გიორგი ყიფშიძე - "ვალსი" და "ტანგო" კი მიყვარდა, მაგრამ "ჩა-ჩა-ჩას" ვერ ვსწავლობდი"

გიორგი ყიფშიძე - "ვალსი" და "ტანგო" კი მიყვარდა, მაგრამ "ჩა-ჩა-ჩას" ვერ ვსწავლობდი"

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონზე მსახიობი გიორგი ყიფშიძე რომ იცეკვებს, ამის შესახებ "ამბები.გე" უკვე წერდა, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად გიორგის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ”ამბები.გე” გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა.

- მომეწონა იდეა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინამორბედ ორ სეზონს  მთელი ოჯახი სიამოვნებით ვუყურებდით. შესანიშნავი პროექტია.

ზოგადად ცეკვაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ რა ცეკვებიც ამ პროექტში სცენაზე ვარსკვლავებს გამოაქვთ, ჟანრობრივად სხვა რამ არის იმ ცეკვებისგან, რასაც მე ვცეკვავ. თუმცა თეატრალურ ინსტიტუტში "ტანგოს", "ვალსს", "ჩა-ჩა-ჩას" გვასწავლიდნენ. "ვალსი" და "ტანგო" კი მიყვარდა, მაგრამ "ჩა-ჩა-ჩას" ვერ ვსწავლობდი, თან, ვზარმაცობდი კიდევაც და ძალასაც არავინ მატანდა.

ისე, ქართული ცეკვები კი სამწუხაროდ, არ ვიცი, აი, აქ ძალიან ცუდად მაქვს საქმე, მაგრად მოვიკოჭლებ.

- ბავშვობაში მშობლები ქართულ ცეკვებზე არ გატარებდნენ?

- მათ სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არა. რატომღაც ასე მოხდა, მაგრამ არა უშავს, "ქართული ცეკვების" ტურისთვის რაღაცას ვიზამ... ისე, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ჩემს პროფესიასთან ეს ყველაფერი არც ისე შორს არის. მთავარია, რომ სიმღერა არ მომეთხოვება.

- რა, ვერ მღერი?

- რეჩიტატივის დონეზე, სპეკტაკლებში კი გამიკეთებია რაღაცები, მაგრამ... მოკლედ, ადამიანმა ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია...

რომ დავუბრუნდეთ ამ პროექტს, ამბობენ, რომ ცეკვების მომზადების პროცესი საკმაოდ რთულიაო. ალბათ, რთულია, მაგრამ იმაზე რთული რა უნდა იყოს, რაც მე ამა თუ იმ გადაღებაზე გადამიტანია, - ხანდახან სიცივისგან თითები მეყინებოდა ხოლმე. მოკლედ, საკმაო სირთულეები გადამიტანია და კიდევ გავუძლებ. თუმცა ფიზიკურ მომზადებასა და მზადყოფნას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე, წინასწარ რაიმეს თქმა მიჭირს, არ ვიცი, რა როგორ იქნება, თან, როგორ შევძლებ, ცეკვების დადგმას, ესეც ხომ საკითხავია?..

- როგორც ვიცი, დროც ცოტა გაქვს, არა?

- კი, ძალიან დატვირთული ვარ. ვმონაწილეობ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", ამასთან, თეატრში სეზონიც იხსნება, ასევე იწყება "ცელქი ბავშვები 2"-ის გადაღებები, რომელშიც ვმონაწილეობ. მოკლედ, იმდენმა საქმემ მოიყარა თავი, რომ... ხან არაფერი არ არის ხოლმე და ახლა იმდენია, დრო როგორ გავანაწილო, არც კი ვიცი. მგონი, ისტერიკა მეწყება, მაგრამ ამ პათოლოგიასაც, ალბათ, გადავიტან.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მაყურებელს რას ჰპირდები?

- მომწონს ეს პროექტი და ყველაფერს გავაკთებ იმისთვის, რომ ცუდად არ წარვდგე მაყურებლის წინაშე. წელს კონკურსანტებს ცირკის არენაზე მოგვიწევს გამოსვლა, რაც კარგია, როგორც ჩანს, ცხოველებთანაც ახლოს ვიქნებით. ცხოველები კი მიყვარს და მგონი, ყველაფერი მშვენივრად გამოგვივა...

მთავარი ის არის, რომ სცენაზე გულწრფელი უნდა ვიყო, ყალბი ვერ ვიქნები, რადგანაც ეკრანზე ნიუანსები მშვენივრად ჩანს. გავიმარჯვებ-მეთქი, ამას ვერავის დავპირდები, თუმცა გამარჯვებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ. დანარჩენი რა და როგორ იქნება, ამას შოუ გვიჩვენებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის…

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება