"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს

"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს

მუსიკოსი მაია დარსმელიძე პროექტში "ახალი ხმა" II სეზონზეც მიიღებს მონაწილეობას. ის ამჟამად აბსოლუტურად ცალკე, სტეფანე მღებრიშვილისგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს თავის გუნდს და დამოუკიდებლად იმუშავებს კონკურსანტებთან. ასევე იქნება სტეფანეც, რადგანაც ასეთია პროექტის ორგანიზატორების პოზიცია, რასაც მაია დარსმელიძე ეთანხმება და დიდი სიამოვნებით ერთვება II სეზონის შოუში:

- "ვოისი" ძალიან მაგარი პროექტია. მწვრთნელებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ, შესაძლებლობა აქვთ, საჯაროდ წარმოადგინონ საკუთარი მუსიკალური ხედვა. ისე, ყველაფერი მაინც კონკურსანტზეა დამოკიდებული. თუ მწვრთნელს ძლიერი კონკურსანტი გყავს, მაშინ ყველაფერი კარგად არის. მაგალითს მოვიყვან, პროექტის ფავორიტი - მაგდა ვასაძე, რომელსაც შესანიშნავი ვოკალური მონაცემების გარდა, ნამდვილი მოთამაშის თვისებები აქვს, ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის მზად იყო, უშიშრად მოდიოდა ნებისმიერ სიახლეზე. ეს თვისება ძალიან დამეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ასე რომ, კონკურსანტის მხოლოდ კარგი მუსიკალური მონაცემები არ მაკმაყოფილებს, რადგანაც შოუს მონაწილის არაჩვეულებრივი ვოკალი დღეს აღარვის უკვირს, მით უმეტეს საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი მღერის.…ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა კიდევ რაღაც "ჟილკა", მცირეოდენი სიგიჟე. მუსიკალური მონაცემების (სმენა, ხმა) გარდა, კონკურსანტი "კამიკაძეც" უნდა იყოს, რომ მე, მწვრთნელს გამომყვეს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე მაჩვენებინოს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვეძლევა, პროდიუსერული ხედვის მიმართულებითაც ვიმოქმედოთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო და აზარტული პროექტია. მიხარია, რომ მასში ისევ ვმონაწილეობ.

- აქამდე თუ შენ და სტეფანე ერთ გუნდად იყავით გაერთიანებულები და გადაწყვეტილებას ჯგუფურად იღებდით, წელს თითოეულს ცალ-ცალკე მოგიწევთ ჟიურის წევრობა. რას იტყვი ამაზე?

- დიახ და ეს ძალიან საინტერესო სიახლეა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის კონკურენციაც გამძაფრდება. გასულ სეზონზე მე და სტიოპა ბევრ საკითხზე კი ვთანხმდებოდით, მაგრამ უთანხმოებაც გვქონდა, მაგალითად, ვერ შევთანხმდით ნუკრი მენთეშაშვილისა და ნინი ცნობილაძის შემთხვევაში, - ჩვენი აზრები გაიყო. ახლა საშუალება მექნება, გადაწყვეტილება თავად მივიღო და მეწყვილეს აზრის გათვალისწინება არ მომიწევს. ამავე დროს პასუხიმგებლობაც მეტია.

- თქვენი დაშორება თქვენი სურვილით მოხდა, თუ პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ასე?

- ასე პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს და ეს სიახლე, ალბათ, საინტერესოც იქნება. სერიოზული კონკურენცია გაჩაღდება ცალკე ჩემსა და სტიოპას შორის, ცალკე ჩემსა და დათო ფორჩხიძეს შორის და ასევე დათოსა და სტიოპას შორის. მეოთხე მწვრთნელის ვინაობა ჯერ არ არის გარკვეული, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მისთვის ამ პროცესში ჩაბმა ცოტა რთული კი აღმოჩნდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გაართმევს.

- მოკლედ, თითოეული თქვენგანი მწვრთნელად ჩამოყალიბდა. პირადად შენ კომფორტულად გრძნობ თავს ამ ამპლუაში?

- ისეთი მაგარია, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდას თავისი საუკეთესო თვისებების გამომჟრავნებაში ეხმარები, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. პროექტში ძლიერი ბავშვები მოდიან, მაგრამ მწვრთნელის ფუნქცია და დანიშნულებაა, რომ ის კონკურსანტის მონაცემი ისე გახსნას, წინა პლანზე წამოსწიოს, რომ მისგან მხოლოდ საუკეთესო შედეგი მიიღოს. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეპერტუარი.

ვამაყობ იმით, რომ მანმადე არავის გაუკეთებია ისეთი რამ, რაც მე აღნიშნულ შოუში შევძელი და გავაკეთე: "ფორ ვიმინი" ანუ გოგონათა კვარტეტი შევკარი. ოთხი უმაგრესი მომღერალი - ეკა დოლიძე, მაგდა ვასაძე, ინდირა ჯგერნაია და ნინო ძოწენიძე ერთად ავამღერე. ჯილ სკოტი ქართულ პროექტებში არასდროს შესრულებულა და გასულ სეზონზე, როგორც იქნა, გავცდით ტრადიციულ უიტნი ჰიუსტონსა და ჯო კოკერს. წარმატებულად შედგა ეს ექსპერიმენტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

მოკლედ, "ვოისი" არის ერთგვარი ტრიბუნა, საიდანაც მე, როგორც მწვრთნელს, შემიძლია, რაღაც სიახლე შევთავაზო მსმენელს. XXI საუკუნეა და ძველი სტერეოტიპების ჩანაცვლების დროა. დამიჯერეთ, მუდმივად უიტნი ჰიუსტონის, ჯო კოკერის სიმღერების შესარულება უკვე მოსაბეზრებელია. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ - მეც და სტეფანემაც ამ მხრივ სიახლე შემოვიტანეთ. სტიოპამ ბავშვების "ვოისში" რეიჩელ ფერელის კომპოზიცია გააკეთებინა პატარებს. ასეთი რამ "ახალი ხმის" ისტორიაში საქართველოში კი არა, მგონი, ჯერ არსად გაუბედავთ, თანაც, ბავშვებში. ასე რომ, ძალიან საინტერესო და შრომოტევადი საქმიანობაა. მწვრთნელი შემოქმედებითად ხარ დაკავებული, რადგანაც შენს მუსიკალურ ხედვას უზიარებ მსმენელს და სთავაზობ სიახლეს.

- ფაქტობრივად, ეს ყველაფერი თქვენ პროფესიულ დახვეწასა და განვითარებასაც ემსახურება...

- არა მარტო ჩვენი, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ერთი და იმავე კომპოზიციებს მიჩველული მაყურებლისთვის, ამგვარად მას სთავაზობ სრულიად ახალ ასორტიმენტს და წლების განმავლობაში გამჯდარ სტერეოტიპებს ანგრევ. ჩემი და სტეფანეს შემთხვევაში, ყოველთვის ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობაა ხოლმე წარმოდგენილი, მსმენელს სხვადასხვა ჟანრს ვთავაზობთ...

- ნინი ცნობილიაძისა და სალომე ქათამაძის დუელი I სეზონზე სალომეს გამარჯვებით დასრულდა. შენი მოსაზრება მაშინ კი დააფიქსირე, მაგრამ მას მერე დრო გავიდა. საიტერესოა, ახლა რას ფიქრობ?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი უკმაყოფილო მოსაზრება გაკეთდა. სალომეს რაიმეს კი არ ვუწუნებდი, ის არაჩვეულებრივი მომღერალი და ძალიან მაგარი გოგოა, სუპერპროფესიონალია და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი. უბრალოდ, ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმებოდი, ის იყო, რომ მას სხვა კონკურსებიდან ვიცნობდი, ნინი კი ნამდვილად ახალი პროდუქტი იყო. მწვრთნელის მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესის ჩვენება, რისი მაგალითია მაგდა ვასაძის ყოველი გამოსვლა.

მიმაჩნია, რომ მაგდა ვასაძე მწრთნელის საუკეთესო ნამუშევარია. ეს გოგო ყველანაირ ექსპერიმენტზე წამომყვა. სალომე კი როგორი მაგარიც მოვიდა შოუში, ისეთი იყო პროექტის ბოლომდე. მაგდა ყოველ ჯერზე ახალი იყო, ურთულეს კომპოზიციებს ფანტასტიკურად ართმევდა თავს. მან სრული პროგრესი აჩვენა და საყოველთაო ფავორიტიც გახდა. ამაში ალბათ ბევრი დამეთანხმება. როდესაც გამოკითხვას აწარმოებენ, უმრავლესობა მაგდას ასახელებს. პირადად მე, გამარჯვებად ეს მიმაჩნია, ეს პროექტი მწვრთნელების ერთგვარი შეჯიბრია.

- II სეზონის წინ რა მოლოდინი გაქვს?

- წესია ასეთი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ კონკურსანტებს, მაგრამ ვინც კონკურსანტები ბრმა კასტინგისთვის შეარჩია, ამბობენ, რომ წელს ძალიან ძლიერი ნაკადია. ველოდები, რომ ჩემთან საუკეთესო ბავშვები წამოვლენ.

ველოდები ყველაზე ამბიციურ, არასტანდარტულ, ნაგიჟარ კონკურსანტებს, რომლებიც მზად იქნებიან, ხელი მოკიდონ ყველანაირი ჟანრის მუსიკას. მოხარული ვიქნები II სეზონზე ისეთ კონკურსანტებს შევხვდე, ვინც მზად იქნება, ექსპერიმენტებისთვის და დამეხმარება საკუთარი პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება