რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს

რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს

შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ჩარკვიანთან სახლში მისული კონცერტზე აღმოვჩნდი, რადგანაც რესპონდენტმა ინტერვიუ საკუთარი სიმღერების თანხლებით მომცა. ის სავარძელში გიტარამომარჯვებული იჯდა და თითქმის ყოველი პასუხის შემდეგ მშვენიერ ჰანგებს აჟღერებდა...

24 აგვისტოს 58 წელი შეუსრულდა. იმის გამო, რომ მრგვალი თარიღი არ იყო, დაბადების დღე მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. საერთოდ კი: "24-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება. დედა მიგზავნის ტორტს, ჩემი ცოლიც აძლევს ტორტისა და ხაჭაპურის შეკვეთას. მერე მოდიან ისინი, ვისაც ვახსოვარ. ვსვამთ ჩაის, ყავას, კარგ სასმელს, ვუსმენთ მუსიკას, ვმღერით და მშვენიერ დროს ვატარებთ".

- ბავშვობაშიც ასე იყო ხოლმე?

- აგვისტო ისეთი თვეა, რომ ამ პერიოდში სულ ზღვაზე ვიყავით. ამიტომ მეგობრების გარემოცვაში დაბადების დღის აღნიშვნა არასოდეს მიწევდა. მუდმივად აფხაზეთში (ლიძავა, ბიჭვინთა, გაგრა) ვისვენებდით და ამ დღეს იქ აღვნიშნავდით ხოლმე... აფხაზეთს ახლა მხოლოდ სიზმარში ვნახულობ...

- 58 წელი არც ძალიან ბევრია და არც - ძალიან ცოტა. ამ წლების მანძილზე რას მიხვდით?

- პატარა აღარ ვარ... მიხარია, რომ ამქვეყნად ჩემი საქმე ვაკეთე და ვიცი, რომ რამდენიმე სიმღერა ისტორიას დარჩება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის პლუსი, რომ ამ პლანეტაზე ვიყავი, უკვე დავსვი. ეს შეგრძნება ბოლო დროს დამეუფლა, მაგრამ მაინც არ ვისვენებ, ვმუშაობ და კიდევ რამდენიმე ათეულ სიმღერას დავწერ!.. არ მერიდება იმის თქმა, რომ მამაჩემის პოეზიიდან ის "მუსიკა" ამოვიღე, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანს აქვს და ცალკე ამბებად ვაქციე. ამას ვამბობ არა როგორც მისი შვილი, არამედ - როგორც მუსიკოსი, რიგითი მოქალაქე, ფილოლოგი, ლიტერატურასა და მით უფრო, პოეზიაში კარგად გარკვეული ადამიანი... 15 წლიდან მოყოლებული, ამ საქმეს ვემსახურები, მაგრამ ამ ყველაფერში ერთი "მაგრამ" მაინც არის...

- რას გულისხმობთ?

- ცოტა ხნის წინ სიმღერა - "მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი" ახლებურად ჩავწერე, რომელიც ჯგუფთან - "მუხამბაზი" ერთად წარვადგინე. მინდოდა, ამ ნამუშევრით სოლისტსა და ჯგუფს შორის არსებული ჩარჩოები მომესპო ანუ სოლისტის ლიდერობა გუნდთან გამეთანაბრებინა. ლექსში არის ფრაზა: "მათქმევინე, ქვეყნად სიცოცხლე ღირდა". ჰოდა, სიტყვა "ღირდა" შესუსტებული "რ"-თი და დაბალი ხმით ჩავწერეთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რაღაცები რაღაცებად არ ღირდა. ამდენი უბედურება გამოვიარეთ და კიდევ ვერ დაწყნარდა ქვეყანა; ადამიანებმა ვერ გაითავისეს, რომ თავისუფლება არის კანონმორჩილება... ახლაც თუ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც უნდა დაისაჯონ, არ ვიცი, რა მოხდება. მაშინ მეც წავალ, მილიონს მოვიპარავ და ვიტყვი: - მაპატიეთ-მეთქი... იცით, რისთვის ღირდა ცხოვრება? იმისთვის, რომ 17 წლის წინ ვაჟი, ჯაკო შემეძინა! თავის დროზე ირინოლა რომ გაჩნდა, ესეც ნამდვილად ღირდა! სცენაზე პირველად 40 წლისა რომ დავდექი - ღირდა! ჩემი ირმა გიგანი (დისშვილი) რომ დაიბადა - ღირდა! ჯანსუღის პოეზია რომ ავამღერე - ეს ყველაფერი ღირდა! "სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა" ჯანსუღის სამი ლექსისგან არის შექმნილი. ჟანრობრივად ერთ ტექსტად და ერთ სიმღერად ვაქციე და ეს ნამუშევარი XX საუკუნის საუკეთესო სიმღერათა ნუსხაში შევიდა...

- თქვენმა სიმღერებმა - "ჩამოთოვა", "ირინოლა" და კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება, დროს გაუძლო. ისინი უკვე ქართული მუსიკის ისტორიაში მართლაც შევიდა...

- ეს ნამუშევრები 25 წელზე მეტხანს ითვლის... განსაკუთრებულად რომელი მიყვარს? ვერ გეტყვით, ყველა ერთნაირად საყვარელია. საერთოდ, როდესაც ახალ სიმღერას ვწერ, იმას ერთი-ორი თვე ვმღერი. ახლა "გარსია ლორკა" და "მშვიდობით არა, ნახვამდის" მაქვს ამოჩემებული.

იღებს გიტარას და მღერის: "ღრუბელ-ღუბელ დავალ მწუხარების ცაში,/ ღმერთო, დამაბრუნე, დამაბრუნე სახლში/. ჩემი აღარა მაქვს, ვზივარ სხვისა ნავში,/ შემიწყალე, ღმერთო, დამაბრუნე სახლში"...

- მშვენიერი სიმღერაა. რაღაც ახალია, ჯერ არ მომისმენია...

- ჰო, სულ ახალი ნამუშევარია და მას "ჯარისკაცის სიმღერა" დავარქვი... 8 აგვისტოს გორში ვიყავი, სადაც კონცერტი გაიმართა: პოეტების ლექსებს ახალგაზრდები კითხულობდნენ, მომღერლებიდან კი მე და აჩიკო ნიჟარაძე გახლდით. კიდევ, ერთი ქართული ჯგუფი და პოეტიც - ჯარჯი შუქიაური მონაწილეობდა. გორიდან რომ ჩამოვედი, ეს სიმღერა დავწერე. მას ვუძღვნი აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცს, რადგანაც ნებისმიერი მათგანი, სადაც უნდა იყოს (სამშობლოში თუ მისგან შორს), სახლში დაბრუნებაზე ფიქრობს.

- რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ დღეს ყველას პრეზიდენტობა უნდა...

- იმ დღეს ტელევიზიით პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაცხადეს. იქიდან გვარითა და სახელით მხოლოდ ერთი მეცნო...

- ვინ?

- გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ არ გეგონოთ, თითქოს მას ახლოს ვიცნობ. საერთოდ, პრეზიდენტობის კანდიდატებისგან არც ერთს არ ვიცნობ...

- არც ნინო ბურჯანაძეს? ის ხომ თქვენი ნათესავია - მამათქვენის ნათლული.

- საინტერესოა, ნინომ თუ იცის, რომ ჩვენი ნათესავია? პოლიტიკოსებს ერჩივნოთ, ნაკლები ილაპარაკონ და ეკონომიკას მიხედონ. ამ სფეროში დიდი ძვრები უნდა მოხდეს, სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს! არ შეიძლება, მუდმივად თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტების ჭამა. პატარ-პატარა საწარმოები უნდა აამუშაონ, ხალხს გადასახადები შეუმცირონ; ქართული პროდუქცია დიდი რაოდენობით უნდა შეიქმნას და გაიყიდოს...

- მამუკა, თქვენი სიმღერით - "თავისუფლება ლომთა ხვედრია" საქართველოში 2003 წელს "ვარდების რევოლუცია" მოხდა, რომელმაც არ გაამართლა. რას იტყვით ამაზე?

- 9 წლის წინ რომ მცოდნოდა, პარლამენტში ჩემი სიმღერის ფონზე უნდა შესულიყვნენ, მისი იქ გაჟღერების უფლებას არ მივცემდი. მათ დაუკითხავად აიღეს ეს სიმღერა, მაგრამ ლომები ვერ აღმოჩნდნენ.

- ბოლო დროს გააქტიურდით: ატარებთ კონცერტებს, ახალ სიმღერებსაც ქნით. საამისოდ სტიმული რამ მოგცათ?

- ამ საქმისთვის სტიმული ყოველთვის არსებობს. ჩემს საქმეს ცოტა ფული ხან მოაქვს, ხან - ვერა. საკმაოდ მძიმე ცხოვრება მაქვს. მშიერი არ ვარ, მაგრამ მატერიალურად მიჭირს... უცხოეთში რომ წავსულიყავი, ასე არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყოველთვის საქართველოში მინდოდა ყოფნა. უფრო მეტიც, წლებია, ქვეყნიდან არ გავსულვარ, არსად დამისვენია. იცით, ამ ასაკში ლექსი მომიძღვნეს, დამხატეს კიდეც. ყველა შემოქმედი გამუდმებით გიტარით წარმომაჩენს. ისე კი, პირველად გიტარასთან ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა - გოგი გოგოსაშვილმა გამაიგივა: "ეი, გიტარა, გამოდი, გაკვეთილი მოყევიო"...

- რას გვეტყვით თქვენს ვაჟზე? ისიც ხომ არ წერს რაიმეს?

- ერთი მოთხრობა დაწერა. ვუთხარი: ბევრი უნდა წერო, რომ რაღაცები გამოგივიდეს-მეთქი. კარგი ბიჭია. 17 წლის ხდება და პირდაპირ, "მუშჩინაა", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჯიგრიანი კაცია!

- წინააღმდეგობებს გიწევთ ხოლმე?

- კი, ბრძოლა მიდის თითქმის ყველაფერზე. ჰგონია, რომ ვეჩხუბები, არადა, ჯაკოსთან რა მაქვს საჩხუბარი? ჩემი მოწინააღმდეგე ეგ ვერასდროს იქნება. მე მამა ვარ, ის - შვილი.

- როგორ იწყება თქვენი დილა?

- 6 საათზე ვიღვიძებ. 7-ის ნახევარზე ფეხზე ვარ. შხაპს ვიღებ. მერე ჩავრთავ მუსიკას, ტელევიზორს, ყავას მხოლოდ ჩემთვის ვხარშავ, რადგანაც ამ დროს ჩემებს ჯერ კიდევ სძინავთ, შემდეგ აუცილებლად გავდივარ ქუჩაში, პეკინს წრეს ვარტყამ და შინ დაბრუნებული ვიწყებ მუშაობას: ვუკრავ, ვკითხულობ და ამასობაში შეიძლება, რაიმე ახალი ბგერა დავიჭირო... ახლა ძილი არ მიყვარს, ადრე კი ყველაფერი სხვაგვარად იყო - ახალგაზრდობაში დღის პირველ საათამდე მეძინა და მუდმივად მამას ხმა ჩამესმოდა: "აშენდა ქვეყანა. ყველაფერი დაარიგეს, რაც დასარიგებელი იყო და შენ კიდევ გძინავს!" ფხიზლად ვცხოვრობ (იღიმის).

- როგორი ტიპია მამუკა ჩარკვიანი?

- მამუკა კარგი ტიპია (იღიმის)! ბოლო დროს ახალგაზრდებთან, 30 წლამდე ადამიანებთან ვძმაკაცობ. ყველას "მამა" ვარ: ზოგს მუსიკაში ვეხმარები, ზოგს ახალ ჯინსს ვჩუქნი - როცა ფული მაქვს, რამდენიმეს ვყიდულობ, რომ მერე დავარიგო. ჯინსი მამაკაცისთვის კარგი საჩუქარია.

- ცხოვრებაში ბევრი ისეთი შეცდომა დაგიშვიათ, რომელთაც ნანობთ?

- მაინცდამაინც არაფერს ვნანობ, რადგანაც საგანგაშო არაფერი ყოფილა. კაცთმოყვარე ვარ. ადამიანებისთვის სიკეთის გარდა, არაფერი გამიკეთებია. თუ დავუშავე, ისევ საკუთარ თავს, რადგან უთავბოლოდ ვსვამდი. ახლა ვეღარ ვსვამ, ჩემი ორგანიზმი ალკოჰოლს აღარ იღებს. გითხარით, რომ მთელი ცხოვრება სიმღერებს ვწერდი. ყოველთვის კარგი ძმაკაცი ვიყავი და კარგი ძმა, მაგრამ თაკო უფრო კარგი დაა ჩემთვის. ცუდი ბაბუა ვარ - ვიდრე შვილიშვილები არ დაიზრდებიან, მათთან ვერ ვურთიერთობ. ცუდი ქმარი არ ვარ. ოჯახში ყველაფერი მოგვარებული მაქვს იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც მაქვს.

- სახელი - ირმა თქვენს ოჯახში მგონი, კულტია. ირმა ჰქვია დედათქვენს, მეუღლეს და დისშვილს...

- შვილს ირინოლა ჰქვია... ჰო, ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა. ჩემმა დამ თავის შვილს დედაჩემის პატივსაცემად, ირმა დაარქვა, რადგანაც ჯონიმ, მისმა მეუღლემ უთხრა, - ასე მოვიქცეთო... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს: უბრალოდ, მოხდა ისე, რომ გავიცანი ადამიანი, რომელსაც ირმა ერქვა და სახელს ხომ არ გადავუკეთებდი? ეს დამთხვევაა. მოკლედ, ჩარკვიანები "დამთხვეულები" ვართ (იღიმის).

- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ ვიყავი ამბროლაურში, თელავში, გურჯაანში, ქუთაისში, სადაც მესხიშვილის თეატრში გავმართე კონცერტი და სცენიდან აღარ მიშვებდნენ. დანარჩენ ქალაქებში კულტურის სახლებში მქონდა კონცერტები, ყველგან უამრავი ხალხი მოვიდა და ურიგო საღამოები არ გამოვიდა. დაპატიჟებული ვარ ბათუმშიც. მინდა, ოქტომბერში დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი გავმართო და ჩემს თბილისელებსაც მოვეფერო, მერე კი ფეხზე ოპერაციას გავიკეთებ და მთელი ზამთარი წოლა მომიწევს... იცით, ადამიანებისგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ; როდესაც ვმღერი, ისინი ჩემს სიმღერას გრძნობენ და ხვდებიან, რომ ყველაფერს წრფელი გულით ვაკეთებ...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება