თუ არ გამაგდეს, წასვლას არ ვაპირებ (იცინის). თბილისში ორი ფილმი უკვე შევქმენით: "გვენატრები, უტა!" და "მცხეთა". ფილმს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ჯერჯერობით პირობითი სახელი აქვს - "ანდრიას გზა". საერთოდ, ჩემი ლოზუნგია: "ვისწავლოთ ბავშვებისგან". თუ უფროსები ბავშვებს ყურს დავუგდებთ, მათგან ბევრ რამეს ვისწავლით, - ისინი ხომ გულწრფელნი არიან სიყვარულშიც, სიძულვილსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაშიც. ჩვენ კი, დამეთანხმებით, ეს ძალიან გვაკლია. ერთ მაგალითს გეტყვით: ბავშვი ტალახში რომ იწყებს თამაშს, რას ეუბნებით?.. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატუქსოთ - ეს სცენა, პირდაპირი გაგებით, ღმერთის მიბაძვაა, - როცა ის ადამს ქმნიდა. ამის დაშლა ბავშვისთვის ღვთისკენ მიმავალი გზის მოშლასა და სხვა მიმართულების მიცემას ნიშნავს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება