რის გამო სჯიდნენ ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა ერთადერთ ქალიშვილს

რის გამო სჯიდნენ ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა ერთადერთ ქალიშვილს

ცნობილ ოჯახს - ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას ერთი ქალიშვილი, 18 წლის თინათინი ჰყავთ. თინათინი თეატრალურ უნივერსიტეტში, ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც თავად ამბობს, დედა გაცილებით მკაცრია, ვიდრე მამა. ეამაყება, ასეთი მშობლები რომ ჰყავს.

- ალბათ რთულია, დედისერთა იყო...

- ძალიან რთულია! არის მომენტები, როცა გვერდით ახლობელი ადამიანი გჭირდება, ვინც მეგობარზე უფრო მეტად ამოგიდგება მხარში. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, მშობლებისთვის არასდროს მითხოვია, - ძმა ან და გამიჩინეთ-მეთქი (იღიმის). ალბათ ასე იყო საჭირო. ზოგადად, ძალიან ბედნიერი და საინტერესო ბავშვობა მქონდა.

- მკაცრი მშობლები გყავს?

- დედა მკაცრია და ყველაფერს მიკონტროლებს. მაგალითად: სად წავალ, როდის დავბრუნდები, ვისთან ერთად ვარ... მამა თუ დამირეკავს, რაც იშვიათად ხდება, ე.ი. სასწრაფოდ სახლში უნდა მივიდე (იცინის). 18 წლის ვარ და ახლა უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ მშობლები რაიმეში მზღუდავენ.

- რა პროფესიას ეუფლები?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ქორეოგრაფიულზე ვსწავლობ. მოცეკვავე გახლავართ - 8 წლიდან სუხიშვილების სტუდიაში დავდივარ.

- მიკვირს, მშობლების კვალს რომ არ გაჰყევი...

- გადავწყვიტე, ჩემი გზა ამერჩია. მშობლების პროფესიამ იქონია გავლენა ჩემზე - ქორეოგრაფია გარკვეულწილად, სამსახიობო განათლებას მოითხოვს, რაც თეორიულად მშობლებისგან მაქვს მიღებული. ისინი მირჩევდნენ, სამსახიობოზე ჩამებარებინა, მაგრამ არ მოვინდომე. საერთოდ, ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ცეკვა ძალიან მიყვარს და წარმატების მისაღწევად თავს არ ვზოგავ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრს ვმოგზაურობ, თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მომავალზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ სავარაუდოდ, თეატრის ქორეოგრაფიას გავყვები.

- დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს?

- კი, ძალიან დატვირთული ვარ. დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ვმეცადინეობ. თუ კონცერტი ან საღამო მაქვს, კიდევ უფრო მეტად ვიტვირთები. ვერ ვიტყვი, რომ ამით ვიღლები, პირიქით - სასიამოვნოა, როცა საყვარელ საქმეს ემსახურები.

- სცენაზე შენს გამოსვლას ალბათ, მშობლებიც ესწრებიან. მათგან რჩევა-დარიგებას ხშირად იღებ?

- კი, ისინი საკუთარ აზრებს ყოველთვის მიზიარებენ. დედა ხშირად მეუბნება საქებარ სიტყვებს, მამას კი თვალებში ვატყობ, რა მოეწონა და რა - არა (იღიმის).

- როგორ გგონია, მამას უფრო ჰგავხარ თუ დედას?

- გარეგნულად მგონი, დედას უფრო მეტად ვგავარ, ხასიათით - ორივეს.

- ოდესმე მშობლებს თუ დაუსჯიხარ?

- "შატალოზე" თუ წავიდოდი, მშობლები ყოველთვის მსჯიდნენ - ერთი კვირით ცეკვაზე აღარ მიშვებდნენ. ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული სასჯელი იყო. მერჩივნა, ყველა გაკვეთილს დავსწრებოდი, ოღონდ ცეკვა არ გამეცდინა.

- მშობლების დატვირთული დღის რეჟიმის გამო, მათთან ურთიერთობის დეფიციტი თუ გქონია?

- დედ-მამას შეძლებისდაგვარად, ყველგან თან დავყავდი, მაგრამ თუ სახლში ვრჩებოდი, ჩემთან ბებია იყო და თავს მარტოდ არ ვგრძნობდი. ხანდახან მგონია, რომ მშობლები ზედმეტ ყურადღებასაც კი მაქცევდნენ.

- პირად ცხოვრებაზე მშობლებს რჩევას თუ ეკითხები?

- ჯერჯერობით, ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. საერთოდ კი, პირად რაღაცებზე მამას იშვიათად ველაპარაკები. არა იმიტომ, რომ ვერ გამიგებს, უბრალოდ, კაცია და მირჩევნია, დედას ვესაუბრო. მანანა ყოველთვის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს.

- ოჯახის წევრები თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ასეთ დროს მშობლებთან ერთად, სტუმრად მივდივარ. წელს პირველად გამიშვეს ზღვაზე მარტო. დედას ძალიან ეშინოდა და საათში ერთხელ მირეკავდა, - როგორ ხარო?.. ბეთანიაში აგარაკი გვაქვს. ჰოდა, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, იქ მივდივართ. მშვიდი და წყნარი გარემოა, თანაც - ძალიან კარგი მეზობლები გვყავს: მსახიობები ქეთი ცხაკაია და ნინო ნინუა. ცოტა ხნის წინ, ერთად ლუდი მოვხარშეთ და ყველიც ამოვიყვანეთ.

- დაბოლოს, რას ნიშნავს შენთვის ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის შვილობა?

- ამით ძალზე ამაყი ვარ. არის შემთხვევები, როცა აგრესიით მიყურებენ, რადგან იციან, რომ "ვიღაცის" შვილი ვარ, მაგრამ არც ეს მწყინს. რაც მთავარია, ჩემი მეგობრებისთვის პირველ რიგში უბრალოდ, თინათინი ვარ და მერე - ჭოლასა და მანანას შვილი. მიხარია, ჩემს მშობლებს პატივს რომ სცემენ და მათ გამო, უამრავ ადამიანს მეც ვუყვარვარ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება