რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას

რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას

ორ თვეზე მეტია, მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შარია თბილისში იმყოფება. თან აქვს თავისი სცენარი "წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი". როგორც მან განაცხადა, მხატვრული ფილმის გადაღების იდეას მხარს პატრიარქი და საპატრიარქოს წარმომადგენლები უჭერენ. თავდაპირველად, ეს ორ წმინდანზე აგებული სცენარი სხვადასხვა მხატვრული ფილმის თემები მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ერთიანდება და თუ როგორ, თავად გვიყვება...

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო "თავისუფალი ევროპისა" და "თავისუფლების" პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე "ამერიკის ხმაში" და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაში. ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია "კავკასიის ხალხების გაერთიანების" საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს, რის შესახებაც ინტერვიუში გვიამბო...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მიდის იქ, სადაც ელოდებიან. არასოდეს მივდივარ სადმე ჩემი ინიციატივით. 2006 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II ტელეფონით დამიკავშირდა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში და აკურთხა ორი წმიდათაწმიდა თემა, როგორიც არის წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი.

- როდის დაიწერა ეს სცენარი?

- სცენარებზე მუშაობა 2006 წელს დავიწყე და დაახლოებით ხუთი წელი მოვანდომე. საავტორო უფლებები დადასტურებულია შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ. ეს არის ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ამ თემას სხვა ადამიანი ხელს ვერ ახლებს. 2006 წლის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში. მათ შორის პატრიარქის მოწვევით, რომლის დროსაც განხილული იყო სცენარები. ასევე ჩამოვედი მაშინ, როდესაც გარდაიცვალა დედაჩემი, ძმა და გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი. რამდენჯერაც ამ ტრაგედიების გამო თბილისში ჩამოვდიოდი, იმ დროს მაინც მქონდა საშუალება, შევხვედროდი უწმინდესსა და უნეტარესს და სასულიერო პირებს. მათ არაერთხელ გადაიკითხეს და განიხილეს ცალკეული ეპიზოდები. ისინი უმაღლეს დონეზეა შემოწმებული, ვინაიდან ამ გრანდიოზული სცენარების გენერალური მმართველი უწმინდესი და უნეტარესია.

- ეს გასაგებია, მაგრამ გადაღებას სჭირდება ფინანსები, თან საკმაოდ დიდი თანხები. ვინ გიდგათ გვერდით?

- მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების მოქალაქე, ჰოლივუდის პროფკავშირის წევრი, ამიტომ უფლება არ მაქვს, ნებისმიერი ჩემი სცენარი, რა თემაზეც უნდა იყოს ის დაწერილი, არ გავაცნო ჩემს წარმომადგენლობას ჰოლივუდში. ვინაიდან მათი შტატის წევრი ვარ და კინოხელოვნებაში ჰოლივუდი ჩემი ძირითადი საყრდენია, მაინცდამაინც არ ვჩქარობდი ამ სცენარების დაფინანსების საკითხის აღძვრას და ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის იყო, რომ ეს გრანდიოზული კინოსცენარები დაფინანსებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან. და თუ რატომ, ამის მიზეზსაც მოგახსენებთ: ჰოლივუდში არის ასეთი კანონი, რომელიც არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ სცენარის ავტორს, რომელიც მიჰყიდის თავის ნამუშევარს ამერიკის რომელიმე კინოსტუდიას, ჩამოერთმევა საავტორო უფლებები. მაგრამ ვინაიდან მე ასევე ვარ მსახიობი და ჰოლივუდის კადრი, გარანტირებული მექნება ფილმში ნებისმიერი როლის თამაში. ამერიკულ კინოხელოვნებაში ოფიციალურად შესული ვარ როგორც რეჟისორი. ცნობისათვის აქვე გეტყვით, რომ ბროდვეის თეატრში მუშაობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ათ საუკეთესო რეჟისორთა სიაში ვარ დასახელებული.

- ეს რომელ წლებში?

- 1972-1974 წლებში, ანუ მანამ, სანამ ევროპაში გადავსახლდებოდი. მაშინ მე ვმუშაობდი ბროდვეის თეატრში ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც არის მაიკ ნიკლსი, იგივე პეშკოვსკი... თემას გავაგრძელებ. მთავარი მიზეზი მინდა განვმარტო, რატომ არ მინდა ამ სცენარების მიყიდვა ჰოლივუდის რომელიმე სტუდიისთვის. ვინაიდან ქართველი ერის წმიდათაწმიდა თემაა, ის ქართველმა ერმა უნდა დაძლიოს და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს გადაღებული. მე ამ თემას ფულის გამო არ გავყიდი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე პირდაპირი კონტაქტი მაქვს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვარ მისი ოფიციალური წარმომადგენელი, მე გავუგზავნე ჩემს პრეზიდენტს სცენარები და ისინი დღესდღეობით თეთრ სახლშია, პირადად ბარაკ

ობამას საწერ მაგიდაზე დევს.

- და პასუხი არ მოსულა, გაეცნო თუ არა?

- როგორ არა, წაიკითხა და გაეცნო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. მას მიაჩნია, რომ მე თავად უნდა გადავწყვიტო, რომელმა მხარემ უნდა გადაიღოს ეს ფილმი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება