ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“

ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“

„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ კვლავ ნოე სულაბერიძე აკეთებს თავის გუნდთან ერთად. პროექტის პროდიუსერს იმ სიახლეების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ, რომლებიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონს უკავშირდება. ნოე სულაბერიძემ რამდენიმე მონაწილის ვინაობა გაგვიმხილა, ასევე ჟიურის ერთ-ერთი წევრის შესახებაც გვითხრა, რომელთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია და ჩვენს კითხვასაც უპასუხა, თუ როდიდან ექნება მაყურებელს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის ხილვის შესაძლებლობა.

- ნოე, ისე გამოვიდა, რომ პროექტი დაიბრუნე.

- ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რაღაც მიდის, რაღაც მოდის. მეორე სეზონი სხვა ადამიანებმა გააკეთეს. ამის გამო გული არ დამწყვეტია. მეორე სეზონი, რა თქმა უნდა, შედგა. ყველას თავისი ხელწერა აქვს და ამ განსხვავებას პირველ და მეორე სეზონს შორის ვხედავდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტს ქვევით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში (იღიმის).

- „იმედმა“ შემოგთავაზა კვლავ ამ პროექტის გაკეთება?

- პროექტის ხელახლა გაკეთება შემომთავაზა „იმედის“ ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გიორგი ბახტაძემ. მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მიხარია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის და ჩვენი ხედვა ერთმანეთს სრულად ემთხვევა. მეორე კი ისაა, რომ მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, რაც „იმედზე“ იგრძნობა ახლა.

- ამაში რას გულისხმობ?

- შინაარსობრივ ნაწილში გვენდობიან და გვინდა, ეს ნდობა გავამართლოთ.

- რით იქნება ახალი სეზონი განსხვავებული?

- ძალიან ბევრი რამით იქნება გამორჩეული. მთავარი ის გახლავთ, რომ შევცვალეთ პროექტის ჩატარების ადგილი და შესაბამისად, გაიზარდა პროექტის მასშტაბები. ძალიან მოგვწონს რუსთაველის თეატრის სილამაზე და სიმდიდრე, მაგრამ ცირკში უფრო მეტი ადამიანის დატევა შეიძლება და რესურსიც მეტია, სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია მეცამეტე მონაწილის აქცია, რაც ჩემი იდეა გახლდათ. თავდაპირველ პროექტში არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ეს ექსპერიმენტი ჩვენ შევთავაზეთ „ბი-ბი-სის“ , თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, მით უმეტეს, წარმატებული პროექტის ფარგლებში, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს პროექტი იმდენად სახალხო გახდა და იმდენად შეუყვარდა მაყურებელს, კარგი იქნებოდა, რომ ვარსკვლავებთან ერთად ერთი ადგილი ნებისმიერი მსურველისთვისაც ყოფილიყო. უკვე შემოსული განცხადებებიდან რამდენიმე საუკეთესო შევარჩიეთ და შემდეგ უკვე ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს პროექტში მონაწილეობის უფლებას.

სიახლეებზე ვსაუბრობდით და წამყვანებზეც გავამახვილებ ყურადღებას - წამყვანების შეცვლა ფორმატიდან გამომდინარე აუცილებელია. ნანკა კალატოზიშვილი დანამდვილებით იქნება წამყვანი და მამაკაც წამყვანზე ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. ალბათ თქვენი ჟურნალის გამოსვლისთვის უკვე იქნება ცნობილი. რამდენიმე ადამიანს შორის ვაკეთებთ არჩევანს.

- ნანკას, როგორც კონკურსანტს, უნდა მიეღო მონაწილეობა, რამდენადაც ცნობილია.

- არა, ამ სეზონზე თავიდანვე წამყვანობაზე ვიყავით შეთანხმებული და შემდეგ წელს შესაძლოა, კონკურსანტებს შორისაც ვიხილოთ.

- ნოე, როდესაც წამყვანებს არჩევ, რით ხელმძღვანელობ? როგორ აჟიოტაჟს ატეხენ თუ პროფესიონალიზმის ნიშნით?

- აჟიოტაჟის ატეხა შეუძლია ჟიურის და არა წამყვანებს. წამყვანი კი უნდა უხდებოდეს თავის ამპლუას და იცოდეს საკუთარი საქმე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება