19 წლის გიორგი ბალხამიშვილმა გერმანიაში სკეიტბორდინგის ჩემპიონატზე 50 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მისი ოჯახი უკვე 20 წელია, გერმანიაში ცხოვრობს. "გიორგი არმანის" (როგორც მას გერმანიაში იცნობენ) დედა მხატვარი და ქველმოქმედი, ეკა ფერაძე გახლავთ. გასაოცარი არ არის, რომ ქალბატონი ეკას შვილიც ცდილობს, საქართველოში სკეიტბორდინგით დაინტერესებულ ბავშვებს დაეხმაროს, - საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლისას მათ ხშირად ასაჩუქრებს და ამ სპორტის განვითარების მიზნით, სპონსორებსაც ეძებს...
- "გიორგი არმანად" გუნდმა "მომნათლა". ჩვენთან ყველას თავისი მეტსახელი აქვს. 6 წელია, რაც სპორტის ამ სახეობას მისდევ. მე-7 კლასში ვიყავი, როცა ვარჯიშზე ჩემს კლასელს გავყევი და მივხვდი, რომ სწორედ ეს მინდოდა...
- გიორგი, არც ისე დიდი ხარ ასაკით... 6 წლის წინ - მით უმეტეს... სპორტის ეს სახეობა საკმაოდ სახიფათოა. შიშის გრძნობა არ გაგჩენია?
- შიშის მომენტი სულ თან სდევს ამ სახეობას. არ ვიტყვი, რომ ამის შეგრძნება არ მაქვს. შიში განსაკუთრებით ახალი ილეთის გაკეთებისას მძაფრდება, მაგრამ მეორე მხრივ, ექსტრემალური სპორტის მთავარი ხიბლი და "ფილოსოფია" სწორედ ეს არის: თუ არ გეტკინა, აზრი არ აქვს...
- ტრავმას ხშირად იღებ?
- საკმაოდ. ერთხელ ხელი მოვიტეხე, მერე - თითი... ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული.
- უახლოეს მომავალში რა შეჯიბრებაა დაგეგმილი?
- რამდენიმე დღეში კიოლნში მივდივართ. სულ ახლახან ავსტრიაში ვიყავით. ხან ორ კვირაში, ხან კვირაში ერთხელ გერმანიის და ევროპის მასშტაბით დავდივართ შეჯიბრებაზე - სპონსორები გვყავს და მათი დახმარებით ვმონაწილეობთ.
- სპეციალურ დარბაზებში ვარჯიშობთ თუ ღია ცის ქვეშ, სახელურებზე სრიალებთ?
- არის სპეციალური ფასიანი დარბაზები, ძირითადად, მათ ვიყენებთ. ზოგჯერ კი ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა ტიპის სახელურზე ვსრიალებთ. ხშირად ამის გამო შენიშვნას გვაძლევენ, გვიშლიან...
- ამ დროს ქუჩაში რამე რომ დაზიანდეს, ვინ აანაზღაურებს?
- სერიოზულ ზიანს არაფერს ვაყენებთ, უბრალოდ, ახალ-ახალ ადგილებში კარგია ვარჯიში, რადგან საჭიროა, საკუთარი თავი გამოცადო, რამდენად შეძლებ ახალი დაბრკოლების გადალახვას. როცა ახალ ადგილას გადიხარ, რა თქმა უნდა, დაცემის შანსი იზრდება, მაგრამ ეს უფრო მეტ ინტერესს იწვევს. დაცემა და ტკენა უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, რომ წამოდგე და თავიდან სცადო... რაც არ გამოგდის, მით უფრო აზარტში შედიხარ...
- დიდი ხანია, რაც სპორტის ეს სახეობა გერმანიაში განვითარდა?
- აქ დაახლოებით 30 წლის წინ გაჩნდა ინტერესი ამ სახეობის მიმართ. რომ შევადაროთ, განვითარების რა ეტაპზეცაა დღეს სპორტის ეს სახეობა საქართველოში, ისე იყო გერმანიაში 30 წლის წინ. ამერიკაში კი მას 60 წლის ისტორია აქვს.
ეკა ფერაძე, გიორგის დედა, მხატვარი:
- თბილისში სკეიტბორდინგის მოყვარულები გიორგის კარგად იცნობენ, ხშირად ჩამოდის, ხვდება და მათთან ერთად სრიალებს. მშრალ ხიდთან დადიან ხოლმე. ერთხელ, ზამთარში თბილისში ყოფნისას, სასრიალოდ წასული, სახლში მაისურით მოვიდა. საერთოდ, სპეციალური ზედატანი აცვიათ ხოლმე; თურმე ერთ ბავშვს მოსწონებია, გიორგის გაუხდია და უჩუქებია. ხან სხვისი "ბოტასით" მოდიოდა, ხანაც - ფეხშიშველი (იცინის). ცდილობს სპონსორების მოზიდვას, რომ ბავშვებისთვის თბილისში დარბაზი გაიხსნას.
- ამბობთ, რომ მის ვარჯიშს არასოდეს დასწრებიხართ. ეს ნერვიულობის გამო ხდება?
- ამის გამო არა, უბრალოდ, არ მინდა "დედიკოს ბიჭის" იმიჯი შეექმნას (იცინის). საერთოდ, ძალიან უცნაური ადამიანია. ერთხელ მე და ჩემმა მეუღლემ ჩეხეთში წავიყვანეთ. იქ სკეიტბორდინგის ძალიან დიდი დარბაზია, სპეციალური ველოსიპედებით. თავის მეგობართან ერთად იქ დავტოვეთ, მე და ჩემმა მეუღლემ კი გავისეირნეთ. როცა უკან დავბრუნდით, თავისთვის, ჩუმად იჯდა. გამიკვირდა: არასოდეს მინახავს დამჯდარი, სულ თამაშობს, მოძრაობს. თურმე დარბაზში თითი მოუტეხია ისე, რომ ძვალი გარეთ იყო გამოსული. მეგობარი გაოგნებული უყურებდა - როგორ არ ტირისო?!. ცხოვრებაში გიორგის არასოდეს უტირია. მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალებისას, მთელი დღე ტიროდა. ერთხელ მკლავი მოიტეხა, არტაშანი ედო. ვარჯიშზე მაინც დადიოდა, ჩვენ კი გვეუბნებოდა, საყურებლად მივდივარო. ერთხელაც, ჩემი მეუღლე გაჰყვა და ნახა, რომ არტაშანს იხსნიდა და მოტეხილი ხელით ვარჯიშობდა. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ რამე დაუშალო?! რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა ვარჯიშზე მიდის, ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ, ჩემი შიში არ გაჰყვეს და არაფერს ვიმჩნევ.
- როგორც ჩანს, სკეიტბორდინგით დაინტერესებული ახალგაზრდები საკმაოდ უცნაურები არიან. ეს მათი ცხოვრების, ჩაცმულობის სტილზეც აისახება?
- თავიანთი წრე აქვთ, დაახლოებით, ბაიკერებისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობენ. ერთმანეთზე ზრუნვით გამოირჩევიან, ერთად დადიან სასადილოდ. მოგეხსენებათ, გერმანიაში ეს ძალიან უცხოა. შეიძლება, დედამ სტუმრად მისული შვილი არ მიიღოს, თუ წინასწარ არ გააფრთხილა (იცინის)... არ იციან, რა არის შური. როცა ერთ-ერთი მათგანი გამარჯვებისას ფულად ჯილდოს მიიღებს, თანხას იყოფენ. ჩაცმულობითა და ვარცხნილობითაც გამოირჩევიან, ატარებენ სპეციალურ კედებს, ტანსაცმელს. ერთმანეთს ისე ჰგვანან, ზოგჯერ სურათში ჩემი შვილი სხვაში ამრევია... იმდენად უცნაურები არიან, რომ შეიძლება, ვერც გაუგო. ზოგადად, გიორგი ძალიან დამოუკიდებელია, არაფრით შეგაწუხებს. გარდა ამისა, მუშაობს, თავისი ხელფასი აქვს. გიორგისა და მის მეგობრებზე ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთები ხშირად წერენ.
- გიორგის გარდა სამი ვაჟი გყავთ. ახლახან დაბადებული ამადეო სალვადორე როგორ გრძნობს თავს?
- უფროსი შვილი აქ ერთ-ერთ წამყვან გამომცემლობაში მუშაობს. ამადეო სალვადორე დიდი ადამიანივითაა გატაცებული სახვითი ხელოვნებით. მთელი დღე შეუძლია, სახელოსნოში ჩუმად იყოს და სურათები ათვალიეროს, როგორც კი სხვა ოთახში გავიყვანთ, ტირილს იწყებს...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)