"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"

"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"

რუბრიკა "ფსიქოს" რესპონდენტი, მსახიობი სანდრო კაკულია პროფესიით იურისტია, მაყურებელმა ის სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო.

- სანდრო, სად გაატარე ზაფხული?

- ვმუშაობ და ჯერ დასვენებისთვის ვერ მოვიცალე. მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ კუნძულზე ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან იმ კუნძულზე, სადაც დასვენება გვინდა, წვიმიანი ამინდებია.

- დასასვენებლად წასვლას თუ აპირებ, გამოდის, გადაღებებზე ვეღარ ივლი. ხომ არ დატოვე სერიალი?

- "ჩემი ცოლის დაქალები" არ დამიტოვებია. ახალ სეზონს ცოტა მოგვიანებით შევუერთდები.

- რით გგავს სანდრექსას პერსონაჟი?

- სანდრექსა ბოლო დროს ძალიან დამემსგავსა. რადგან პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, თავიდან თამაში ისე დავიწყე, რომ როლს მოვრგებოდი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ როლი მე მომერგო. ბევრი რამით დამემსგავსა - ადვილად შეყვარებით და სასიყვარულო ურთიერთობებით. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ.

- გათხოვილი ქალი არასოდეს მოგწონებია?

- ქმრიან ქალთან ურთიერთობა არ მქონია. განა იმიტომ, რომ მიუღებელია, სიყვარული ისეთი გრძნობაა, როგორც უნდა ეცადო, მის დამალვას ვერ შეძლებ, ბოლოს მაინც იჩენს თავს. მე ღია კავშირების მომხრე ვარ, იმის გამო, რომ რაღაც არ შეიძლება, ურთიერთობებისგან თავი არ უნდა შეიკავო.

- როგორი მამა ხარ?

- 3 წლის შვილი მყავს, სახლში ბევრ დროს ვერ ვატარებ. არადა, ჩემთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემს ცოლ-შვილთან გატარებული თუნდაც ერთი საღამო.

- ალბათ რთულია შენნაირი სიმპათიური და პოპულარული ბიჭის ცოლობა...

- ამიტომაც ვცემ პატივს ჩემს მეუღლეს - ის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მათ შორის, ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა, ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც მან გაუძლო.

- ამ ბოლო დროს აქტიურად ეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს...

- ჩემმა მეგობარმა, ჟურნალი­სტმა თეა ადეიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ცენტრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს რომ დავათვალიერე და მათი ისტორიები წავიკითხე, ძალიან შევწუხდი და გადავწყვიტე ამ პატარებს, რითაც შემეძლო, დავხმარებოდი. ხშირად დავდივარ მათთან და ვიცი, რომ კარგად იქნებიან...

- შენ რომ ქვეყნის ლიდერი იყო, რომელი სფეროს განვითარებას მიიჩნევდი პრიორიტეტულად?

- მთავარ ყურადღებას ტურიზმის და მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას დავუთმობდი. ადამიანების ცხოვრებაში დასავლურ სტანდარტებს დავამკვიდრებდი. კანონებს მივიღებდი ცუდად მომსახურე პერსონალის დასასჯელად. ქვეყანას მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ განავითარებენ. ჩვენ იმდენი კომპლექსი გვახრჩობს და გვაწამებს, ვერ ჩამოვთვლი. რომელ ნატოსა და ევროკავშირზეა ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც შეიძლება ოფიციანტმა თავზე წვნიანი გადაგასხას, ან ტაქსის მძღოლმა მგზავრი მანქანიდან შუა ქუჩაში გადმოაგდოს. ადამიანი რომ მიმტანად მუშაობს, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებია. ამას ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ.

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: ერთი შეხედვით ამბიციური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა გულისხმიერი და ქველმოქმედია, უანგაროდ გასცემს სიკეთეს. ამავე დროს პრაგმატული და რომანტიკულიც არის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება