იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება

იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება

"მზესთან ხარ, ცასთან ხარ, შორსაც არა ხარ..." - ასე იმღერება ნანა მესხის სიმღერის ერთი ფრაზა... თავადაც ასეა: გაბრწყინებული თვალებით, შინაარსიანი მზერით გიყურებს, ლაპარაკობს და თითქოს, შენამდე ჩამოაქვს მზისა და ცის სათქმელი... თითოეული მისი სიტყვა "დატენილია" შთაგონებით, სიცოცხლის ხალისით, ქალურობითა და რაც მისთვის ყველაზე მთავარია - სიყვარულით...

- სიახლეებით დავიწყოთ...

- მაქვს ახალი სიმღერები, რომლებიც ეთერში ჯერ არ გასულა. ერთი ბექა ჩხაიძეს - "ალილოს" არაჩვეულებრივ ხმას დავუწერე, მეორეს კი ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ; მესამე სიმღერა, რომელიც სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს შემოქმედებაში - ფრანგულია. ფრანგული ერთ დროს ძალიან კარგად ვიცოდი, ვგიჟდები ამ ენაზე. ვფიქრობ, სიმღერის შესრულებას თავად შევძლებ. გარდა ამისა, მე და რომა რცხილაძეს გვაქვს ერთობლივი პროექტი. მას მიაჩნია, რომ კარგი მუსიკოსი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე მაღალი შეფასებაა. მე და რომა ერთ ჩემს და ერთ მის სიმღერას დუეტში შევასრულებთ.

- როგორც ვიცი, რამდენიმე საქმით ერთდროულად ხართ დაკავებული. დასვენება თუ მოახერხეთ?

- პარალელურ რეჟიმში მართლაც, ბევრ რამეს ვაკეთებ, ასე რომ, დასვენებისთვის ჯერ ვერ მოვიცალე. მეგობრებთან ყოფნის დეფიციტი არ მაქვს - მათთან ერთად შაბათ-კვირას, ქალაქგარეთ "გავქროლდები" ხოლმე. ამბობენ, რომ სერიოზული მძღოლი ვარ და ეს მეამაყება...

- როგორი მუსიკა მოგწონთ?

- მომწონს ყველაფერი, რაც მელოდიურია. მიყვარს ჰარმონია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. მომწონს კლასიკა, ჯაზი, ქალაქური ლირიკა, რომელსაც თავად ვემსახურები და ვცდილობ, რაღაც ღირსეული შევქმნა. ყანჩელი, ლაღიძე, ცაბაძე, კერესელიძე, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი - ამ ადამიანების სიმღერებზე გავიზარდე. უსაყვარლესი ადამიანია მარიკა კვალიაშვილი - ნებისმიერი მისი კომენტარი და შექება ჩემთვის უდიდესი სტიმულია და საბედნიეროდ, ამით გათამამებული ვარ. ჯანო კახიძის სიმღერები შემიძლია, დილიდან საღამომდე ვიმღერო - არ მომბეზრდება. სხვათა შორის, ჩემს სახლში მუდამ არაჩვეულებრივი მუსიკა ისმოდა. დედა, ლუიზა ფრანგიშვილი ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა.

- რა პრინციპით ირჩევთ მომღერლებს, რომლებსაც საკუთარ ნამუშევრებს ანდობთ?

- ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს და მათი უმრავლესობა ჩემი მეგობარია. დიდი პატივია, როცა ისინი ჩემს სიმღერებს ასრულებენ. გამორჩეულად მიყვარს დათო არჩვაძე. მან თავიდან გააცოცხლა ერთ დროს ძალიან პოპულარული სიმღერა. ადრე ამ სიმღერას ტრიო "თბილისის" წევრი, ნუგზარ აფხაიძე ასრულებდა და "ძველი სევდა" ერქვა, ახლა კი დათო ასრულებს და "ფარვანა" ჰქვია. დათო უნიჭიერესი მუსიკოსი და უერთგულესი მეგობარია, ყოველთვის მხარში მიდგას... ასევე, სიმღერებს ხშირად ვუწერ: "თეატრალურ კვარტეტს", თემურ წიკლაურს, ლაშა ღლონტს. ალბათ იღბლიანი ვარ, რომ მათ მოსწონთ ჩემი სიმღერები.

- სიმღერისთვის ლექსებსაც თავად ქმნით?

- ლექსებს ზოგჯერ თავად ვწერ. მაგალითად, "დავდივარ და დაგეძებ" ჩემი ლექსია, რომელიც 20 წლის წინ, ტრიო "თბილისისთვის" დავწერე. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის კვარტეტში ვმღეროდი. ეს კვარტეტი მხოლოდ ჩემს სიმღერებს მღეროდა, ტრიო "თბილისის" წევრებმა კი ერთ-ერთ კონცერტზე მოგვისმინეს და ზაზა მამალაძემ მთხოვა: სიმღერა ჩვენც დაგვიწერეო. ჰოდა, "დავდივარ და დაგეძებ" სწორედ იმ ღამეს დაიბადა... ზოგჯერ ლაიტმოტივს ვეუბნები და ლექსის დაწერას არაჩვეულებრივ ავტორებს ვთხოვ, მაგალითად: ნანა ცინცაძეს, მაკა ბლიაძეს, ზოგჯერ კი კლასიკოსების ლექსებს ვიყენებ.

- ოდესმე ქალაქური სტილისგან თუ გადაგიხვევიათ?

- ძირითადად, ქალაქური ლირიკა ხდება პოპულარული. მგონია, რომ ქართველებს განსაკუთრებულად ეს მიმართულება გვიყვარს, თუმცა, მაქვს რომანსებიც, სხვა სტილის სიმღერებიც. ერთხელ თემურ ქევხიშვილმა სიმღერაზე - "დავდივარ და დაგეძებ" ასეთი რამ მითხრა: შენ იმ ძალიან ვიწრო ბილიკზე გაიარე, რასაც ქალაქური სიმღერა ჰქვიაო. სულ ვცდილობ, ამ ბილიკს არ ავცდე...

- რას ნიშნავს თქვენთვის სოლარიუმი, სპა-ცენტრი, სალონი...

- სოლარიუმი ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარულია. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს წასვლა ვერსად მოვახერხე და რასაც ხედავთ, ეს სოლარიუმის შედეგია. სალონში ინტენსიურად დავდივარ - თმის მოსაწესრიგებლად, მანიკიურისა და პედიკიურის გასაკეთებლად.

- სახლის პირობებში თუ იტარებთ სახის მოვლის პროცედურებს?

- დიახ. ნებისმიერი სახის ბოსტნეულს, რაც კი ხელში მომხვდება, ჭამის დაწყებამდე სახეზე ვისვამ. ინტენსიურად ვიყენებ ხელის საცხს. საერთოდ, ხელებსა და დეკოლტეს ზონას განსაკუთრებით ვუფრთხილდები, რადგან ვიცი, რომ პირველ რიგში, ქალის ასაკს ეს ადგილები ამხელს... სახლში რა დროსაც უნდა მივიდე, აუცილებლად ვიშორებ მაკიაჟს. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული კოსმეტიკა გქონდეს. მთავარია, ის შენი კანის ტიპს მიუსადაგო და ინტენსიურად გამოიყენო. რადგანაც სოლარიუმის ხშირი სტუმარი ვარ, ვცდილობ, სხეული მუდმივად დავატენიანო.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს რამდენად იცავთ?

- სიგარეტი არასდროს მომიწევია, რადგან მიმაჩნია, რომ ქალისგან მხოლოდ სუნამოს სურნელი უნდა მოდიოდეს. იყო შემთხვევები, როცა ჩემს ცდუნებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ისე ხდებოდა, რომ თავად ანებებდნენ თავს მოწევას (იცინის). ალკოჰოლური სასმელებიდან კონიაკი და წითელი ღვინო მიყვარს. არ ვვარჯიშობ, რადგან ზარმაცი ვარ. ყოველ დილით ვგეგმავ: დღეს საღამოს აუცილებლად, ბევრს გავივლი ფეხით-მეთქი, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებ. ყავა ძალიან მიყვარს და ამაზე უარს ვერ ვამბობ.

- დიეტის დაცვა ხშირად გიწევთ?

- ყოველთვის ვცდილობ, წონა ვაკონტროლო. მსუყე და გემრიელ სადილზე უარს არასოდეს ვამბობ, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება, ვიშიმშილო. გამოგიტყდებით და, ჭამა ისე მიყვარს, წონას რომ არ ვაკონტროლებდე, 200 კილო ვიქნებოდი (იცინის). წარმოიდგინეთ, თუ მომინდება, ღვეზელების საჭმელად მცხეთაში მარტო წასვლაც არ დამეზარება... უფრო მეტად კი გემრიელი, კაცური საჭმელები მიყვარს.

- ჩაცმის როგორი სტილი გაქვთ?

- ქალური სტილი მაქვს... მაშინაც კი, როცა სპორტულად მაცვია, ვცდილობ, ჩემს გარეგნობაში ქალური ელემენტები იყოს. კლასიკური სტილი მიყვარს. ყველამ იცის, რასთან ასოცირდება ნანა მესხი: მინიმუმ, 10-12 სმ სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელთან, რომლითაც დავქრივარ და საჭესთან მჯდომსაც არ მექმნება პრობლემა; ძალიან ვიწრო კაბასთან, ტუჩის საცხთან და ა.შ. ჩემი და სოფი ლორენის პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა - "ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი და ერთი ზომით პატარა კაბა". თუკი ასე მაცვია, მაშინ ყველაფერი მიხარია...

- გამორჩეულად რომელიმე ფერს თუ ანიჭებთ უპირატესობას?

- შავი ძალიან "ჩემია". მას ძლიერი ქალების ფერად აღვიქვამ. თუმცა, ბოლო პერიოდში ქართველების გარდერობში სიჭრელე რომ არის, ეს ძალიან მიხარია. მიყვარს თეთრი, წითელი და ყვითელი. სხვათა შორის, ყვითელ მანქანაზე ვოცნებობ...

- სამოსს ქართველ დიზაინერებთან ხომ არ იკერავთ? ზოგადად, ბრენდებს რამდენად აქცევთ ყურადღებას?

- ლიკა ყაზბეგს ჰქონდა ასეთი პროექტი - "წარმატებული ქალი პოდიუმზე", რომლის წყალობითაც ქართველმა ქალებმა ერთი დღით, მოდელების ამპლუა მოვირგეთ. მე და ლიკა ხშირად ვთანამშრომლობთ. ძალიან ვაფასებ დიზაინერ თიკა მაღალაშვილს, ფატუნა ბუშიჰედს და ცხადია, მათი კაბები მაქვს. ბრენდს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მის გარდერობში ექსკლუზივები კიდია, მაგრამ უამისობას ტრაგედიად ნამდვილად არ აღვიქვამ.

- დაოჯახებული არ ბრძანდებით...

- ბავშვობიდან დამოუკიდებელი და ბუნებით ლიდერი ვარ. ჩემი ცხოვრება ყოველთვის სავსეა სიყვარულით - ამის გარეშე წუთითაც არ მიცხოვრია. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში არ არის მთავარი პრობლემა. უბრალოდ, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოვრების სტილს შემაცვლევინებდა. ისე კი, თავისუფლების ფასი ნამდვილად, არაფერია. ერთი დღითაც ვერ ავიტან, ვინმემ რაიმეში რომ შემზღუდოს.

- როგორმა მამაკაცმა შეიძლება მიიპყროს ნანა მესხის ყურადღება?

- ძლიერმა პიროვნებამ! აუცილებლად უნდა იყოს კეთილი, გულგახსნილი, თანამედროვედ მოაზროვნე; სასურველია იყოს განათლებული და ჭკვიანი... ისე, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ყურადღება რადიკალურად განსხვავებული მონაცემების მქონე მამაკაცს მიუპყრია და რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ეს ურთიერთობა დასრულებულა და მიფიქრია: - ნეტავ, რატომ მომეწონა-მეთქი? ასეთ დროს ისიც ზუსტად ვიცოდი: იმ ადამიანთან ურთიერთობა თავიდან რომ დამეწყო, იმავეს გავაკეთებდი...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება