ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს

ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს

"უკვე 6 წელია, ამერიკაში ვარ, სადაც ცხოვრება ჩაპლინის ფილმების აჩქარებული კადრებივით მიედინება. ასე რომ, სიცოცხლით სავსე მსოფლიოს დედაქალაქში ვცხოვრობ, რომელსაც არასდროს სძინავს და შესაბამისად, არ მძინავს მეც", - ამბობს მსახიობი, იუმორისტი - ცუცა კაპანაძე. საინტერესოა, როგორია საქართველოში ცნობილი ადამიანისთვის, ამერიკაში ემიგრანტის სტატუსით ყოფნა. ჩვენს რესპონდენტს ნიუ-იორკში დავუკავშირდით და შეკითხვაზე - როგორ გრძნობს თავს უცხო ქვეყანაში? ცუცა კაპანაძემ ასეთი პასუხი გასცა:   

- სიმართლე გითხრათ, ამერიკაში მარტოსულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ აქ უმეტესობა ჩემი მეგობარია, შემოქმედებითადაც აქტიურად ვარ დატვირთული, მაინც ყველა და ყველაფერი ქართული მენატრება, ის ჭეშმარიტი და ტკბილი მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები, რაც საქართველოშია. მანდ ყველაფერს სხვა ხიბლი, სუნი და გემო აქვს. შენს სამშობლოს ოკეანის გაღმიდანაც სხვა თვალით, სიყვარულითა და სითბოთი უყურებ. ასე რომ, მის წარსულსა და მონატრებას ემიგრაციაში უფრო გრძნობ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა საოცარი ქვეყნიდან ვარ, რომელსაც პატარა ბავშვივით გაფრთხილება და მოფერება სჭირდება...

- ამჟამად რას საქმიანობ და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი საქმიანობით?

- მოკლედ, იმ სიმღერისა არ იყოს, "დღე და ღამე ლუკმაპურის შოვნაში" ვარ...

აქ უკვე 18 წელია, რაც ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომლის დამაარსებლები და სულის ჩამდგმელები ქალბატონი ლია და ბატონი ვიქტორ სირელსონები არიან. აქ ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვები ქართულ ენას ეუფლებიან, სწავლობენ საქართველოს ისტორიას, ეცნობიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. მე აღნიშნული ცენტრის გენერალური მენეჯერი და პედაგოგი ვარ. იქვე მუშაობს ასევე: ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი, საბალეტო სტუდია, მუსიკალური სკოლა, კინოს ჯგუფი, საბავშვო ტვ "ცისარტყელა", საბავშვო თეატრი, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, მოზრდილთა ქორეოგრაფიული ანსამბლი; მოკლედ, თითოეულ სეგმენტს ქართველი ემიგრანტები და თავის საქმის მცოდნე სპეციალისტები უძღვებიან. ასე რომ, არც ერთი დღე არ ვისვენებ, სულ ჩართული ვარ.

- სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- სამშობლოში დაბრუნებას ყოველდღე ვაპირებ, მაგრამ არ დამადგა საშველი...

სექტემბერში ამერიკის მოქალაქე გავხდები, შემდეგ ისევ საქართველოს მოქალაქეობას მოვითხოვ, იმედია, მომცემენ და მომავალი წლის ზაფხულში ჩამოვალ. ისე კი, თუ რომელიმე ტელეკომპანიას სურვილი გაუჩნდება, სერიალში ან შოუში მიმიწვიოს, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები ქართულ ტელესივრცეში, განსაკუთრებით, იუმორისტულ გადაცემას, ჩემს ბიჭებთან (ყოფილი "პა-სეანსელები") ერთად. გული მტკივა, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი ეკრანს მიღმაა დარჩენილი. ისე, დრონი მეფობენო, - ამაზეა ნათქვამი.

- ცუცა, ვერც ამერიკაშიც იპოვე ცხოვრების მეორე ნახევარი?

- რაც შეეხება მეორე ნახევარს, ქართული სიმღერა "სულიკო" რომ არის, აი, ისე ვარ სწორედ. დავდივარ, ხან რომელ ჩიტუნას მივეხმატკბილები და ხან - რომელს, მაგრამ ისინი მხოლოდ ფრთხიალებენ და შემდეგ მიფრინავენ, არ მწყალობენ... ყვავებს კიდევ მე არ ვწყალობ... მოკლედ, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა მეჩქარება? მუდმივი მერვეკლასელის ასაკში გავიყინე...

- ამერიკაში ქართველ შემოქმედებს პატარა ქართული "ოაზისი" გაქვთ შექმნილი, რითაც საქართველოს მონატრების წყურვილს იკლავთ... ეს "ოაზისი" არის ქართული თეატრი, სადაც არაერთი ქართული სპექტაკლი იდგმება...

- კი, ასეა, 14 სექტემბერს ჩვენს ქართულ თეატრს 6 წელი უსრულდება. თეატრი ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერითა და ერთი მამაკაცით" გაიხსნა. შემდეგ იყო ლიკა სირელსონის "სარკე"; მოგვიანებით ხათუნა იოსელიანმა ნოდარ დუმბაძის 80 წლის იუბილეს სპეკტაკლი - "თეთრი ბაირაღები" მიუძღვნა. ამ სპექტაკლში ნუნუ ექიმი გახლდით. პრემიერამ საოცარი წარმატებით ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლმა "სარკემ" მონაწილეობა მიიღო თეატრალურ ფესტივალში, რომელსაც თეატრალური საზოგადოება და პრესა კარგად გამოეხმაურა. ახლა ვმუშაობთ ირაკლი სამსონაძის პიესაზე "კლინიკური ქორწინება" და ბრეხტის პიესაზე "ურგისკენ მიმავალი გზა". ასევე ლიკა იწყებს თავის ახალი პიესის დადგმას. ასე რომ, შემოქმედებითად ძალიან დატვირთულები ვართ და ცოტა ხანში სამი ახალი სპექტაკლი გვექნება.

- რაც შეეხება ირაკლი სამსონაძის პიესას, მას ვინ დგამს?

- "კლინიკური ქორწინება" ტრაგიკომიკური ფარსია, თუ გნებავთ, კრიმინალური კომედია მისტიკურ სოუსში. რეჟისორი რამაზ ზურაბიშვილია, კომპოზიტორი დავით ჭკუასელი, ქორეოგრაფი - ირაკლი შენგელია, მხატვრები - თამუნა ლომსაძე და მამუკა მეტრეველი, პროდუსერი - ვიქტორ სირელსონი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ლიკა სირელსონი-ბახტურიძე. ვმონაწილეობთ: მე, ხათუნა იოსელიანი, გიორგი ნარიმანიძე, დათო ტოპრაკაშვილი, ირინა ჩინაშვილი, ირმა გაჩეჩილაძე, ანრი კალანდარიშვილი, გიგა ამირანაშვილი, ლაშა თაქთაქიშვილი. პრემიერა 27 ოქტომბერს არის დანიშნული. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავახაროთ ჩვენი საყვარელი გულშემატკივარი.

- მაყურებელი ბევრი გყავთ?

- საკმაოდ. როგორც ისინი ამბობენ, ჩვენს სპექტაკლებზე თავი საქართველოში ჰგონიათ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ პარალელურად ჩვენს უსაყვარლეს საქმეს ვაკეთებთ, რაც სულიერად გვასაზრდოებს... ცოტა ხანში თეატრი საგასტროლოდ კანადასა და ჩიკაგოში ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღებითა" და ლიკა სირელსონის "სარკით" მიემგზავრება.

- ე.ი. ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ძველებურად აქტიურობს...

- რაც შეეხება ხათუნას, ჩაუქრობელი ცეცხლია, ძალიან აქტიურია. ახლა მეორე სპეკტაკლის დადგმას აპირებს. მუდმივად შემოქმედებით წვაშია. მოკლედ, "თინეიჯერულ ასაკს" დაუბრუნდა.

- ნიუ-იორკში ქართველები რელიგიურ დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ და ზოგადად როგორ ცხოვრობთ?

- რელიგიურ დღესასწაულებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვნიშნავთ. მადლობა უფალს, აქ ნელ-ნელა ქართული ეკლესიები მრავლდება, რაც ემიგრანტებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შვებაა და პატარა საქართველოს სიმბოლოა. ერთს ვიტყვოდი, რომ სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს, - აი, ეს არის ემიგრანტის ნამდვილი ცხოვრება. ძალიან მიყვარხართ ქართველებო!

- როგორ ჩანს ოკეანის გაღმიდან საქართველო? საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ნიუ-იორკიდან როგორ შეაფასებ?

- ოკენის გაღმიდანაც ქვეყანა ისე გვტკივა, როგორც თქვენ მანდ. თუ ერთად არ დავდექით, თუ ერთმანეთს არ მივუტევეთ, არაფერი გამოვა.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ურჩი თავადებივით იქცევიან. როდესაც ჩვენთვის უპირველესი ჩვენი ქვეყანა იქნება და არა პიროვნებები, ალბათ მაშინ გავერთიანდებით. პოლიტიკაშიც კარგი მოთამაშე უნდა იყო როგორც ჭადრაკში, რომ პაიკად არ დარჩე. მხოლოდ იმედით შევყურებ მომავალს და მჯერა, რომ საქართველოში მალე სიმართლე იზეიმებს. მჯერა, ბატონი ბიძინა პილიტიკაში დარჩება თუ არა, დანაპირებს აუსრულებს ხალხს, რადგანაც ეს პიროვნება ხელისუფლებაში მოსვლამდეც აკეთებდა ქართველი კაცის გასაკეთებელ საქმეს. ადამიანი იმედით ცოცხლობს და ეს იმედი არ დაუკარგოს უფალმა ჩვენს ერს. კიდევ ერთხელ გეფერებით ყველას ნიუ-იორკიდან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-"სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება