მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე

მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე

მარინე კულუმბეგაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კინოდრამატურგიის განყოფილებაზე ჩაირიცხა. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულთან - კინოსთან დაახლოება. ლექციებს ისეთი ოსტატები უკითხავდნენ, როგორებიც იყვნენ: ერლომ ახვლედიანი, რეზო თაბუკაშვილი, ირინა კუჭუხიძე, ტატა თვალჭრელიძე, ოთარ სეფიაშვილი. წლების მანძილზე გამოცდილებაც შეიძინა და კინოსთან დაკავშირებული სხვა პროფესიებიც შეისწავლა. სხვადასხვა ფილმზე მუშაობისას ყოფილა მეორე რეჟისორი, ლოკაციის მენეჯერი, პროდიუსერი, კასტინგის რეჟისორი. გადაიღო ფილმები: "მანდალა" და "სკალდობა". ახლაც, რამდენიმე სცენარი მზად აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, მეორე რეჟისორად მუშაობა მოსწონს და უყვარს.

- ბოლოს ფრანგებთან მუშაობდით. რა ფილმი იყო და ვინ იღებდა?

- ახალგაზრდა ფრანგმა რეჟისორმა, რიად სათოფმა საქართველოში გადაიღო ფილმი - "ჯეკი ქალების სამეფოში". მოქმედება გამოგონილ და ზღაპრულ ქვეყანაში ხდება. მთავარი გმირია ქალი-გენერალი, რომელიც საქმროს ეძებს. ამ როლს შარლოტა გინზბურგი ასრულებს. გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში კასტინგი მხოლოდ ეპიზოდურ, თითქმის უტექსტო როლებზე ჩაატარა და 4 მსახიობი შეარჩიეს. ერთ-ერთ როლზე თამრიკო მაყაშვილი დაამტკიცეს. ეპიზოდს მაყაშვილის მონაწილეობით, ზაჰესის ერთ ობიექტზე ვიღებდით. თამრიკო, მეტად ორიგინალურ კოსტიუმში გამოწყობილი, პულტთან დგას. ის მცველია და შენობაში უცხო ადამიანს არ უშვებს. "ტრიუკავოის" მსგავსი სცენა იყო - მთავარი გმირი მამაკაცი ჟაკი და თამრიკოს პერსონაჟი ჩხუბობენ. მართალია, მსახიობებს დამცავი ატრიბუტები მოარგეს, მაგრამ ერთხელ, ჟაკმა თამრიკოს უადგილო ადგილას ფეხი ისე მაგრად ამოარტყა, რომ მისმა კივილმა ყველა შეძრა, გადაღება შეაჩერეს... ამ ფილმზე მუშაობისას, რეჟისორმა მთხოვა, - ერთ-ერთ ეპიზოდში უნდა გადაგიღოთ და უარი არ მითხრათო. არ მიყვარს კამერის წინ დგომა და არასდროს ვთანხმდები ასეთ წინადადებას, მაგრამ მან იმდენი მოახერხა, რომ ბოლოს მაინც დამითანხმა. აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა განმესახიერებინა. ისე გამომაწყვეს, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. სასაცილო ის იყო, რომ ქართველ მსახიობებს შორის ყველაზე მეტი ტექსტი მე მქონდა. გადაღებებიდან დადებითი ემოციები გამომყვა. ფრანგი რეჟისორი კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო და მასთან მუშაობით კმაყოფილი ვარ.

- უცხოელებთან ენობრივი ბარიერი არ გქონდათ?

- ინგლისური ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ უცხოელებთან დიდი ხნის ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ კინოში ენობრივი ბარიერი არ არსებობს. როცა სცენარი, გეგმა და ის ყველაფერი იცი, რაც ფილმს ეხება, პრობლემები არ გექმნება.

- "ატაგენუსი" - ეს არის ფილმი, რომლის ყურებისას ზოგჯერ, შიში მეუფლება. მისტიკის გადაღებისას რაიმე უცნაური ამბები არ გადაგხდენიათ?

- მალხაზ ასლამაზიშვილის სცენარის მიხედვით, ეს ფილმი დათო ჯანელიძემ გადაიღო. საინტერესო თემა იყო - მისტიკა დეტექტიური სიუჟეტით. ფილმის ძირითადი ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიღეთ, რაც სასიამოვნოდ მახსენდება. მაშინ ბიბლიოთეკის დირექტორი ზაზა აბაშიძე იყო. მან ყველა გზა გაგვიხსნა, ე.წ. დახურულ განყოფილებებშიც შევდიოდით და რაც მთავარია, უნიკალურ საცავებშიც, სადაც სხვანაირი გარემო დაგვხვდა. ფილმისთვის საჭირო განათებები კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა გარემოს. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვცდილობდით, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, წყნარად გვემუშავა. სხვათა შორის, ბიბლიოთეკის კონსულტანტი ქალბატონები გვეხმარებოდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, მუშაობისას რაიმე უარყოფითი ფაქტი ან ამოუხსნელი მოვლენა არ მომხდარა.

- როგორია ფილმის გადაღების პირველი დღის რიტუალი?

- პირველი დუბლის წინ, კამერის შტატივზე შამპანურის ბოთლს ურტყამენ ან უბრალოდ, შამპანურს გახსნიან და ჭიქებში ჩამოასხამენ. რუსები ასე იქცევიან: დიდ თეფშს ჩამოატარებენ, რომელზეც ჯგუფის თითოეული წევრი საკუთარ სახელსა და გვარს აწერს. პირველი დუბლის შემდეგ, ამ თეფშს ნამცეცებად ტეხენ და პატარა ნატეხი ყველას სუვენირად მიაქვს.

- სერიალს - "ქაღალდის ტყვია" წინასწარ გაუკეთეს საუცხოო რეკლამა. ტელეეკრანზე ჩვენების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ამ სერიალით უკმაყოფილო დარჩა...

- "რუსთავი 2"-მა 18 სერიის გადაღება შეგვიკვეთა. აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით, სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. ჩვენ ნელ-ნელა, გეგმის მიხედვით ვმუშაობდით: ჯერ 5 სერია გადავიღეთ, მერე დანარჩენს მივყევით. როცა სრული სცენარი მივიღეთ, მივხვდით, რომ იქიდან 18 სერია არ გამოვიდოდა. ჰოდა, რადგანაც მეტრაჟი უნდა შევსებულიყო, ამიტომ მე-15 სერიიდან წინა ეპიზოდების გახსენება-გამეორება დაგვჭირდა და ამან პრობლემა შექმნა, თორემ თავად სერიალი კარგი გადაღებული იყო, მსახიობებმაც შესანიშნავად ითამაშეს და ლევან თუთბერიძე რომ კარგი რეჟისორია, ამაზე არავინ დაობს.

- ყველა რეჟისორს თავისი მუშაობის სტილი აქვს. ვის გამოარჩევდით?

- ოთარ იოსელიანი, გარდა იმისა, რომ დიდი მაესტროა, დიდი ადამიანიც არის. მასთან ძალიან კომფორტულად ხარ. ფილმს ადვილად იღებს, რადგან ზუსტად იცის, რა უნდა. საოცრად მშვიდი და გაწონასწორებულია. გადამღები ჯგუფის მართვა ადვილი არ არის, მაგრამ ოთართან მუშაობისას ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. რაციაში ამბობენ: - აბა, ახლა სიჩუმე იყოს, ვიწყებთ! ყველა ჩუმდება, ოთარი თავისი სასტვენით სიგნალს იძლევა და სცენის გადაღება წყნარად, ყოველგვარი ალიაქოთის გარეშე იწყება.

- უამრავი მსახიობის თამაშის შემფასებელი ხართ და გასახსენებელიც ბევრი გექნებათ....

- რამაზ ჩხიკვაძე საყვარელი პიროვნება იყო. მახსოვს, ნანა ჯორჯაძის "მეტეოიდიოტს" ბათუმში ვიღებდით. რამაზი და მისი მეუღლე სასტუმრო "ინტურისტში" დავაბინავეთ. სცენარში ერთი ასეთი ეპიზოდია: რამაზი და ბავშვები სახლში არიან, როდესაც მერაბ ნინიძის გმირი წვიმას "გამოიწვევს". იატაკი წყლით იფარება; ზემოდან, სპეციალური გაყვანილობების წყალობით "წვიმა" მოდის. მოკლედ, სახლში თავსხმაა და მსახიობები სველდებიან. ეს ეპიზოდი ერთხელ გადავიღეთ, მაგრამ ხომ უნდა გავიმეოროთ? ჰოდა, ყოველი შემდეგი დუბლისთვის ყველაფერი იწმინდება და ისევ თავიდან იწყება. რამაზი იჯდა და ამბობდა: კაცო, მე ვიცი, როცა წნევა მაქვს, შუბლზე ცივი ტილო მინდა და ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავყო. აქ უკუღმა იქცევიან - თავზე განათების პროჟექტორი მანათებს, ფეხები კი ცივ წყალში მაქვს. რა გინდათ ჩემგან, ხალხნო, პირიქით რატომ აკეთებთო? მის მოყოლილ ამბებსა და კურიოზებზე ყველანი ვხალისობდით.

მიშა გომიაშვილი თავისი თაობის მსახიობებს შორის გამორჩეულია. სამი წლის წინ, გიორგი ფარაჯანოვი (სერგოს დისშვილი) თავისი სცენარით ფილმს - "ყველანი წავიდნენ" იღებდა, სადაც მიშა 50-იანი წლების სომეხ პარიკმახერს, ჟორას თამაშობდა. გმირის იერის მისაღებად სტომატოლოგმა ორი "ოქროს კბილი" ჩაუსვა. მას ხელზე ბეჭედი ეკეთა, წვრილი ულვაში ჰქონდა და თმაც რაღაც სხვანაირად დაივარცხნა. საკმაოდ სასაცილო და ზუსტი ტიპაჟი იყო. მიშა ძალიან ნიჭიერი არტისტია!

ოთარ შამათავას ფილმში - "ძვირფასო მ." სამი მთავარი როლი იყო. მონაწილეობდნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიო მგელაძე და ინგლისელი გოგონა. მეღვინეთუხუცესის დიდი სამსახიობო ნიჭი პატარა ეპიზოდშიც ჩანდა. ერთი უტყვი სცენა ჰქონდა, რომელიც ისეთი განცდით ითამაშა, ყველანი გაგვაოგნა. შამათავა ოთართან მივიდა და გადაკოცნა. მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე იმპროვიზაციის ფეიერვერკი აღმოჩნდა. იგი სერიალისთვის - "ღვინის გზა" კასტინგის რეჟისორმა, ეკა მჟავანაძემ შეარჩია. სულ პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ ლიტველები ისე მოხიბლა, რომ როლი გაიზარდა. სცენარსაც თავისებურად ირგებდა, ტექსტი ავიწყდებოდა და გადაასხვაფერებდა ხოლმე - ყველაფერს ჰპატიობდნენ. როცა გიტარაზე უკრავდა, სულ, - "ბრავო", "ბრავოს" ძახილით ხვდებოდნენ.

- როლისთვის არაპროფესიონალის შერჩევა და მერე მასთან მუშაობა რთულია?

- არაპროფესიონალმა პატარა როლი შეიძლება, კარგად შეასრულოს, მაგრამ ის, რაც გუგა კოტეტიშვილმა შეძლო ლევან კოღუაშვილის ფილმში "ქუჩის დღეები", აი, ეს არის ბედნიერი და გამონაკლისი შემთხვევა. ამ ფილმში მთავარი როლი მერაბ ნინიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ გერმანიაში გადაღებები ჰქონდა და ვეღარ ჩამოვიდა. როლისთვის მსახიობის ძებნა დავიწყეთ. სხვათა შორის, ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გია ბაზღაძემ (მეორე პროდიუსერი არჩილ გელოვანი), შემოგვთავაზა, - გუგა გავსიჯოთო. ის ორგანულად მოერგო როლს იმიტომ, რომ არ თამაშობდა... ფილმისთვის - "მეტიჩარა" 10-11 წლის გოგონას ვეძებდით. ძირითადად, ბავშვების მოძებნა ჭირს ხოლმე. თბილისის ყველა სკოლა მოვიარეთ და ნინო სურგულაძეს საირმეზე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მივაგენით. სინჯებზე დიღომში დავიბარეთ. სცენარის ერთი ეპიზოდი გადავიღეთ და მივხვდით, რომ ვინც გვინდოდა, ვიპოვეთ... ეკრანზე მალე გამოვა ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "გრძელი ნათელი დღეები". ბერლინის ფესტივალზე წარმატების შემდეგ, რამდენიმე ფესტივალზე მიიწვიეს და ყველგან პრიზი აიღო. ამ ფილმის კასტინგზე ჩემი მეგობარი ლელი მიმინოშვილი მუშაობდა. მისგან ვიცი, რა რთული იყო და რა დიდი დრო დასჭირდა 14 წლის ასაკის ორი გოგონას მოძებნას. თუ ფილმს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ფანტასტიკური გოგონები შეარჩიეს. ბავშვებთან მუშაობა ადვილია, მთავარია, მათ მიაგნო.

- მეგობარი მსახიობები გყავთ?

- დიდი ხანია, მე და ქეთი კანტიძე ვმეგობრობთ. სტუდია "აბეკაში" ვმუშაობდი, როცა რაღაც ეპიზოდისთვის ფაშფაშა ქალი - ქეთი მოიყვანეს. მისმა თამაშმა ყველა მოხიბლა. მერე დიტო ცინცაძესთან წავიყვანე და ფილმში - "კაცი საელჩოდან" ითამაშა. 2004 წელს ტელეკომპანია "იმედის" სერიალში - "ეჰ, მეგობრებო" გადაიღეს. ფილმს თელავში ვიღებდით და მე და ქეთი ორი კვირა ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ის გულღია, თბილი და საინტერესო ადამიანია. ისეთ ამბებს მიყვებოდა, რომ მთელ ღამეს სიცილში ვატარებდით. დიტოსთან, "მედიატორში" ბორდელში მომუშავე ქალი უნდა განესახიერებინა. სათამაშო ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერია და ისეთი რაღაც მოიფიქრა, დიტო აღფრთოვანდა. ეპიზოდს მოგიყვებით: ქალი ზის, მხრები მოშიშვლებული აქვს, ტუჩები გამომწვევად შეღებილი, მინიკაბა აცვია, რომელიც ქეთის სახლიდან წამოუღია. იგი ცოტა ხანს კეკლუცობს, მერე საათს დახედავს, წამოდგება, მხრებზე გადასულ კაბის სახელოებს კისრისკენ გადმოწევს, კაბას კოჭებამდე ჩამოიწევს, თავზე "კასინკას" წაიკრავს, გრძელ ლაბადას ჩაიცვამს, ხელში "ავოზკას" დაიჭერს, სადაც პური, პროდუქტები აწყვია და შინ მიდის. ქეთიმ ეს როლი თავად მოიფიქრა და განასახიერა, რეჟისორმა კი ის ოვაციებით დააჯილდოვა.

- თეატრი არ გიყვართ? თქვენი შვილი - მაკა ძაგანია ილიაუნის თეატრის მსახიობია.

- თეატრში სიამოვნებით დავდივარ და თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს. თუმცა, კინოთეატრში წასვლა და ახალი ფილმის ნახვის სურვილი უფრო ხშირად მიჩნდება, ვიდრე წარმოდგენაზე დასწრების...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება