ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი

ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი

"თინეიჯერობის პერიოდში ცუდად ვიქცეოდი, არ ვსწავლობდი. ისე, მაშინ სწავლით თავს არც არავინ იკლავდა, რადგან ომის პერიოდი იყო", - მითხრა მსახიობმა ნინო მითაიშვილმა, რომელიც სერიალის - "შუა ქალაქში" წყალობით მართლაც, ძალიან პოპულარული გახდა და ამ რუბრიკაში მის მოწვევას არაერთი ადამიანი მთხოვდა. ნინო საოცრად ხალისიანი და რაც მთავარია, საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტი აღმოჩნდა...

- კლასელებთან ერთად სკოლას მეც ხშირად ვაცდენდი. "შატალოზე" წასულები ქუჩაში დავხეტიალებდით, ვინაიდან მაშინ არც კაფეში სიარულის ფუფუნება გვქონდა და კინოთეატრებშიც არაფერს უჩვენებდნენ. იმ პერიოდში საოცრად ჩაცმული დავდიოდი: მეცვა დაახლოებით 8 ზომით დიდი მამაკაცის პერანგი, ასხმული მქონდა ბევრი ტყავის ზონარი, რაღაც ძაფები; მეცვა დახეული ჯინსის შარვალი, უამრავი წარწერით და კაცის დიდი ფეხსაცმელი, რომელიც 2 ზომით მაინც იყო დიდი. ჩემი ზომის სასურველ ფეხსაცმელს ვერ ვშოულობდი და აბა, რა მექნა?! მინდოდა უხეში, სამხედრო სტილის ფეხსაცმელი, უხეში ცხვირით... მქონდა სურვილი, თმა წითლად შემეღება. დედა მეხვეწებოდა, - ეს არ გააკეთოო. ჰოდა, ხომ იცი, როცა გეუბნებიან, ეს არ გააკეთოო, პროტესტის გრძნობა გიჩნდება და იმ რაღაცის გაკეთების სურვილი გიმძაფრდება. ბოლოს დედამ მითხრა: წითლად - არა, მაგრამ სხვა ფრად შეიღებეო. წამიყვანა უნივერმაღის ძველ შენობაში, სადაც საღებავი ვიყიდეთ, რომელიც საკუთარი ხელით წამისვა. მერე აღმოჩნდა, რომ საღებავი კი არა, გამაღიავებელი გვიყიდია: წასმა დამთავრებული არ ჰქონდა, თმას ფერი რომ შეეცვალა. დედამ ხელი წამავლო ქეჩოში და თავი სასწრაფოდ დამაბანინა. როცა თმა გაშრა, აღმოჩნდა, რომ "რიჟა" გავხდი, შავი წარბებით (იღიმის).

- შენი უცნაური ჩაცმულობა რით იყო განპირობებული - ეს იყო ერთგვარი პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ თუ უბრალოდ ცდილობდი, შენი იმიჯით თანატოლებისგან განსხვავებული ყოფილიყავი?

- ამაზე არ დავფიქრებულვარ... იმ პერიოდში ვუსმენდი მძიმე როკს და ალბათ, ეს ყველაფერი ამითაც იყო განპირობებული. შეიძლება, ეს ერთგვარი პროტესტიც იყო. დედა ხშირად მეუბნებოდა: არ გიხდება, ამხელა ფეხსაცმელი რომ გაცვია, ძალიან გამხდარი ხარ და გამახინჯებსო, მაგრამ მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევდი...

- შენს შვილსაც ხომ არ მოსწონს დიდი ზომის სამოსი?

- ელენე ჯერ 12 წლის არის და ერთ-ორ წელიწადში შეიძლება, მასაც მოუნდეს რაღაც განსხვავებულის ჩაცმა. ახლა კი მოსწონს ყველაფერი ვარდისფერი... თუმცა, არა, მასაც ახასიათებს რაღაც ისეთი, რაც არ მესმის. მაგალითად, მოსწონს გაშლილი თმის ტარება, მე კი მომწონს, როცა აწეული აქვს. ვეუბნები: სახე გამოაჩინე, ლამაზი ნაკვთები გაქვს-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს. კიდევ, ის და მისი მეგობრები პაპანაქება სიცხეში გრძელსახელოიან ჟაკეტს იცვამენ. ვეუბნები: გაიხადეთ, რად გინდათ ამ სიცხეში ეს რომ გაცვიათ-მეთქი?.. მოკლედ, ამათაც აქვთ თავიანთი სტილი.

- როკი ვინ შეგაყვარა?

- მახსოვს, ჩემი და (ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია) მეგობრებთან ერთად "ფინკ ფლოიდს" უსმენდა. მათი მუსიკა მეც მომეწონა. მერე მოვუსმინე "ფარფლებს". ეტყობა, ამ ორმა ჯგუფმა ჩემზე გავლენა მოახდინა და როკი შემაყვარა.

- ანუ როკერების ფანი იყავი?

- იცი, რა, მყავდა საყვარელი მსახიობები, მუსიკოსები, ჯგუფები, მაგრამ არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ.

- სამაგიეროდ, ვიცი, რომ შენ გყავს ფანები...

- (იღიმის) ასეა.

- მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მათ შორის არიან ისეთები, რომლებთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს და არიან ადამიანები, რომლებიც იშვიათად მეხმიანებიან. ვცდილობ, მათ არ ვაწყენინო, რადგან ვიცი, ისინი ჩემი ერთგულები არიან. ვცდილობ, ყველას მაქსიმალურად მივაქციო ყურადღება...

- ბავშვობაში წარმოდგენების გამართვას ხომ არ ცდილობდი?

- "სპექტაკლობანა" არასდროს მითამაშია, სამაგიეროდ, ვთამაშობდი "მეფობანას". შუა ოთახში იარუსებად ვდგამდი სკამებს - ჯერ დიდს, მერე ცოტა პატარას, მერე კიდევ უფრო პატარას... მერე ტანზე შარფებს ვიხვევდი და ამ სკამებზე მივფოფხავდი. მოკლედ, შუა ოთახში, "ამაღლებულ ადგილას" ვიჯექი, დედა კი ჩემი მოახლე იყო. ვეუბნებოდი: ეს მომიტანე, ის მომიტანე-მეთქი და მასაც არ ეზარებოდა ჩემი მომსახურება... სკოლის დამთავრების შემდეგ ტელერადიოჟურნალისტიკაზე ვაპირებდი ჩაბარებას. იმ გიმნაზიაში, სადაც ვსწავლობდი, იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც ჩემი მეგობრები სწავლობდნენ. ისინი მეუბნებოდნენ: შენ აუცილებლად, თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბაროო. მე კი მათ ვპასუხობდი: კარგით, ხალხო, რა სისულელეა-მეთქი. ერთხელაც, ჩემს მეგობრებს მისცეს დავალება, მოემზადებინათ რაღაც ეტიუდი. ბავშვებმა მასში მონაწილეობა მთხოვეს. მარტივი, ბანალური სცენარი ჰქონდათ. ჩემთვის პარტნიორობა დღეს უკვე ცნობილ რეჟისორს - გიორგი ქანთარიას უნდა გაეწია. მას ჩემთვის უნდა დაეყვირა, რაღაც უხეშად უნდა ეთქვა და მერე დაერტყა. გიორგი მორიდებული ადამიანი იყო და "საცემრად" ვერაფრით გამიმეტა. მოკლედ, ძალიან გავწვალდით. სხვებთან ერთად, მეც ვაქეზებდი: მიდი, გიორგი, დამარტყი-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს, გადაწყდა, რომ ამ ეტიუდის რეჟისორს როლი თავად უნდა მოერგო. ჰოდა, რეპეტიცია რომ დავიწყეთ, მან ისე მიყვირა და ისე გამოიწია ჩემს "საცემრად", რომ შევშინდი და გამწარებული გავიქეცი დერეფნისკენ. ბავშვები უკან დამედევნენ, - გაჩერდი, რას აკეთებო? მე კი, შეშინებულმა, კარგა დიდი მანძილი გავირბინე...

- ეს ყველაფერი რით დამთავრდა?

- მერე, როცა ჩემმა ტვინმა "გადახარშა", რომ ეს ყველაფერი თამაში იყო, ცხადია, შევჩერდი და უკან მივბრუნდი.

- მშობლები მკაცრად გზრდიდნენ? თუ გაკონტროლებდნენ?

- ჩხუბით არ მეჩხუბებოდნენ. მე და დედას იცით, როგორი ურთიერთობა გვქონდა? - თვალებში რომ შემომხედავდა, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც დავაშავე და იმასაც ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამ დანაშაულის გამოსასყიდად. რაც შეეხება აკრძალვებს: მახსოვს, 16 წლის რომ ვიყავი, ჩემი თანატოლები ზღვაზე დასასვენებლად მშობლების გარეშე მიდიოდნენ, მე კი ამის უფლებას არ მაძლევდნენ.

- მერე, ეს სურვილი როდის დაიკმაყოფილე?

- მშობლების გარეშე ზღვაზე მხოლოდ მას მერე წავედი, რაც დავოჯახდი - მაშინ გვერდით მეუღლე მახლდა. მარტო კი დასასვენებლად რამდენიმე წლის წინ წავედი ანუ ძალიან გვიან ამიხდა ოცნება... მახსოვს, თუ ჩემი კლასელები ვინმეს ოჯახში იკრიბებოდნენ, მე ან არ მიშვებდნენ, ან აუცილებლად დროს მინიშნავდნენ: ამა და ამ დროს მოდი სახლშიო.

- თუ დათქმულ დროს გადააჭარბებდი, რა მოხდებოდა?

- რა მოხდებოდა, არ ვიცი, რადგან შინ ყოველთვის დათქმულ დროს მივდიოდი.

- მშობლები შენს პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულან?

- პირიქით, დედა ყველაფერში ხელს მიწყობდა, უბრალოდ, მკითხა: დარწმუნებული ხარ, რომ ეს პროფესია გინდაო? - კი-მეთქი, - რომ ვუთხარი, აღარაფერი აუკრძალავს.

- როცა პირველად სცენაზე გნახა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ეს არ მახსოვს და ვფიქრობ, ამას არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს. დედა ჩემს თითოეულ სპექტაკლს რამდენჯერმე ესწრება: პირველად, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ თეატრიდან გასულს არც ახსოვს, სცენაზე რა ხდებოდა. ამ დროს ძალიან ნერვიულობს და ჩემი დანახვისთანავე ტირის; აი, მეორედ, მესამედ კი იმავე წარმოდგენის სანახავად იმისთვის მოდის, რომ სპექტაკლს უყუროს და აღიქვას, რა ხდება რეალურად, როგორ ვითამაშე. ძალიან ემოციური ადამიანია. სიმართლე გითხრა, მრცხვენოდა, სპექტაკლის სანახავად მოსული ტირილს რომ იწყებდა, მაგრამ ამას წინათ ასეთი რამ გადამხდა: ელენე - ჩემი შვილი სუხიშვილების სტუდიაში დადიოდა და ღია გაკვეთილზე ჩვენც მიგვიწვიეს. სცენაზე რომ გამოვიდა, ავტირდი. მაშინ დედამ მითხრა: აი, ხომ ხედავ, შენც ისეთივე რეაქცია გაქვს სცენაზე შვილის დანახვისას, როგორიც მე, როცა სცენაზე გხედავო.

- "შატალოს" მოყვარული რომ იყავი, ეს ალბათ არ გიშლიდა ხელს იმაში, რომ რაღაც საგანი მაინც, კარგად გესწავლა...

- არა, იმ პერიოდში მართლა არც ერთი საგანი არ მიყვარდა და არც მხატვრული ლიტერატურის კითხვით ვიკლავდი თავს.

- რაიმე ჰობი თუ გქონდა?

- კი, მონეტებს ვაგროვებდი. კიდევ, ძალიან მიყვარდა თხილამურებით სრიალი. ერთი პერიოდი სპორტულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც 11 თუ 12 წლის ასაკში დავამთავრე. მას მერე თხილამურებზე კარგა ხანს არ დავმდგარვარ. ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მხოლოდ იმ წელს წავედი გუდაურში. მეგონა, თხილამურებზე ვეღარ დავდგებოდი, მაგრამ დავდექი თუ არა, ყველაფერი გამახსენდა და ვისიამოვნე... სკოლის პერიოდი ცუდად მახსოვს. ყოველი დილა მეზიზღებოდა, რადგან უნდა წავსულიყავი იქ, სადაც გაკვეთილი ხან ტარდებოდა, ხან - არა, ზამთარში გვციოდა და ა.შ. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობდით. ერთხელ, სკოლაში მივდიოდი, როცა ტაბიძის ქუჩაზე ფეხსაცმელში წყალი შემივიდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ფეხი გამეყინა, მაგრამ იმ დღეს "გადამეკეტა", უკან გავბრუნდი და შინ მისულმა განვაცხადე: სკოლაში აღარ წავალ-მეთქი! ახალ თაობას უამრავი საშუალება აქვს ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად, მაშინ კი სრული ვაკუუმი, სიბნელე იყო.

- მაშინ თინეიჯერები როგორ ბიჭებს მიიჩნევდით "მაგარ ტიპებად"?

- "კარგ ბიჭს" აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოდნავ გრძელი თმა, უნდა სცმოდა ჩვენნაირი დიდი ზომის "კლეჩატი" პერანგი და უნდა ყოფილიყო მუსიკოსი.

- კაიფის მოყვარულები არ მოგწონდა?

- ნარკოტიკი და ნარკომანები რომ არსებობდნენ, ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ძალიან გვიან - 16-17 წლის ასაკში გავიგე... მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი წამალი, რომელიც ადამიანს ენერგიას მატებდა. ვოცნებობდი ამ წამლის შოვნაზე და ვამბობდი: ის რომ მაშოვნინა და დამალევინა, დედას გავახარებდი, სახლს ადვილად დავალაგებდი-მეთქი (იღიმის).

- მერე, იშოვე სასურველი წამალი?

- არა, რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვე...

- ბავშვობის დროინდელი პირველი სიყვარული გაიხსენე...

- პირველად ბაღში "შემიყვარდა". მას გიორგი ერქვა და ზედა კბილები არ ჰქონდა, მხოლოდ ღოჯები ჰქონდა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ძალიან მომწონდა... მერე, სკოლის ასაკში პატარ-პატარა გატაცებები მქონდა, მაგრამ სერიოზულად არავინ მყვარებია. ვინც შემიყვარდა, მას ცოლად გავყევი და დღემდე ერთად ვართ...

- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებდი? ამისთვის შენეული მეთოდი თუ გქონდა?

- ასეთი ბიჭები თავიდან რომ მომეშორებინა, ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი, უზნეოდ ვიქცეოდი. მაგალითად: ცხვირს ხმამაღლა ვიხოცავდი, წყლის დალევისას საშინელ ხმას გამოვცემდი და ა.შ. ამ მეთოდებით მათი შეშინება ხან გამომდიოდა, ხან - არა.

- გარდატეხის ასაკში საკუთარი გარეგნობა ბევრს არ მოსწონს და მერეც, უკვე ზრდასრულები ძველ ფოტოებს ხევენ...

- მეც არ მომწონდა საკუთარი გარეგნობა და ვამბობდი, - პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთო-მეთქი. მინდოდა ცხვირის, თვალის, ტუჩის ფორმის შეცვლა; მსურდა სხვა ფერის თმა მქონოდა. ერთი პერიოდი ამოვიჩემე, - ქერა უნდა გავხდე-მეთქი, მერე წითელ თმაზე გადავირიე... ახლა ჩემს შვილსაც არ აკმაყოფილებს საკუთარ გარეგნობაში რაღაცები და ამაზე ვბრაზობ, მაგრამ მერე მის ასაკში საკუთარი თავი მახსენდება და ვწყნარდები. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც ვამბობდი, დიდი ყურები მაქვს-მეთქი და ამ ნაკლის დაფარვას თმის მეშვეობით ვცდილობდი... ახლა, როცა მაშინდელ ფოტოებს ვათვალიერებ, მათი დახევის სურვილი კი არ მიჩნდება, არამედ ბევრს ვიცინი. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა ძველი ფოტო აღმოვაჩინეთ. ერთმანეთისგან გარეგნულად რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ იმ კონკრეტულ სურათზე ერთურთს საოცრად ვგავართ: ორივე გამხდარი ვიყავით, ერთნაირი ჩაცმის სტილი და "ჩოლკა" გვქონდა. მახსოვს, დედა ყოველთვის მიკრძალავდა "ჩოლკის" შეჭრას. მე ჩუმად ვიჭრიდი და მერე ბოლოებს ვიწვავდი სანთლით, რომ სათქმელი მქონოდა, - შემთხვევით შემეტრუსა-მეთქი. დედა ალბათ ხვდებოდა, რომ რაღაცას ვმაიმუნობდი, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. ჰოდა, ნელ-ნელა საოცარი "ჩოლკა" დავიყენე. ჩემს მეგობარსაც ასეთივე ვარცხნილობა ჰქონდა და იმ ფოტოზე ნესვებს ვგავართ (იცინის). ჩემს ადგილას, ბევრი იმ სურათს გაანადგურებდა, მე კი ასეთი სურვილი არ გამჩენია, პირიქით - მისი წყალობით ბევრი ვიხალისე...

- გოგონებს ერთმანეთის მიმართ შურის მომენტი თუ გქონდათ, ერთმანეთზე ჭორაობის გამო ჩხუბი ხომ არ მოგსვლიათ?

- სკოლის მეგობრები კი ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთმანეთის რაღაც გვშურდა. უბრალოდ, რაღაც სისულელეზე ვკამათობდით, მაგრამ მერე ერთმანეთს ისევ ვურიგდებოდით. ახლა გამახსენდა კლასელი გოგონა, რომელთანაც გამუდმებით ვქიშპობდი, ორივეს ლიდერობა გვინდოდა. ის ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ მაინც გვქონდა კონფლიქტი. ერთხელ ჩვენმა კლასელმა ბიჭმა მას აწყენინა. მის წინააღმდეგ გავერთიანდით, სხვა გოგონებიც მხარში ამოგვიდგნენ და ვცემეთ, წიგნებიც დავუხიეთ. საბოლოოდ, ის ბიჭი სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

- პედაგოგებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- ნორმალური. ხომ იცი, ყველა სკოლაში არის ერთი მასწავლებელი მაინც, რომელიც მკაცრი ადამიანის იმიჯით სარგებლობს. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი პედაგოგი, რომელიც არ მიყვარდა. ის ბიჭებს სცემდა, "ბაკებს" ახევდა. მსუქანი ქალი იყო და თითებზე უამრავი ბეჭედი ჰქონდა ასხმული. გაუქანებდა ხოლმე ამ სამკაულით მორთულ-მოკაზმულ ხელს ვიღაცას და ზოგს თავში ურტყამდა, ზოგს ტუჩი უსკდებოდა...

- მშობლები ამას არ აპროტესტებდნენ?

- ვინმეს ეს ამბავი რომ გაეპროტესტებინა, დამამახსოვრდებოდა, მე კი მსგავსი არაფერი მახსოვს. ეტყობა, მაშინ ეს მიღებული წესი იყო... სამაგიეროდ, ძალიან კარგი დამრიგებელი გვყავდა. ის ყველაფერში გვერდით გვედგა.

- სკოლის ბანკეტი გახსოვს?

- სკოლის ბანკეტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორი მოლოდინიც გვქონდა. მეცვა ნაცრისფერი, თითქმის სპორტული კაბა, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა...

- სკოლის მოსწავლე მაკიაჟს იკეთებდი?

- კი. მაშინ იყიდებოდა ბურთულიანი გამჭვირვალე, ბრჭყვიალა პომადა, რომელსაც რატომღაც, თვალებზე ვისვამდით. კიდევ, მთელ სახეს ვიფარავდი რუმიანით, ვითომ "ზაგარი" მქონდა. შინ ორი დიდი ქილით ტონალურ კრემს ვინახავდი: ერთი ღია, მეორე კი ძალიან მუქი იყო. მათ ერთმანეთში ვურევდი და მერე მთელ ტანზე ვისვამდი. ქუჩაში მყოფს წვიმა თუ მომისწრებდა, შინ თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი. სხვათა შორის, ეს ტონალური რომ წამესვა, აუცილებლად მჭირდებოდა დამხმარე, რომელიც სხეულზე კრემის თანაბრად განაწილებაში დამეხმარებოდა. ჰოდა, ამ საქმეში მეგობრები მეხმარებოდნენ.

- შენი აზრით, რით განსხვავდებიან ახალი თაობის წარმომადგენლები შენი თაობის მოზარდებისგან?

- ესენი საოცრად მიზანდასახულები არიან და ზუსტად იციან, რა უნდათ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან მიზნისკენ.

- დაბოლოს, რას უსურვებ ახალ თაობას?

- ვუსურვებ, იყვნენ ძალიან კეთილები, უყვარდეთ ყველა და ყველაფერი. და კიდევ, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება