ნუკი კოშკელიშვილი - "ალბათ ამას მხოლოდ ქალები გამიგებენ"

ნუკი კოშკელიშვილი - "ალბათ ამას მხოლოდ ქალები გამიგებენ"

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამბობს, რომ იძულებითი შემოქმედებითი ტაიმ-აუტი მალე სრულდება. სახლში ჯდომა ყელში ამოუვიდა. მზად არის, იმაზე ასჯერ მეტი იშრომოს, ვიდრე დღემდე მუშაობდა. მალე მას მაყურებელი ახალ გადაცემაში იხილავს: "კომედი არხზე" წავიყვან გადაცემას, რომელიც იქნება ძალიან სახალისო, ენერგიული და ახალგაზრდული. შეთავაზება არხის ხელმძღვანელობისგან მივიღე".

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. გადაცემის წამყვანობაზეც ვოცნებობდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გულწრფელი ვარ.

- ჩემი ეს თვისება არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ადამიანებს ყველაფერს იოლად ვპატიობ. ეს ძალიან ცუდია. წყენის გულში ჩახვევა არ ვიცი. ყველას უჭირს ამის დაჯერება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედაჩემს. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვცხოვრობ და ყველაფერი კარგადაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...მოწყენილი ვარ. მარტოობა არ მიყვარს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ. თან გულის სიღრმეში მიხარია, ვგიჟდები, მაგრამ ვერ ვიგებ, შევიფერო თუ - არა.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია....

- ...ისევ ჩემს თავს. როცა სადმე მაგვიანდება, დამნაშავე ხომ მე ვარ? ჰოდა, საკუთარ თავზე ვბრაზობ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ბალერინა. ეს სურვილი პატარაობიდანვე მქონდა, მაგრამ მითხრეს, ისეთი აღნაგობა გაქვს, შენგან ბალერინა არასდროს დადგებაო.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- მაღიზიანებს...

- ...პირფერობა.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...ვგრძნობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ის, რაც ვარ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სახლის კარგად დალაგება.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ჭკუას ვსწავლობ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მარილი თუ დამეპნევა, ზემოდან შაქარს ვაყრი და მერე მარცხენა მხრიდან ზურგს უკან ვყრი.

- ძალიან მჯერა...

- ...მეგობრობის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მეღიმება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ....ოჯახში მომხდარ ამბებზე.

- სიყვარული ეს...

- ...აბსოლუტური სიგიჟეა. როცა დილას იღვიძებ და ხვდები, რომ რეალობა შენს ოცნებაზე უკეთესია.

- შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში სხვა სიყვარული...

- ...ჯერ არ მოსულა. იმედი მაქვს და მჯერა, გასაგიჟებელი სიყვარული სადღაც არის და მელოდება. ისეთი, თავგზას რომ ამიბნევს და მოსვენებას დამაკარგვინებს.

- ვოცნებობ...

- ..."ოსკარზე", იმაზე, რომ ყველანი კარგად ვიყოთ. ვოცნებობ ბედნიერებაზე და მჯერა, რომ ბედნიერი ვიქნები. ძალიან დიდი ოპტიმისტი ვარ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ყველაფერზე ვტირი. გული ადვილად მიჩუყდება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ვერ ვიტან, როცა ვიღაც ჩემზე გაბრაზებულია. მირჩევნია, მეჩხუბოს. ვცოფდები, როცა არ მეუბნებიან და ისე ბრაზდებიან. შემიძლია, ყველაფერი დავთმო, ოღონდაც ვინმე ჩემზე გაბრაზებული არ იყოს. შენ რომ ჩემგან რამე გეწყინოს და ეს გავიგო, ვერ მოვისვენებ, სანამ არ მოვალ და არ გნახავ. ბოდიშს იმ შემთხვევაშიც კი ვიხდი, როცა დამნაშავე არ ვარ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს პატარა დას.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ყოველთვის მივდივარ. გამიგონია, ვინც არ რისკავს, შამპანურს ვერ სვამსო, მე კი ეს სასმელი ძალიან მიყვარს. არასდროს ვნანობ რისკის შედეგს. არჩევანში შეცდომა ბევრჯერ დამიშვია, მომხდარა პირიქითაც, მაგრამ ვთვლი, რომ არც ერთი შეცდომა არ დამიშვია: მე ხომ იმ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გაკვეთილი იყო.

- ვეპრანჭები...

- ...ცხოვრებას. ყველას და ყველაფერს ვეპრანჭები. ამას ალბათ მხოლოდ ქალები გამიგებენ.

- მეშინია...

- ...ერთი რაღაცის. ისე ძალიან მეშინია, ვერ ვამბობ, იმის შიშიც მაქვს, რომ ვიღაც გაიგებს, რომ მეშინია და... არა, არა, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი. ეს რაღაც არაამქვეყნიურია; ცოცხალი არსებაა... გთხოვ, შემდეგ წინადადებაზე გადავიდეთ.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...მადლობა უფალს, რომ მძაფრი, დიდი ტკივილი ჯერჯერობით არ მქონია.

- არ მჩვევია....

- ...ადამიანების ზურგს უკან ლაპარაკი. მირჩევნია, სიმართლე პირდაპირ, დაუფარავად ვუთხრა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რაღაცებს აჭარბებ, ამბების მოყოლისას ამეტებო. მე ასე არ ვფიქრობ.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...კარგი მეგობარი ვარ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ყველაფერი შემიძლია.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვერავინ ვერაფერს მაიძულებს, თუ იმის გაკეთება თავად არ მაქვს გადაწყვეტილი.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...შეიძლება, ვინმეს რამე აიძულო. იმ საქმის გაკეთება მცირე დოზით, თავად მასაც თუ არ უნდა.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ.

- არ მეგონა, თუ...

- ...აღარაფერი მაკვირვებს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...მეგობარს, ახლობელს და საერთოდ, ვერავის ვერ ვუღალატებ, აზრს ვერ შევიცვლი. მირჩევნია, ვიყო უმცირესობაში და მქონდეს ჩემი აზრი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ყველას დავეხმარებოდი. ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ..არ მინდა თავიდან დაწყება, გადასარევად ვარ. იმავენაირად ვიცხოვრებდი, იმავე შეცდომებს დავუშვებდი. ასეთია ჩემი ბედი და რატომ უნდა შევცვალო?!. ამას რომ წაიკითხავენ, შეიძლება, ვინმემ თქვას, ამას ყველაფერი აქვს და ასე იმიტომ ამბობსო. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ვუფრთხილდები იმას, რაც მაქვს. ვირგებ ამ ბედნიერებას.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში მეუბნებოდნენ, იყავი ღირსეული, გქონდეს შენი სიმართლე, მაგრამ ნურავისთან დაიწყებ ამის დამტკიცებას. მთავარია, შენს თავთან იყო მართალიო.

- როცა ჩემზე ჭორაობენ...

- ...ჩემზე რაღაც ცუდი ჭორი არც გამიგონია, არც ყვითელ პრესაში დაუწერიათ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჭორებზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ, განიცდიან... მინდა, მათ ვუთხრა: ნუ ნერვიულობთ!

- როცა უსამართლოდ მექცევიან...

- ...ამასაც ნაკლებად ვდარდობ. გავა დრო, უსამართლობა ისევ მას მოეკითხება და უკან დაუბრუნდება.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ყოველდღიურობით.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა შენ, რომ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერე. მადლობა ჩემს მაყურებლებს და ყველაზე დიდი მადლობა - ბავშვებს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება