"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

წლების წინ კბილის ტექნიკოსობას აპირებდა, მაგრამ ერთხელაც, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ სალონში თმის შესაჭრელად შესულს სტილისტი მაკა მოეწონა. მას მერე, ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად და მაკას სანახავად სულ იქ დადიოდა. "ერთხელ, სალონში მისულმა ყური მოვკარი, ჩემი საყვარელი სტილისტი ვიღაც გოგოს ეუბნებოდა: - მეცადინეობა ორშაბათიდან დავიწყოთო. მივხვდი, ხელობის შესასწავლად იმ გოგოს მაკასთან უნდა ევლო. ეს ამბავი მეც დამიჯდა ჭკუაში, არადა, მაშინ 16 წლის გახლდით, მეათეკლასელი", - ამბობს მიშა გასიტაშვილი, რომელიც დღეს წარმატებული და პოპულარული სტილისტია.

- მიშა, ხელობის შესწავლა როგორ დაიწყე?

- იმ პერიოდში საზაფხულო არდადეგები მქონდა და დედას ვუთხარი, - 300 დოლარი მომეცი, რაღაც ინვენტარის შესაძენად მჭირდება-მეთქი. მერე ის ფული მაკას მივუტანე. მოკლედ, სამ თვეში 300 დოლარი გადავიხადე და სტილისტობის ანაბანას მთელი ზაფხულის განმავლობაში ვსწავლობდი. იქ ბევრი მეგობარიც გავიჩინე... როცა სკოლა დაიწყო, სასწავლებელში სიარულისა და მუშაობის შეთავსება მომიხდა. მეთერთმეტე კლასში რომ გადავედი, იმ სალონში უკვე საკუთარი კლიენტები მყავდა. კომუნიკაბელური ვიყავი და ყველას უპრობლემოდ ვეკონტაქტებოდი. მერე ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელსაც ირმა ერქვა (მასთან დღესაც ვმეგობრობ), მარჯანიშვილის თეატრის გვერდით სალონი გახსნა და სამსახური შემომთავაზა. 10 წელი იქ ვიმუშავე და პოპულარული გავხდი...

- დედამ, რომელიც კბილის ტექნიკოსობისთვის გამზადებდა, რა გითხრა?

- დედამ ჩემი საქმიანობის შესახებ ყველაფერი საკმაოდ გვიან, შემთხვევით გაიგო და რაღას მეტყოდა?.. უპირველესად, ამ საქმეში ის მომეწონა, რომ უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. მერე, როცა პოპულარული გავხდი, ადამიანების წინაშე უკვე პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, მანამდე კი ჩემთვის ეს ყველაფერი გართობა უფრო იყო. რადგანაც ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის პირადი სტილისტი გავხდი, ცოტა ხნით მილანში, "ალტოკოპოლას" აკადემიაში სასწავლებლადაც წავედი...

- მოკლედ, ცხოვრებაში თავის დამკვიდრება შენთვის ადვილი აღმოჩნდა, არა?

- ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მიმაჩნია, რომ თბილისში ბევრი წარმატებული და პროფესიონალი ხელოსანია. მე პროფესიონალი კი არა, მოდური უფრო ვარ.

- ამას თავმდაბლობა გალაპარაკებს?

- არა. იცი, მიშასთან ურთიერთობა ადამიანებისთვის უბრალოდ სტილისტთან მისვლა კი არა, სულ სხვა რაღაც არის. არ ვარ ამბიციური, მაგრამ ჩემთან მომხმარებლები იმიტომ ნამდვილად არ დადიან, რომ პროფესიონალად მიმიჩნევენ...

- აბა, რაში გიხდიან ფულს?

- ადამიანებს ვუყვარვარ, ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან; კლიენტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მიყალიბდება. ვიმეორებ, მე არ ვარ იმ დონის პროფესიონალი, როგორი სახელიც მაქვს. უბრალოდ, მიშასთან სიარული მოდაშია და ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ.

- პროფესიონალ დალაქებთან თუ სტილისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- სამწუხაროდ, ჩემი თანამშრომლების გარდა, ამ პროფესიის ადამიანებს პირადად არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცნობ ქართული შოუბიზნესის, ტელევიზიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს...

- როგორ ფიქრობ, ამ ადამიანებს შენში რა იზიდავთ?

- ჩემთან კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგანაც პოზიტიური ადამიანი ვარ. ცხოვრებაში მეც მქონდა ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ მაშინაც ვერავინ ვერაფერს მატყობდა. ადამიანების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი ვარ... მოკლედ, კოსმოსში პოზიტიურ ენერგიას ვგზავნიდი, რომელიც უკან კეთილად მიბრუნდებოდა. როდესაც ცუდად ვიყავი, თავს ვარწმუნებდი, რომ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდებოდა; ჩემი სამყარო გამოვიგონე, რომელშიც ვცხოვრობდი.

- ასეთი რა გჭირდა?

- რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 20 წლის ასაკში 80.000 დოლარამდე ვალი ავიღე, ხელფასი კი 2.000 ლარი მქონდა და დიდპროცენტიანი ვალის გასტუმრება მიხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემმა თავაშვებულმა ცხოვრების წესმა განაპირობა: მაშინ უაზროდ ვერთობოდი, ცუდად ვცხოვრობდი, მაგრად "ავიშვი".

- როგორც ჩანს, პოპულარობას ვერ გაუძელი და ასე ვთქვათ, "თავში აგივარდა"...

- მართალია, პოპულარობას ბევრი ვერ უძლებს. რაღაც პერიოდი მეც პომპეზურად ვიცხოვრე, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. საბანი მხრებამდე მწვდებოდა, მე კი მას ორჯერ ვიხვევდი.

- ამის შესახებ არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ?

- არც ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს ამას არ ვეუბნებოდი.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მხოლოდ დედ-მამა მყავს... როდესაც ცუდად ვიყავი, იმ პერიოდში ჩემთან ერთ-ერთი მომხმარებელი - ქეთი გველესიანი მოვიდა. ამ ქალბატონმა იცი, რა გააკეთა? - ყველა პრობლემა მომიგვარა და მომიწყო ეს მაღალი დონის საპარიკმახერო, სადაც ახლა ვმუშაობ. თქვენი მეშვეობით, მას ამ საქმისთვის კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას. ის ჩემი უახლოესი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი სახით მფარველი ანგელოზი მომევლინა. ასე უანგაროდ არავინ არავის ეხმარება...

- როგორ ფიქრობ, მისგან ასეთი ყურადღება რით დაიმსახურე?

- ჩემი ტოლი შვილი ჰყავს და იფიქრა, - ჩემს შვილს მსგავსი პრობლემა რომ ჰქონოდა, ალბათ ძალიან გაუხარდებოდა, ვიღაც დახმარების ხელს თუ გაუწვდიდაო. ქეთისთან დედაშვილური ურთიერთობა მაქვს.

- მეორე დედა გიპოვია...

- ასეა. მე მიყვარს დედაჩემი და მიყვარს ქეთი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. მისი წყალობით, მაქვს ყველაფერი, რაც მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი... ცოტა ხნის წინ, სასაცილო ამბავი შემემთხვა: მეგობრებთან ერთად, კაფეში ვიყავი, სადაც ორი გოგო შემოვიდა. ისინი ჩემი მეგობრების მეგობრები აღმოჩნდნენ. საუბრისას ერთ-ერთმა გოგომ იკითხა, - სტილისტ მიშასთან მინდა მისვლა. ამბობენ, რომ გემოვნებიანი ტიპია და მისი ნომერი ხომ არ იცითო? უთხრეს, - ეს არის მიშაო (იღიმის)... ვიდრე გამიცნობენ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემთან მხოლოდ "ზვეზდები" დადიან. არადა, ასე არ არის: ჩემთვის ყველა ქალი "ზვეზდაა"...

- ამდენი კლიენტის მომსახურებას როგორ აუდიხარ?

- სწორად შედგენილი განრიგის წყალობით მუშაობა მიადვილდება. ჩემთან მოსვლის მსურველები სიაში წინასწარ ეწერებიან. და კიდევ, გამორიცხულია, ცნობილი ადამიანის გამო უცნობი კლიენტის მომსახურება მივატოვო ან დროებით გადავდო.

- ბედნიერი კაცი ხარ, ამდენ ცნობილ და უცნობ ქალბატონთან რომ გაქვს ურთიერთობა, არა?

- ადამიანი ყველაფერს იყიდის, მაგრამ ხალხის სითბოსა და სიყვარულს - ვერასდროს. ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის, რითაც ბედნიერი ვარ.

- ერთხელ ჰოლივუდის ვარსკვლავს - შერონ სტოუნსაც კი მოემსახურე, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა...

- ჰო. ერთხელ დამირეკეს და დამიბარეს "რედისონში", სადაც შერონი იყო დაბინავებული. მის ნომერში შესვლა ჩემთვის ისეთი მოულოდნელი რამ იყო, რომ საოცრად ავღელდი. თან, ისე სწრაფად მომიხდა სასტუმროში წასვლა, რომ ფენი სალონში დამრჩა... შერონი ხალათში იყო გამოწყობილი და ბრილიანტის ულამაზესი სამკაული ეკეთა. ჰოდა, სწორედ მაშინ, სურათი გადავუღე. ვიდრე ის თავს იბანდა, მე სალონში დავრეკე, - ფენი მომიტანეთ-მეთქი. დროს, რაც შეიძლებოდა, ვწელავდი: ჯერ თმა პირსახოცით შევუმშრალე, მერე თავზე მასაჟი გავუკეთე და ამასობაში, ფენიც მომიტანეს... მერე სამი დღის განმავლობაში მასთან ნომერში დავდიოდი და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...

- როგორები არიან შენი კლიენტი ქართველი "ვარსკვლავები"? ხომ არ ჭირვეულობენ?

- ისინი კარგები და ბევრად კომფორტულები არიან, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, ამასთან - პოზიტიურები და არაამბიციურებიც.

- შენ მათი ცხოვრების "კულისებში" გიწევს ყოფნა...

- (მაწყვეტინებს) მათ არა მარტო ცხოვრების "კულისებში" ვხვდები, რეალური კულისებიდანაც ვაკვირდები, რადგანაც მათ კონცერტსა და ამა თუ იმ ღონისძიებაზეც მიწევს ყოფნა... მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. ძალიან მენდობიან, მათ მეც ვენდობი და ურთიერთობას სალონის გარეთაც ვაგრძელებთ. მგონი, ჩემ გარდა არც ერთი პარიკმახერი არ დადის თავის კლიენტებთან ერთად "პაეზდკაში". მე კი მეპატიჟებიან და ხან სად მივდივარ, ხან - სად. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მე და ნინა წკრიალაშვილი პარიზში ვიყავით და კიდევ ვგეგმავთ წასვლას...

- როგორც ვიცი, შენთან დადიან: სოფო ნიჟარაძე, ია ფარულავა, ქრისტინე იმედაძე, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი...

- მე და ია ფარულავა თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან საყვარელი ქალია. არასდროს თამაშობს - რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ხანდახან ძალიან ენამწარეა, მაგრამ ამავე დროს, არის ძალიან სასაცილოც. მოკლედ, "გიჟი" ქალია, რა! ისე, ნინი ბადურაშვილი ახსენე და გეტყვი, რომ ის გუშინაც იყო ჩემთან, თმა შევჭერი...

- ბოლო დროს ნინის გარშემო ატეხილ ამბავზე რას გვეტყვი?

- ეს მისი პირადი საქმეა და მე არ მაინტერესებს, ჩემი სალაპარაკო თემა არ არის, მაგრამ ერთს ვიტყვი: ნამდვილი კაცი, ვისგანაც ცოლი შვილს ელოდება, ისე არ უნდა ლაპარაკობდეს, როგორც ირაკლიმ ილაპარაკა. ამას კაცურ საქციელად არ მივიჩნევ! საბედნიეროდ, იმ რთულ პერიოდში ნინის მიმართ ხალხისგან პოზიტიური განწყობილება ორმაგად წამოვიდა, რადგანაც ამ ყველაფერზე ერთი კონკრეტული განცხადებაც არ გააკეთა. ის ღირსეულად შეხვდა ამ ამბავს. ღირსეული დედაა და ძალიან კარგად გრძნობს თავს. რაც მთავარია, ჰყავს ძალიან საყვარელი ელენე და ყველაფერი წინ აქვს...

- ხელისუფლების წარმომადგენლებზე რას იტყვი?

- ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ჩემი კლიენტია თინა ხიდაშელი. ის დიდი ხანია, ჩემთან დადის და ძალიან მიყვარს, კომფორტული ადამიანია... ჩემთან დადიოდა ვერა ქობალია, გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე, დღემდე დადის მარიკა ვერულაშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო პარიკმახერი ვარ. ჩემთვის მთავარია, აქ მოსულმა ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი და რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრია? აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- სოფო ნიჟარაძე როგორი ადამიანია?

- სოფო მარჯანიშვილზე რომ ვმუშაობდი, ჩემთან მაშინ მოვიდა. მოსკოვიდან თბილისში ახალი ჩამოსული იყო. პირველად სალონში ჩემი ბავშვობის მეგობართან, ლელა კილაძეთან ერთად მეწვია და მას მერე ვმეგობრობთ. ხომ იცით, "ევროვიზიაზეც" გავყევი და პროექტში - "ნიჭიერი" რომ მონაწილეობდა, მაშინაც სულ თან დავყვებოდი... სოფო ძალიან მიყვარს. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი და განათლებულია, კარგი ადამიანიც არის... "ევროვიზიაზე" მის გამო ძალიან ვნერვიულობდი. სოფო ნორვეგიაშიც პოპულარული იყო, - სელინ დიონს ეძახდნენ.

- ბავშვობაში თუ იფიქრებდი, რომ ასეთი პოპულარული ადამიანების გარემოცვაში მოგიხდებოდა ცხოვრება?

- ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ბავშვობაში ვოცნებობდი მხოლოდ იმაზე, რომ სადმე შევხვედროდი თეა გვასალიას, ინგა გრიგოლიას, ია ფარულავასა და ლელა წურწუმიას. ძალიან მინდოდა, მაშინ ყველაზე "სთარები" ახლოდან მენახა, დღეს კი მათთანაც ვმეგობრობ. ამიტომაც, ხშირად ვამბობ ხოლმე: აუცილებლად უნდა დაიჯერო, რომ ოდესმე ოცნება აგიხდება. მთავარია, ამ ყველაფრის რწმენა გქონდეს. ძალიან მინდა, ოდესმე მეც შევძლო სხვების დახმარება ისე უანგაროდ, როგორც თავის დროზე მე ამომიდგნენ მხარში...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება