რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს

რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს

რადიოწამყვანებისთვის - გიორგი ნაზღაიძისა და თამუნა მუსერიძისთვის აგვისტოს ერთი კვირა დღე თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა: ისინი ბათუმში ისვენებდნენ და 25 აგვისტოს საყიდლებზე თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს. საზღვრიდან დაახლოებით ათი წუთის სავალზე გავიდნენ. ტანსაცმლის მაღაზიაში ივაჭრეს და უკან დაბრუნებისას, მესაზღვრეების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. ამის შესახებ უკვე ვრცლად, ბათუმში დაბრუნებულმა გიორგი ნაზღაიძემ ”ამბები.გე”-ს უამბო:

- უკან რომ ვბრუნდებოდით, შემთხვევით სხვა გზიდან მომიწია შემოსვლამ. იმ დროს შევნიშნე, რომ მესაზღვრე პოლიციელი თურქულად რაღაცას გვიყვიროდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. სავარაუდოდ, გადითო, - ამას გვანიშნებდა. იქიდან ისედაც ვაპირებდით გასვლას და სხვა რიგში ჩადგომას, სადაც საქართველოსკენ მომავალი მანქანები იდგნენ და სადაც ჩვენი მეგობარი გოგონა იმყოფებოდა. მოკლედ, მივედით დ იმ გოგონასთან დავდექით.

ჩვენი რიგი რომ მოახლოვდა, მესაზღვრე მოვიდა და გვითხრა: - თქვენ აქ არ უნდა იდგეთო. ვუთხარით, ეს ჩვენი მეგობარია, ყველანი ერთად ვართ-მეთქი, მაგრამ მას თურქულის გარდა, ენა არ ესმოდა. არადა, წესით, ქართული უნდა იცოდნენ, რადგანაც საზღავრთან მუშაობენ. მოკლედ, ის პოლიციელი საშინლად აგესიული გახდა, - არაფერი მაინტერესებს, მანქანა გადააყენეო, - თურმე ამას ამბობდა, რომ ვერაფერი გავიგე, მერე ხელით მიმითითა. მანქანა გადავაყენე. საბუთები მომთხოვა. არ მივეცი, რადგანაც არ ვიცოდი, რა ჰქონდა გადაწყვეტილი, ვერაფერს მაგებინებდა. ამის შემდეგ მანქანას დაუწყო ხელით დარტყმა და გაღიზიანებული თურქულად რაღაც სიტყვებს ყვიროდა, სავარაუდოდ, შეურაცხმყოფელს.

ავტომოვილი ჩავკეტე, მაგრამ მან მოასწრო და მანქანაში მჯდომს ხელით შემეხო. მოკლედ, ღვედით დაბმულს მირტყამდა. მერე დაახლოებით 20-მა პოლიციელმა მანქანას წრე შემოარტა და ურტყამდნენ, რასაც ქართველი მოქალაქეების ნაწილი შორიდან უყურებდა. მანქანიდან გადავედი. ამასობაში პოლიციელი სალონში შევიდა და ჩვენი საბუთები აიღო, თან მექაჩებოდა და მაისურიც შემომახია. შემდეგ ჩემსავე ავტომობლში მაიძულა, საჭესთან დავმჯდარიყავი. რომელიღაც ქალაქის პოლიციაში უნდა წავეყვანეთ. იმ დროს თამუნამ ტელეფონი აიღო და დედამისს ურეკავდა, ეცნენ და ცემა დაუწყეს, დროზე მანქანაში ჩაჯექიო. ამაზე კინაღამ გავგიჟდი. თამუნას ისტერიკა დაემართა, მაგრამ მაინც მოვასწარით და ყველგან, სადაც შევძელით, დავრეკეთ და ყველას ვაცნობეთ, რაც დაგვემართა. მათ შორის, საქართველოს საელჩოშიც. საელჩომ გვითხრა, საკონსულოს დაუკავშირდითო. მოკლედ, პოლიციაში წაგვიყვანეს. მე ცალკე მომათავსეს, თამუნა - ცალკე. ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით, - ვერ ვხდებოდით, რა ხდებოდა. გავიდა 3 საათი და საკონსულოდან არავინ შეგვეხმიანა. შემდეგ პოლიციელებმა ვიღაც ქალი მოიყვანეს, რომ ჩვენი დიალოგი ეთარგმნა. ის ქალბატონი ქართველი აღმოჩნდა, სარფიდან გახლდათ, მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც თურქული იცოდა. რომ დაგვინახა, მაშინვე გვიცნო, ეს ვინ დაგიკავებიათ, ტელე-რადიოწამყვანებიო. ამ ამბავს პრესა რომ გაიგებს, ერთი ამბავი ატყდებაო. პოლიციელები არ უჯერებდნენ, როგორ დაამტკიცებთ, რომ ცნობილი ჟურნალისტები არიანო. მერე ვუთხარი, - "გუგლში" ჩაწერეთ ჩვენი გვარ-სახლეები და ყველაფერს შეიტყობთ-მეთქი. ასეც მოიქცნენ. როდესაც ჩვენს სიმართლეში დარწმუნდნენ, გვითხრეს, - ხელწერილი დაწერეთო, მანამდე ლაპარაკი იყო მგონი, 4.000-დოლარიან ჯარიმაზე, საბოლოოდ ჯარიმა 105 ლარი გამოგვიწერეს.

- ხელწერილში რა დაგაწერინეს?

- რომ დავარღვიეთ კანონი, რისთვისაც დაგვაკავეს, მაგრამ თანახმები ვართ, ამ თანხის სანაცვლოდ გაგვიშვან. ჰო, ხელწერილში ისიც დაგვაწერინეს, რომ ამ ფაქტის შესახებ საქართველოში არავის, არაფერს ვიტყოდით. ამასობაში დაგვირეკა საქართველოს საელჩომ, მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ და გვითხრეს, რომ დასთანხმდით მათ შემოთავაზებას, ასე ჯობიაო. ამან კიდევ მეტად გამაგიჟა. რას ნიშნავს ჯობია? საქართველოს საელჩოს მისი მოქალაქეები არ ანაღვლებს? სამი საათი პოლიციაში ვიყავით, მათ იცოდნენ ამის შესახებ და არავინ მოსულა. გამაგებინონ ერთი რა ჯობია, - შენს მოქალაქეებს თურქი პოლიციელები, რომ ურტყამენ? ეს საქმე ასე დავტოვოთ და ამის შესახებ არაფერი ვთქვათ?

როგორც მერე გავიგეთ, ქართველ მოქალაქეებს საზღავრზე ასე ხშირად ექცევიან, სცემენ და შეურაცხყოფენ. მერე თურმე ნაცემ ადამიანებს საზღვართან ახლოს ყრიან. ამის შესახებ როგორც ჩანს, პრესაში არ დაწერილა...

მოკლედ, ბედად იმ ქალს რომ არ ვეცანით, ახლა სად ვიქნებოდით, არავინ იცის. იმ ქალმა გვიხსნა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება