როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება

როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება

როდესაც ჯულიანა ბარ-გნარს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდი და ავუხსენი, რომ ფოტოსურათები დაგვჭირდებოდა, მითხრა: უცაბედი სურათების გადაღება მიყვარს. სულ ცოტა ხნის საოჯახო ალბომიც გავაკეთე. თქვენთან ერთად ამ სურათებს კიდევ ერთხელ თვალს გადავავლებ და გავიხსენებ, თუ როგორი ვიყავიო. ჯულიანას მაყურებელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც ნახავს. ამ ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, თუ როგორი ბიჭები მოსწონს მას.

- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი გახლდით. ეზოში ყოფნა არ მიყვარდა. სახლში მარტო ვერთობოდი, ვცელქობდი, თუმცა ჩემი სიცელქით მშობლებს არ ვაბრაზებდი (იცინის). ბავშვებთან ყოფნაც მიყვარდა, მაგრამ გოგონებზე მეტად, ბიჭებთან უფრო იოლად ვურთიერთობდი. ამიტომ უმეტესად, მეგობარი ბიჭები მყავდა. ეს ჩემი ბავშვობის ფოტოა, სადაც ჩემს ძმასა და დეიდაშვილთან ერთად ვარ. ძალიან სასაცილოები ვართ. სწორედ ასე გამოვიყურებოდი ბავშვობაში.

- თბილისში დაიბადე?

- თბილისში დავიბადე. ჩემი ფესვები ძველი ასურეთიდან მოდის. რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდით, მერე ისევ საქართველოში დავბრუნდით. დედა მკერავია, კაბებს კერავს. მამა ამჟამად არ მუშაობს. თბილისში ნაკვეთი გვაქვს და იქ არის ხოლმე. ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ერთი ძმა მყავს. დაც მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს და დაიღუპა. ამ ფოტოზე ჩემს მშობლებთან ერთად ვარ გადაღებული. გარეგნულად დედას უფრო ვგავარ.

- დედა თუ მკერავია, განებივრებული ეყოლებოდი ახალ-ახალი კაბებით...

- კაბებს ბავშვობაში საერთოდ არ ვიცვამდი - 18 წლამდე სულ შარვლით დავდიოდი. უფრო სპორტულ ტანისამოსს ვატარებდი. დედა სამეჯლისო ცეკვების კაბებს უფრო ხშირად მიკერავს.

- როდის დაინტერესდი სამეჯლისო ცეკვებით?

- დეიდაჩემს უნდოდა, რომ მეცეკვა. სამეჯლისო ცეკვები მეც ძალიან მიყვარდა და მომწონდა. თავიდან სკოლაში იყო ცეკვის წრე და იქ შემიყვანეს. მერე ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების კონკურსზე მოვხვდი. იქ კიდევ უფრო დავინტერესდი ცეკვებით. სხვადასხვა სტუდიაში დავდიოდი, ბოლოს კი "თელაში" მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. აი, ეს ფოტო პირველ კონკურსზეა გადაღებული. მაშინ დაახლოებით, 9 წლის ვიქნებოდი. ჩემი პირველი მეწყვილე როლანდ ბაირამოვი იყო, ახლა კი ოთო ფოლადაშვილთან ერთად ვცეკვავ.

- ეს ფოტო სკოლის პერიოდშია გადაღებული?

- კი. ეს ფოტო და ჩემი კლასელები ძალიან მიყვარს. მეგობრული კლასი გვქონდა. ერთმანეთთან ურთიერთობა დღემდე გვაქვს და იმედია, სულ ასე იქნება. ამ დროს ყველაზე მაღალი ვიყავი. ეს ფოტოც სკოლის პერიოდში, კარნავალზეა გადაღებული. ცელქი კი მეთქმოდა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლებს არ ვაბრაზებდი. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე "შატალოს", რომელიც სწავლის პერიოდში ჩავიდინეთ (იცინის).

- სპორტული სტილით დავდიოდიო, თქვი; აქსესუარებს თუ ატარებდი?

- აქსესუარებს არ ვატარებდი. თინეიჯერული და ბავშვური ვიყავი. ჯინსის შარვლითა და "ბოტასებით" დავდიოდი. გაპრანჭვა 18 წლის ასაკიდან დავიწყე. ამ პერიოდში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში აქსესუარები, მაკიაჟი, კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

- რამ განაპირობა ეს? ვინმეს ხომ არ აწონებდი თავს?

- არა, უბრალოდ, ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. მომწონდა, კარგად რომ გამოვიყურებოდი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, ვინმეს გაეპრანჭო.

- ხვეული თმა გაქვს?

- კი. თავიდან გრძელ თმას ვატარებდი. ყველა აღნიშნავდა, რომ ლამაზი ხვეული თმა მქონდა და მიხდებოდა, მაგრამ ვერ ვეგუებოდი, არც ჩემი სტილი იყო. მერე მოკლედ შევიჭერი. ასეთი ვარცხნილობით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და ჩემი სტილიცაა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად თუ იკეთებ?

- ვცდილობ, სულ მოწესრიგებული ვიყო. მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟსაც ვიკეთებ. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მაკიაჟის გაკეთებას ბავშვობიდან მივეჩვიე, ბევრი დრო არ მჭირდება. კონკურსებზეც თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს. ეს ფოტოზეც კარგად ჩანს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენი პირველი მეწყვილე აჩიკო მეფარიძე იყო...

- კი. ეს ფოტო პირველი ცეკვის დროსაა გადაღებული. პირველ კონკურსზე გული ძალიან დამწყდა, პროექტი ასე მალე რომ დავტოვე. რაც შეეხება მეორე სეზონს - ცოტა უფრო გამიმართლა - მე და ჯაბამ 6 ცეკვა შევასრულეთ. ეს პროექტი ძალიან კარგი იყო ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის. ხალხმა გაგვიცნო.

- პროექტმა თუ შეცვალა რამე შენს ცხოვრებაში?

- ძალიან ბევრი რამ. ჯერ ერთი, ქუჩაში ყველა მცნობს. ახლა პედაგოგობაც დავიწყე - სტუდია "თელაში" ბავშვებს ცეკვებს ვასწავლი. თავიდან პედაგოგობაზე არ მიფიქრია, ახლა კი ძალიან მომწონს. ერთი სული მაქვს, სექტემბერი როდის დადგება, ჩემი ბავშვები რომ ვნახო. მათგან დადებით ენერგიას ვიღებ. უნიჭიერესი მოსწავლეები მყავს. აი, ამ გოგონებმა "კავკასიის თასზე" პირველი ადგილი დაიკავეს.

- ბევრი მცნობსო, თქვი; თაყვანისმცემლები თუ შეიძინე?

- კი, ბევრი და ეს სასიამოვნოა.

- შეყვარებული გყავს?

- ბავშვობაში მიყვარდა. ახლა ის ყველაფერი რომ მახსენდება, საკუთარ თავზე მეცინება... ახლა არ ვარ შეყვარებული და არც პირად ცხოვრებაზე მინდა ლაპარაკი.

- ის მაინც გვითხარი, როგორი ბიჭები მოგწონს?

- სიმპათიური, ძლიერი ხასიათის, თბილი და რომანტიკული ბიჭები მომწონს. კაცმა უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ყურადღებას ვაქცევ, - თვალებია. განა თვალის ფორმასა და ფერს ვგულისხმობ. არა, უბრალოდ, მეტყველი თვალები უნდა ჰქონდეს. ისე, საინტერესოა, თუ ვიპოვი ასეთ მამაკაცს ან როგორი იქნება (იცინის)?..

- ცეკვის გარდა, რა პროფესია გაქვს?

- სტომატოლოგიურზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ. მაგრამ ჩემი მოწოდება - ცეკვაა. მინდა, ამ საქმეში ბოლომდე დავიხარჯო. რაც შეეხება ჩემს სტომატოლოგობას, კბილი ჯერ არ ამომიღია. თუმცა "დავპლომბე" და პედაგოგი ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა. იმ ბიჭს, ვისაც "დავუპლომბე", ძალიან გაუხარდა, ჩემი პაციენტი რომ აღმოჩნდა. მიუხედავად ტკივილისა, გაღიმებული იჯდა... საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, თუ რამეს მოვკიდებ ხელს, ძალისხმევას არ დავიშურებ და ყველაფერს კარგად ვაკეთებ.

- ცეკვაში ბევრი წარმატება გქონია?

- მე და ოთო ფოლადაშვილი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიყავით სამი კვირით წასული და წარმატებით ვიასპარეზეთ. ეს ფოტო იქაა გადაღებული. ასევე წარმატებით გამოვედით "კავკასიის თასზე", მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო და ამისთვის დაუღალავად ვშრომობ.

- ლაშა ღლონტთან ერთად სურათი სად გადაიღე?

- ლაშასთან ერთად ერთ საღამოზე ვიყავი. ვცეკვავდი. მაშინ პირველად შევხვდი. ძალიან მხიარული და საინტერესო ადამიანია. ეს სამახსოვრო ფოტოც მაშინ გადავიღეთ.

- მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" მონაწილეობდი...

- სასიამოვნო და წარმატებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახალი ემოცია, სტილი და გრძნობა მომანიჭა. მიუზიკლზე მუშაობის დროს ბევრ საინტერესო და პროფესიონალ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ. საერთოდ, კარიერის მხრივ მიმართლებს და ეს მახარებს. იმედია, სულ ასე იქნება.

- თბილისში ხარ. დასვენებას არ აპირებ?

- კი, დასვენებას აგვისტოს ბოლოსთვის ვგეგმავ. ისეთი გადატვირთული წელი მელის წინ, თუ არ დავისვენე, ვერაფერს გავაკეთებ. ჩემთვის, სადმე წყნარ ადგილას წავალ და დავისვენებ. გართობა კარგია, მაგრამ ამ გართობითაც დავიღალე, განმარტოება მინდა.

- დაბოლოს: შეცვლიდი თუ არა რაიმეს შენს გარეგნობაში?

- ჯერჯერობით, მაკმაყოფილებს როგორიც ვარ. არ ვაპირებ, ჩემს გარეგნობაში რაიმე შევცვალო. მრავალფეროვნება, იმიჯის შეცვლა, მხოლოდ ჩაცმისა და მაკიაჟის ხარჯზე მიყვარს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებ მონაწილეობას?

- დიახ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მეწყვილე. იმედია, მესამე სეზონი კიდევ უფრო წარმატებული და საინტერესო იქნება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება