ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე

ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე

"სიყვარული პერიოდული სიგიჟეა. ძალიან რთულია, სიყვარულის ცეცხლი შეინარჩუნო ისე, რომ სულ იგიზგიზოს, მერე მოვალეობაში, ვალდებულებებში გადადის და სიმხურვალე აკლდება", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე. ვის ეპრანჭება, რომელ რეჟისორთან თანამშრომლობაზე ოცნებობს, როდის იბნევა და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი.

- ნინო მუმლაძე.

- დაბადების თარიღი.

- ....1984 წლის 1-ლი აგვისტო. დაბადების თარიღს ყოველთვის სხვადასხვაგვარად აღვნიშნავ: ხან მე არ ვარ ქალაქში, ხან - მეგობრების უმეტესობა.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, სასაცილოა, არა?.. ისე მინდოდა ბალეტი მეცეკვა, სულ ბალერინებს ვხატავდი. როგორც იქნა, დედამ ბალეტზე მიმიყვანა. ძალიან მომეწონა, გადავირიე. 4 წელი ვიარე. კარგი პლასტიკა აღმომაჩნდა, მაგრამ მერე თავი დავანებე.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...პირველ რიგში, ოჯახმა, მერე - იმ პიროვნებებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს შემხვდნენ. ადამიანი პიროვნებად მაშინ ყალიბდება, როცა სამყაროს შეცნობას, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მადლობა უფალს, ჩემს ოჯახს არასდროს გადაწყვეტილების მიღებისას არ შევუზღუდივარ. მსახიობი რომ ვარ, ესეც ჩემი დიდი სურვილი და არჩევანი იყო. ადამიანი სანამ თავად არ მოიტეხს კისერს, მანამდე შეიძლება, ბევრ რამეს ვერც კი მიხვდეს. პიროვნებად საკუთარი წარმატებებით, შეცდომებით, გამოცდილებით ყალიბდები.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...სერიალში გადაღებამდე თუ მას შემდეგ (იცინის)?.. მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში" სტომატოლოგის როლი შევასრულე, ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობენ. საზოგადოებამ რატომღაც ჩემს გმირთან გამაიგივა და არა მხოლოდ - მე. მეცინება, მაგრამ რომ დაფიქრდე, სასაცილო არ არის. კიდევ კარგი, რომ საზოგადოების ამგვარ დამოკიდებულებას ჩემი ოჯახის წევრები მტკივნეულად არ აღიქვამენ. იშვიათად, მაგრამ ისეთი ადამიანებიც შემხვედრიან, რომლებსაც უთქვამთ, ამ როლს შესანიშნავად გაართვი თავიო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემს მეგობრებს და იმ ადამინებს, რომლებიც კარგად მიცნობენ, ჩემი ერთი სიტყვით დახასიათება რომ სთხოვო, ალბათ გეტყვიან, მხიარულიაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მივაღწიე შინაგან დამოუკიდებლობას. შემიძლია, საკუთარი თავის იმედი მქონდეს.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი ხასიათი მაქვს, მაგრამ ამ სიფიცხეს იშვიათად გამოვხატავ. საზოგადოებაში რამდენადაც მხიარული ვჩანვარ, შინ ცოტათი მძიმე ხასიათი მაქვს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი ვარ, მყავს დაიკო, რომელიც უზომოდ მიყვარს და მასავით ახლობელი ადამიანი არ მეგულება. შემიძლია, მთელი ცხოვრება მისი იმედი მქონდეს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მოწყენილი ვარ, რადგან მარტოობა ძალიან არ მიყვარს.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...შევდივარ "ფეისბუკზე".

- ვიბნევი, როცა...

- ...რაღაცას მაბრალებენ, დამნაშავე არ ვარ და თავის მართლება მიწევს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...თავი დამცირებულად არ უნდა ვიგრძნო. თუ ეს ოდნავ მაინც ვიგრძენი, მერე არ ვიცი, რას ვაკეთებ. ამ დროს ჩემი ზოდიაქოს ნიშანი - ლომი ვხვდები და შეიძლება, ვინმე ხელში შემომეგლიჯოს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მხატვარი. თინეიჯერობის წლებში ძალიან ბევრს ვხატავდი, ახლა - ნაკლებად. ამასთან ერთად, შეუმდგარი ვოკალისტი ვარ. ვოკალის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ეს ჩემი მეორე პროფესიაა. ძალიან ლამაზი ლირიკული სოპრანო ვიყავი, მაგრამ მსახიობობის სურვილმა გადასძალა. ეს ჩემი პედაგოგისთვისაც ტრაგედია იყო.

- მეზარება...

- ...სპორტი, ვარჯიში, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა და დილით ადრე ადგომა.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვის სანაპიროზე, სადმე ოქროს ქვიშაზე ვნებივრობდე.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანს პატივს ვცემ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ტკბილეულისგან თავის შეკავება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემს თავს რამდენიმე წლის შემდეგ დაოჯახებულს ვხედავ, შვილებთან ერთად. მინდა, 3 შვილი მყავდეს.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ, ეს საკუთარი თავის მოტყუება მგონია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...იღბალს.

- ვნანობ, რომ...

- ...არაფერს ვნანობ.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...თემურ ჩხეიძეა. მას შემდეგ, რაც მსახიობობა გადავწყვიტე, თემურ ჩხეიძის შემოქმედებაზე ვარ შეყვარებული. ის ერთ-ერთი ძლიერი და გენიალური რეჟისორია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მის სპექტაკლებზე - "მამა", "მარადი ქმარი" გავიზარდე, გემოვნება ჩამომიყალიბდა, "არტ ხელოვნებამ" ხომ საერთოდ გადამრია.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...გულჩვილი ადამიანი ვარ, ფილმებზეც მეტირება.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ზურა გორგაძეს: ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც დილის გადაცემა მიმყავდა. დღეს მეგობრები ვართ. მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. შეუძლებელია, მის გვერდით კარგ ხასიათზე არ დადგე. საოცარი იუმორი აქვს. დღეს სწორედ მასთან ერთად ვმუშაობ ახალ სატელევიზიო პროექტზე. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- ვეპრანჭები...

- ...პირველ რიგში, საკუთარ თავს. თუ ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, თვლის, რომ კარგად გამოიყურება, მერე ამას სხვებიც იჯერებენ.

- სიყვარული ეს...

- ...პერიოდული სიგიჟეა. ძალიან რთულია, სიყვარულის ცეცხლი შეინარჩუნო ისე, რომ სულ იგიზგიზოს, მერე მოვალეობაში, ვალდებულებებში გადადის და სიმხურვალე აკლდება.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...უფრო კარგ ხასიათზე ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ეს გრძნობა დიდად მცვლის. საერთოდ, არ მიყვარს, რაღაცის "შემჩნევა", ჩემს სიხარულსაც და პრობლემებსაც არ გამოვხატავ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მსიამოვნებს.

- მეშინია...

- ...ფრინველის, განსაკუთრებით - ქათმების. შეხება არ შემიძლია. ეს უცნაური ფობია როგორ დამეწყო, არ მახსოვს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ.

- არ მჩვევია...

- ...ქუჩაში სპორტული ტანსაცმლით სიარული.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სახლში მსაყვედურობენ, ნივთებს რატომ ყრიო?! მეგობრები - მოუცლელობის გამო, ქუჩაში - იმის მიხედვით, რომელ პერსონაჟს ვთამაშობ, და ყველა მსაყვედურობს დაგვიანების გამო.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმის გაკეთებას, რაც თავად არ მინდა. ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი ვარ. მთავარია, ადამიანმა ინტერესი გამიჩინოს. თუ თავად არ მინდა, შანსი არ არის, საკუთარ თავს რამე ვაიძულო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვცდილობ, შეცდომები გავაანალიზო, შეიძლება, იმ წუთში ვეღარაფერი გავაკეთო, მაგრამ სამომავლოდ გავითვალისწინო. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვებს შენიშვნებს არ აძლევს, ეს თვისება მაქვს, მაგრამ სხვისი შენიშვნის მიღება და გათვალისწინება მეც შემიძლია, - ცხადია, თუ შენიშვნა სამართლიანია. შეუვალი ადამიანები არ მიყვარს, ვთვლი, რომ ასეთები ძალიან საშიშებიც კი არიან. როცა ადამიანს ელაპარაკები და ვერაფერს აგებინებ, არ იცი, მისგან რას უნდა ელოდო. ასეთ ადამიანებს სასწრაფოდ გავერიდები ხოლმე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი ბაბუა გრიშა ქსოვრელი იყო, რომელმაც ანსამბლი "ქსოვრელები" დააარსა. 8 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ის სახალხო არტისტი იყო, ბევრ დიდ ხელოვანთან მეგობრობდა. მახსოვს, ბაბუა მეუბნებოდა, შენ უნდა მასახელოო. რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე. მისი სიტყვები, - სასახელო გოგო უნდა იყოო! - თითქოს დღესაც ჩამესმის. არ ვიცი, დარიგება რა დონეზე შევასრულე, მაგრამ მის ხსოვნას დიდ პატივს ვცემ. სექტემბრიდან გამოვა დისკი, პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ. ძველი ჩანაწერები აღვადგინეთ. ძალიან საინტერესო დისკია.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...კარგი იქნება, თუ ყველანი ჯერ საკუთარ მცდარ ნაბიჯებს დავინახავთ, ვაღიარებთ და სხვებს შეცდომებზე მერე მივუთითებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება