მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა

მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა

"მუსიკისადმი ჩემი სიყვარული ყოველწლიურად მატულობდა. მხოლოდ მუსიკაზე ვფიქრობდი. სკოლის ნიშნები სრულებით არ მადარდებდა..." - იხსენებდა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავად ქცეული მონსერატ კაბალიე, რომელსაც დუხჭირი ბავშვობა და რთული ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი.

მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე-ი-ფოლკი ბარსელონის ღარიბულ კვარტალში 1933 წელს დაიბადა. მამამისი ქიმიური სასუქების საწარმოში მუშაობდა, დედას, სადაც მოუწევდა, იქ გამოიმუშავებდა ოჯახის სარჩენს. ძმის დაბადებისა და მამის ავადმყოფობის შემდეგ ოჯახი უფრო გაღარიბდა. მომღერალი იხსენებს, რომ სიღარიბის ძალიან რცხვენოდა. სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა, ყველას გაურბოდა. არც ისინი ექცეოდნენ კარგად. "გაკვეთილებზე სულ ერთი და იმავე კაბით დავდიოდი. ბავშვები კი დაუნდობლები არიან იმის მიმართ, ვისაც აითვალწუნებენ. ისინი დამცინოდნენ და შეუძლებელი იყო, ამას ჩემზე არ ემოქმედა".

გოგონასთვის ერთადერთი ნუგეში თეატრში სიარული იყო. უზარმაზარ რიგში ხანგრძლივი დგომის შედეგად მოპოვებული იაფფასიანი ბილეთით ის თეატრის მეხუთე იარუსიდან გაფაციცებული უსმენდა ორკესტრსა და მომღერლებს.

"პირველი ოპერა, რომელიც მოვისმინე, "მადამ ბატერფლაი" იყო, - იხსენებდა წლების შემდეგ მომღერალი. - მახსოვს, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. შეიძლება ითქვას, ცრემლებით ვიხრჩობოდი ოპერის მთავარ გმირთა ბედის გამო და მთელი ღამე დიდი პუჩინის მუსიკაზე ვფიქრობდი. მომდევნო დღეებში სხვაზე აღარაფერზე შემეძლო ლაპარაკი".

8 წლის გოგონამ ამ ოპერის პარტია ფირფიტის მეშვეობით შეისწავლა და შობა დღეს, საკუთარ ოჯახში იმღერა. მუსიკალური განათლების მიღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან ავადმყოფობის გამო მამამ სამსახური მიატოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კაბალიეს, ისევე, როგორც მის მრავალ თანატოლს, საფეიქრო ქარხანაში წასვლა მოუხდა.

"ნეტავ იცოდეთ, რამდენი ცხვირსახოცი გამიკეთებია!" - იგონებს ის.

უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი მონსერატს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს და დედასაც ხშირად ამხნევებდა: "მოითმინე, დადგება დღე, როცა სახელგანთქმული გავხდები. მაშინ ყველაფერი გვექნება!"

როგორც თავად არაერთხელ აღუნიშნავს, მისი მფარველი თვით წმინდა ქალწული მარიამია და ამიტომ საოცრებაც მოხდა: გოგონას, რომელიც დღესასწაულებზე ადგილობრივ მცხოვრებთა წინაშე ხალხური სიმღერებითა და საოპერო არიებით გამოდიოდა, ბარსელონაში ცნობილმა მეცენატმა - ბელრან მატას ოჯახმა მიაქცია ყურადღება. ახალგაზრდა სინიორიტას ნიჭიერებაში ბოლომდე დასარწმუნებლად, ცოლ-ქმარმა მას დამატებითი მოსმენები გაუმართა. 12-კაციანი კომისიის წინაშე გამოსვლამ კაბალიეს მომავალი ბედი გადაწყვიტა.

დებიუტიდან, რომელიც 1956 წელს შედგა (ბაზელის თეატრში, ოპერა "ბოჰემაში", მიმის პარტია) - მსოფლიოს აღიარებამდე ხანგრძლივი 9 წელი გავიდა. 1965 წელს კაბალიეს შესთავაზეს, შეეცვალა ამერიკელი საოპერო დივა - მერილინ ჰორნი, ლუკრეცია ბორჯიას პარტიაში, რომელიც "კარნეგი-ჰოლის" სცენაზე უნდა შეესრულებინა. მომდევნო დღეს "ნიუ-იორკ ტაიმსი" აჭრელდა მსხვილი სათაურებით: "კალასი+ტებალდი=კაბელიეს"...

იმ მრავალგვარი ეპითეტის მიღმა, რასაც აურაცხელი მუსიკალური კრიტიკოსი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანოსთვის იმეტებს, მოიაზრება კაბალიე-ადამიანი.

ის არ შედის იმ მომღერალთა რიგში, რომელთა კაპრიზებისა და უხასიათობის შესახებ ბულვარულ ან ელიტურ ტაბლოიდებში წერენ. თუმცა მონსერატ კაბალიე სულაც არ გამოირჩევა "აბრეშუმის" ხასიათით. ცნობილია შემთხვევა, როცა "ახალფეხადგმული" ვარსკვლავი ცდილობდა მოლაპარაკებოდა ექიმს, მამამისისთვის ნისიად ემკურნალა (კონტრაქტები ხელმოწერილი იყო და ის იძლეოდა გარანტიას, რომ სამედიცინო მომსახურების საფასურს პროცენტული ნამატით დაფარავდა).

მიუხედავად ამისა, ექიმმა მაინც უარი უთხრა, რაც, შეიძლება ითქვას, მეორე წამშივე სანანებელი გაუხდა, რადგან მისი თავის მიმართულებით მძიმე სამელნე გაფრინდა. საბრალომ ძლივს აიცდინა ეს ნივთი, სამაგიეროდ, კედლები ლურჯი ლაქებით დაიფარა. მაგრამ ყველაფერი ამით როდი დასრულდა: კორიდორში გამოსვლისას მონსერატმა ისე მაგრად მიაჯახუნა კარი, რომ კაბინეტის ფანჯრის მინები წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად მიმოიპნა. კაბალიეს ზარალის ანაზღაურება მოუხდა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმაც გადაახდევინეს.

მისი წამიერი აფეთქებები გარშემო მყოფებს მოულოდნელად ატყდება თავს. კოლეგები და მეგობრები აღნიშნავენ, რომ "მისი მრისხანება ვულკანური ლავასავით იფრქვევა. ის მრისხანე პოზებს იღებს, თვალები უელავს... გარშემო კი "მისი ცეცხლით გადაბუგული უდაბნო" რჩება. ყველა დათრგუნვილია. ვერავინ ვერაფრის თქმას ვერ ბედავს, რადგან ეს ბრაზი შესაძლოა, მოვლენასთან თანხვედრაში სულაც არ იყოს. მერე, როცა მრისხანება გაუვლის, შეიძლება, ბოდიშიც მოიხადოს, თუ შენიშნავს, რომ ადამიანი სერიოზულად შეშინდა".

მონსერატი ხშირად, უბრალოდ ცელქობს. ერთხელ, ელისეს მინდვრებზე გამოსვლისას სიმღერა შეწყვიტა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი იკითხა: "ყველაფერი რიგზეა? შეიძლება, გავაგრძელო?" - ამ დროს რომელიღაც მაყურებელს მიმართავდა სცენიდან. დარბაზის ხარხარის ფონზე მომღერალმა დააზუსტა: "უკაცრავად, მაგრამ აქ ერთი მისიე მაგნიტოფონზე იწერს ჩემს გამოსვლას, მაგრამ ფირი დაუმთავრდა. ახლა მას ცვლის. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, გავჩერებულიყავი".

მონსერატი არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, საკუთარ თავზე იქილიკოს: "გაითვალისწინეთ, მართალია, 30 კგ კიდევ დავიკელი, მაგრამ მაინც, როცა სარკეში ვიყურები, აბსოლუტურად არ მომწონს საკუთარი თავი, იმიტომ, რომ დავბერდი".

მომღერალი ხსნიდა, რომ საოპერო შემსრულებლისთვის მნიშვნელოვანია დიაფრაგმის დაჭერა, ამისთვის კი მოცულობაა საჭირო. საკუთარ გარეგნობაზე გულმოსული ხშირად ამბობს: "ეს ახლა მიეჩვია ყველა ჩემს კომპლექციას და მეუბნებიან, რომ წონა ხიბლს მმატებს. ისინი ალბათ ტყუიან. ახალგაზრდობისას კი... მე იტალიის დასაპყრობად ჩავედი, მაგრამ ერთმა იმპრესარიომ ძალიან უხეში ფორმით, უკან გამგზავრება, ქმრის მოძებნა და მრავალი შვილის გაჩენა მირჩია, რადგან ისეთი მსუქანი ადამიანისთვის, როგორიც მე ვიყავი, სასცენო კარიერაზე ოცნებაც კი ზედმეტად მიაჩნდა. მე სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ მისმა სიტყვებმა პირდაპირ გულში დამჭრა! ატირებულმა ახლობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. ვიღაც თავხედი იტალიელის უტაქტობით აღშფოთებულმა ჩემმა ძმამ - კარლოსმა მითხრა, რომ თვითონ გახდებოდა ჩემი იმპრესარიო".

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ნაკლებსასიამოვნო ეპიზოდიდან დაიწყო მონსერატის დიდებისკენ სვლა.

მის ცხოვრებაში იყო სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ყმაწვილქალობა. უმძიმესი ავტოავარიაც გადაიტანა, მაგრამ ამანაც ვერ შეუშალა ხელი, რომ ბედნიერი ადამიანი გამხდარიყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ათწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2002 წელს ტრიუმფული წარმატებით გამოვიდა ბარსელონაში, სენ-სანსის ოპერაში - "ჰენრი მერვე".

მონსერატ კაბალიე ბედნიერია იმით, რომ მუსიკისადმი უზღვავი სიყვარული მის და ასევე საოპერო მომღერლის - ბერნაბე მარტის ქალიშვილს - მონსერატ-მარტის გადაეცა. მისი ერთ-ერთი გახმაურებული ნამუშევარია - მარიას პარტია მილანის "ლა სკალაში" დადგმულ ექსპერიმენტულ სპექტაკლში "ვესტსაიდური ისტორია". მონსერატ-მარტი ხშირად მონაწილეობს კონცერტებში დედასთან ერთად.

ირინა ჯანდიერი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება