შტრიხები სამი პორტრეტისთვის

შტრიხები სამი პორტრეტისთვის

დასტინ ჰოფმანი - ნიჭიერი "ზარმაცი" და "საყვარელი ვინმე"

ასეთ მსახიობზე ამბობენ, ნიჭი "ღვთისგან აქვს მომადლებულიო". დასტინ ჰოფმანს თუ მოუსმენთ, მასზე ზარმაცი ქვეყანაზე არ დადის.

არადა, ბევრზე მეტად, ვინც მკერდზე მჯიღს იბრაგუნებს და ამტკიცებს, რომ გამრჯე ადამიანია, ჰოფმანს შეუძლია, დღედაღამ შეუჩერებლად იმუშაოს საკუთარ თავზე. რეჟისორები საკუთარ პერსონაჟის ხასიათში მის უსასრულო კირკიტს, კითხვებს - რატომ?.. რისთვის?.. - მოსაბეზრებლადაც კი მიიჩნევენ. ერთხელ ასეთი კითხვაც კი დაუსვამს: "ვინ იყო ჩემი გმირის დიდი ბებია?" დასტინი ყოველთვის პირადად მუშაობს კოსტიუმის მხატვართან იმისთვის, რათა გმირის სამოსი უკანასკნელ ნაკეცებამდე "გასულიერდეს".

"წვიმის კაცის" გადაღებისას, მსახიობი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა აუტიზმით დაავადებულ პაციენტთა გარემოცვაში. ასევე მონდომებით მუშაობდა "ტუტსისა" და "პატარა დიდ კაცზე", სადაც 30 წელს გადაცილებულმა, 120 წლის მოხუცი განასახიერა.

სამი თეატრალური სკოლის დამთავრების შემდეგ დასტინ ჰოფმანი დიდხანს სჯერდებოდა ეპიზოდურ როლებს. კარგა ხანს უმუშევარიც იყო. მას ერთნაირი ძალისხმევით შეეძლო ეთამაშა პომიდორიცა და კარტოფილიც, სადაც გენიალურად გადმოსცემდა პირველის მადის აღმძვრელ არომატს და მეორის ფხვიერებას... უმუშევრობის დროინდელ, ღირსების შემლახველ მდგომარეობას ამაოდ არ ჩაუვლია: "ტუტსი" მსახიობისთვის "ავტობიოგრაფიული" ფილმი აღმოჩნდა. "ეს სურათი არაერთხელ მაიძულებდა მექვითინა. ახლაც მეტირება, როცა მას ვიხსენებ", - გამოტყდა ერთხელ ჟურნალისტებთან საუბრისას, აცრემლებული თვალებით.

დიახ, ის არ მიეკუთვნება მსახიობთა იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია, როლს გულგრილად მიუდგეს. დასტინ ჰოფმანი საკუთარი პერსონაჟებით ატყვევებს მაყურებელს სწორედ იმით, რომ მთელ თავის ემოციას აქსოვს და ისე ქვითინებს, როგორც კუ მულტფილმში "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ასეთ ემოციურ მსახიობს მრავალჯერ მოუწია იმგვარი როლების შესრულებამ, რომლებიც მის ბიოგრაფიას რაღაცით ეხმიანება. მაგალითად, "კრამერი კრამერის წინააღმდეგ", სადაც განქორწინებულ მამას განასახიერებს. იმ დროს, თავის პირველ ცოლთან (ენ ბირნთან) ურთიერთობისას იმავე განცდების ტყვეობაში აღმოჩნდა.

მისი პირველი საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი - ვილი ლომენის "კომივოიაჟერის სიკვდილში" - მსახიობს სულიერ ტანჯვადაც კი დაუჯდა. პიესა ხომ ტრაგიკული სიზუსტით აცოცხლებდა დასტინის ბავშვობის დროინდელ თავგადასავალს...

პირად ცხოვრებაშიც დიდი ორიგინალია იმ გაგებით, რომ ჰოლივუდური ტრადიციების საწინააღმდეგოდ, ცოლებს ხელთათმანებივით არ იცვლის: უკვე 30 წელზე მეტია, ერთი ცოლი (ლაიზა) ჰყავს, რომელიც არც მსახიობია და არც ტოპმოდელი. მასთან თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და მრავალშვილიანი მამაც გახლავთ - 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი ჰყავს.

ახლა ჰოფმანი 76 წლისაა. მას ისევ იღებენ კინოში და უკვე თავადაც იღებს. ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია - გინდ, პომიდორი ათამაშე და გინდ - ჩოგბურთი. როცა რაიმე სპორტულ მატჩს ესწრება, მისი მიმიკით უმალ მიხვდებით, რომ მაშინაც კი რეპეტიციას გადის.

განა ის მართლაც "ტუტსი" არ არის ანუ - "საყვარელი ვინმე"?!.

ალ პაჩინო - სიყვარულზე, შიშზე, ქალებსა და ბავშვებზე

ოფიციანტი მონდომებით ალაგებდა ნაყინით სავსე ლარნაკებს: კაპუჩინოს - ბრაზილიური თხილით; ვანილისას - დაშაქრული პიტნის ფოთლებით; კრემ-ბრიულეს - გოგრის მარმელადით; "თქვენი დესერტი, მადამ დ'ანჯელო!.." ბივერლი დ'ანჯელომ თავი დაუქნია ოფიციანტს და კოვზით აიტაცა ნაყინის ერთი დიდი "გორაკი". მის წინ მჯდომმა ალ პაჩინომ შუბლი შეჭმუხნა. თვითონ ტკბილეულს არ ეტანებოდა - ფიგურისთვის ძალზე სარისკოდ მიიჩნევდა, მით უფრო, რომ სიმაღლით სულ რაღაც 166 სმ-ს აღწევს... ბივერლის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სხეული ჰქონდა, თუმცა... "ძვირფასო, ზედმეტი ხომ არ არის? მართალია, იტალიელი ვარ, მაგრამ არ მიყვარს, როცა ქალს მუცელი აქვს გადმოგდებული". - "ო-ო!.. - ბივერლიმ ლარნაკი მიიწია და, - ე.ი. მალე გადამიყვარებ, რადგან მუცელს ვერსად გავექცევი. მე ხომ შენგან ტყუპს ველოდები!" ალი წამიერად გაირინდა, მერე კი სწრაფად წამოდგა და გავიდა. ბივერლიმ იცოდა, რომ ალ პაჩინოს მსგავსი ცნობის მიღების შემდეგ არაერთი ქალი მიუტოვებია. ერთხელ დაუფარავადაც უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ქვეყანაზე, ახალშობილისა და საშინაო ფლოსტების "ეშინოდა". მიუხედავად ამისა, ყველა ქალი ცდილობდა, მისთვის შვილი ეჩუქებინა...

მაგალითად, დაიან კიტონი, რომელმაც "ნათლიის" სამ სერიაში განასახიერა მისი ცოლი, ისე შეიჭრა როლში, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის "გადატანა" მოუნდა. გონიერი და ინტელექტუალი დაიანი ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის მკვეთრად გამოირჩეოდა. ბუნებით საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმი ალი გამოტყდა, რომ დაბადებიდან იმდენი არასდროს ულაპარაკია, რამდენიც მათი რომანის დროს. ისინი ყველაფერზე საუბრობდნენ და უხაროდათ, რომ ცხოვრებაზე ერთმანეთის შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა. ბევრ რამეში, ოღონდ - არა ქორწინებისა და შვილების ყოლის საკითხებში.

როცა დაიანმა ალ პაჩინოს აცნობა, რომ ფეხმძიმედ იყო, მან დაარწმუნა, რომ უმჯობესი იყო, ნაყოფი მოეცილებინა. ქალის წინააღმდეგობის გადასალახავად, ალ პაჩინომ ფსიქოანალიტიკოსიც კი ჩართო საქმეში. ვნებიან იტალიელს არ უნდოდა საყვარელი ქალის დაკარგვა, მაგრამ დამატებითი ტვირთის ზიდვა მის გეგმას არ ემთხვეოდა. რას წარმოიდგენდა, თუ როგორი დაბრუნდებოდა კლინიკიდან დაიანი - ვარდის ფერფლი!.. ქალმა ვერ შეძლო ამის პატიება. ალმაც საკუთარ თავს ვერ აპატია და ისინი დაშორდნენ. თუმცა განშორებამდე ერთად მოინახულეს პარიზი და მათი ურთიერთობა ამის შემდეგ შეწყდა.

იენ ტერენტი მისი ერთ-ერთი მრავალრიცხოვან სამსახურებრივ რომანთა პერსონაჟი იყო. პაჩინო საკუთარ თავს არასდროს უკრძალავდა სასიყვარულო კავშირს საეკრანო პარტნიორთან, რეჟისორ ქალთან, სცენარისტთან და დამხმარე პერსონალთანაც კი. იენი მისი ასისტენტი იყო. ის უმზადებდა საყვარელ ბურღულეულს, უდუღებდა ყავას და უკეთებდა მასაჟს, დუბლების გადაღებებს შორის შესვენებისას. ამასთან, მუდმივად ეშინოდა მისი დაკარგვის, - გარშემო ხომ იმდენი ლამაზი ფეხი, მკერდი, თვალები დაიარებოდა!.. არა, მას მაინც ვერ დააკავებდა. საწყალი იენი, ვერაფერი უფრო ჭკვიანური ვერ მოიფიქრა, სხვა საყვარელთა უკვე მრავალჯერ ნაცადი ხერხის გარდა და... დაფეხმძიმდა.

ეს ცნობა ალმა ცივად მიიღო: "შენი საქმეა, სულ ეს არის..." - მაშინვე იპოვა სხვა ასისტენტი და "ეშმაკუნა" იენზე ფიქრიც კი დაივიწყა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიხსენა, რადგან იენმა სასამართლოს მიმართა: ქალი მოითხოვდა, რომ მისი ქალიშვილის - ჯული-მარის მამის ვინაობა დაედგინათ. ალ პაჩინო კანონს დაემორჩილა და საამისოდ ყველა დამამცირებელი ანალიზი ჩაიტარა. სასამართლომ ის გოგონას მამად აღიარა. ვარსკვლავი იძულებული გახდა, ალიმენტი ეხადა.

ლინდა ჰობსთან ალ პაჩინომ 5 წელი გაატარა (იმ დროისთვის ეს მისთვის პირადი რეკორდი იყო). არადა, ლინი ნაკლებად შესაფერისი კანდიდატურა გახლდათ მისი ცხოვრების თანამგზავრის როლზე. ზედმეტად ძალაუფლებისმოყვარე, რეჟისორი ქალი შეეცადა, მათი ცხოვრებისეული ბედნიერების რეჟისურა თვითონვე წარემართა. სცენარი კი ძველებურად ცნობილი და ალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბავშვის გაჩენა არ გამოვიდა. მეორე საკითხი - ყოველთვის მის გვერდით ყოფნა - პაჩინოს არ სურდა. ის ხშირად მიანიშნებდა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი ბინას სადმე ახლოს, ცალკე დაიქირავებდა, რადგან მუდმივად ვიღაცასთან ერთად ცხოვრება არ შეეძლო. საპასუხოდ ლინმა მას ფლოსტები უყიდა და საკვებში საფაღარათო საშუალებების ჩაყრას მიჰყო ხელი. საბრალო ალი, მუცლის მწვავე ტკივილის გამო იძულებული გახდა, ერთხანს საღამოობით სახლში მჯდარიყო. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხერხის გამოყენება დიდხანს არ შეიძლებოდა, რადგან "ობიექტი" შესაძლოა, გაუწყლოებისგან ხელიდან გამოსცლოდა... ალი გადარჩა! თანაც ისე, რომ ამასობაში ბივერლი დ'ანჯელოც გაიცნო. ის ერთადერთი ქალი აღმოჩნდა, რომელიც მისი თავისუფლების შეზღუდვას არ ცდილობდა. თანაც, 46 წელი არც ისე შესაფერისი ასაკი იყო შვილის გასაჩენად და აი...

...ის რესტორანში დაბრუნდა, როცა ბივერლი ნაყინის უკანასკნელ პორციას მიირთმევდა. "მე შენ საჩუქარი მოგიტანე", - წარმოთქვა საზეიმოდ პაჩინომ და მაგიდაზე დიდი კოლოფი დადო. ეს აშკარად არ ჰგავდა საქორწინო ბეჭედს. მაშ, რა იყო! - რა და რბილი, 41 ზომის სახლის ფლოსტები, სწორედ მისი ფეხის ზომის.

ალ პაჩინომ გადაიტანა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, საიდანაც კენჭი ამოუღეს. მოითხოვა, რომ ეს "უბედური კენჭი" მისთვის ეჩვენებინათ. მისი შეფერილობა მსახიობს "კეთილშობილურად" ეჩვენა და გასცა განკარგულება, ცნობილ იუველირ ბარენსს მისგან ბეჭედი დაემზადებინა. ბუნებით შემოქმედმა, საკუთარი ორგანოდან ამოცლილი ქვაც კი გამორჩეულ ნივთად აქცია.

ნიკოლას კეიჯი - ანგელოზი შავ სამოსში

ქალები მას "საინტერესო ტიპს" ეძახიან. მაღალი, გამელოტებული შუბლი - ინტელექტის ნიშანია; ახლო-ახლო დამჯდარი თვალები კი სენტიმენტალურ ბუნებაზე მიუთითებს.

მისი ბიოგრაფია სათხრობად ღირს.

ჰოლივუდში მიღებული წესის მიხედვით, ვარსკვლავები საკუთარ თავზე ათასგვარ რამეს იგონებენ. კეიჯს კი არაფრის გამოგონება არ სჭირდება - მისი გენეალოგიური ხე ნამდვილი "საბადოა": ძველი იტალიელი ყაჩაღების კლანი, მძარცველები და მკვლელებიც კი!.. ახლა ნაყოფიერი ტოტები გავიხსენოთ: ბიძა - ფრენსის ფორდ კოპოლა, სახელგანთქმული კინორეჟისორი, მამა - ავგუსტ კოპოლა, დახვეწილი მეტყველების პროფესორი. დედა - "ამოხეული ფურცელია": მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა.

ასეთი მოცემულობით გზა პირდაპირ ვარსკვლავობისკენაა ხსნილი, მაგრამ ნიკოლასი გამუდმებით რაღაც ეკალ-ბარდებში იხლართება. სულ რაღაცას ეძებს, სახეებს იცვლის. მას უამრავი როლი აქვს ნათამაშები და მაყურებელმა მხოლოდ ბოლო ათწლეულში დაიწყო მისი შეცნობა. არა იმიტომ, რომ უნიჭოა, არამედ იმის გამო, რომ სხვადასხვანაირია. ასე რომ, შეგიძლიათ, კეიჯი ისეთი მიიღოთ, როგორც მოგესურვებათ, - ყველაფერი მართალი იქნება.

ნიკოლასი 1964 წლის 7 იანვარს კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩზე დაიბადა. როცა ბიჭს 15 წელი შეუსრულდა, თეატრალურ სკოლაში შევიდა. პედაგოგები მისით დიდად არ იყვნენ მოხიბლულნი. ერთმა ისიც კი თქვა: "ვერც ერთ ამპლუაში ვერ წარმოგიდგენ: გმირის როლზე ვერ გაქაჩავ, სასაცილო შესახედაობა გაქვს; კომიკოსიც ვერ გახდები - იშვიათად იღიმი და სხვას როგორ გააღიმებ".

მას შემდეგ ნიკოლასი ხშირად იბღვირებოდა და სულ მალე წარბებს შორის სამი თანაბარი ხაზი გაუჩნდა, ანუ ისეთი ადამიანის იერი, "რომლის თავშიც ტარაკნები დარბიან". სწორედ ამ სახით გახდა მისაღები, მოდური და მალე ბოევიკებში მთავარი გმირების სათამაშოდ მიწვევაც მოუმრავლდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკმა თქვა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა მოცალეობის ჟამს - კითხვაა. ძალიან უყვარს კომიქსები და რუსი მწერალი დოსტოევსკი, განსაკუთრებით კი მისი რომანი - "ძმები კარამაზოვები". აღმოჩნდა, რომ კეიჯს ძალიან იზიდავს ერთ-ერთი პერსონაჟი - შუთანა ძმა, დმიტრი კარამაზოვი. "მან ხომ ქვეყნის ფული დაახარჯა ერთ ქალს, რომელსაც თავად სრულებითაც არ უყვარდა. ჰოდა, მეც ასეთი ვარ", - ამბობდა მსახიობი.

1999 წელს ის პატრისია არკეტს შეხვდა და შეუყვარდა. ქალმა მის გრძნობას არ უპასუხა, პირიქით - მასხრადაც აიგდო, როცა უთხრა, რომ მხოლოდ იმ კაცს გაჰყვებოდა ცოლად, ვინც მიუტანდა: ა) შავ ორქიდეას; ბ) სელინჯერის ავტოგრაფს; გ) ლისუს ტომის ქალის საქორწინო სამოსს და ა.შ. - სულ 15 პუნქტი ჰქონდა ჩამოწერილი.

წარმოიდგინეთ, კეიჯმა ეს ყველაფერი მოიძია, საყვარელ ქალს მიართვა და გვარიანადაც დააფრთხო, რადგან პატრისიამ იფიქრა, რომ მის წინ სრულიად გადარეული, შეშლილი ადამიანი იდგა. ქალი გაიქცა, მაგრამ 8 წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ და პატრისია ბოლოს და ბოლოს, ბედს დამორჩილდა. ის მოიხიბლა კეიჯის უნარით - იშვიათი ერთგულება გამოიჩინოს გრძნობის მიმართ.

...როცა დადგა ჟამი და ცოლ-ქმარმა გაყრის თაობაზე განცხადება გააკეთა, პაპარაცები მაშინაც კი ფირზე აღბეჭდავდნენ მათ ვნებიან კოცნას.

...ის ნამდვილ თეთრ სასახლეში დაბინავდა, რომელსაც კოშკურები და სათოფურები აქვს. სასახლის შიგნით სულ ძოწეული, პორფირი, ხავერდი და კანდელაბრებია. საწოლის თავზე კი მინის ყუთიდან შემაძრწუნებლად იმზირება უზარმაზარი მარტორქის ფიტული. ერთხელ, როცა გალიანო ესტუმრა, ამ სანახაობამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გონება დაკარგა და იატაკზე გაიშხლართა.

აი, მასპინძელს კი მოსწონს. სახლი ხომ ძალიან ჰგავს თავად მას.

მოამზადა ირინა ჯანდიერმა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება