ნატო გაგნიძის პირველი სიყვარული, პირველი ფული და პირველი სამკაული

ნატო გაგნიძის პირველი სიყვარული, პირველი ფული და პირველი სამკაული

სკოლის დაწყება ბევრს სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს, ხოლო მსახიობ ნატო გაგნიძისათვის მოსწავლეობის პერიოდი არა მარტო ბავშვურ თავგადასავლებთან და მხიარულებასთან, არამედ ტკივილთანაც ასოცირდება: "ქალაქში ისმოდა ტყვიების ზუზუნი, ქვეყანაში სიტუაცია არეული იყო და მე, კარგი მოსწავლე, იმ პერიოდში ისევე ავირიე, როგორც ქვეყანა..." მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც: მე დაჩაგრული თაობის წარმომადგენელი ვარ. შეიძლება, ამაში სხვები არ დამეთანხმონ, მაგრამ რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ..."

- ალბათ, სკოლის ბანკეტი მაინც დაგამახსოვრდათ სასიამოვნოდ...

- დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენი სკოლის ბანკეტი ერთი უბადრუკი სანახაობა იყო. ახლახან ჩემი მეგობრის შვილმა დაამთავრა სკოლა და რომ ვნახე, რა მასშტაბის ბანკეტი მოაწყვეს, როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, მივხვდი, დღევანდელ ახალგაზრდებთან შედარებით, ჩვენ მართლაც რომ უბადრუკ ზეიმს ვიწყობდით. მახსოვს, სკოლის ბანკეტი ერთ-ერთი კლასელის სახლში გვქონდა. მეცვა მოკლე, შავი სარაფანი და შიფონის ჭრელი მოსაცმელი მქონდა მოხურული.

- ბანკეტის დღეს გაიკეთეთ პირველი მაკიაჟი?

- არა, ეს მანამდე მოხდა. მართალია, თანატოლებისგან განსხვავებით გაპრანჭვა გვიან დავიწყე, მაგრამ სხვების მსგავსად, ბოლო კლასებში სწავლისას, მსუბუქ მაკიაჟს მეც საკუთარი ხელით ვიკეთებდი.

- სკოლის ფორმა მოგწონდათ? საერთოდაც, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ, რომ მოსწავლეებს უნიფორმა ეცვათ?

- მოდით, რა, სკოლის ფორმის ტარებას მარტო კომუნიზმს ნუ დავუკავშირებთ. ერთი პერიოდი შვილი კერძო სკოლაში დამყავდა, სადაც ყველანაირი ტანსაცმლის ტარების უფლებას არ აძლევდნენ და ეს მომწონდა. ვფიქრობ, მშობლისთვის და ბავშვისთვისაც უფრო კომფორტულია, როცა არსებობს სკოლის ფორმა. თუნდაც იმიტომ, რომ დილას ბევრი დრო არ დახარჯოს იმაზე ფიქრში, რა ჩაიცვას. ასევე, შეიძლება, ზოგიერთს არ აქვს ნაირ-ნაირი ტანისამოსი და თანაკლასელების ფონზე არ უნდა დაიჩაგროს. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი... სხვათა შორის, ახლა "ბოლო ზარიც" გამახსენდა. ყველას ძალიან გვიხაროდა სკოლის დამთავრება.

- ამის გამო გული ოდნავ მაინც არ გწყდებოდათ?

- ალბათ სკოლის დამთავრებით გამოწვეულ სიხარულს ცოტაოდენი სევდაც ახლდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არ მახსოვს, ამას თუ განვიცდიდი. სხვათა შორის, ახალ თაობას უფრო მეტად სწყდება გული სკოლის დამთავრებაზე.

- პატარაობისას საკუთარი მსახიობური ნიჭის გამოვლენას თუ ცდილობდით?

- ყოველთვის მიყვარდა აუდიტორია და ლექსების კითხვა. მეგობრებთან ერთად სპექტაკლებსაც ვდგამდი. თურმე, ჩემი თავი რომ არ მახსოვს, იმ ასაკშიც კი, ყველას ვაიძულებდი, დამსხდარიყვნენ და ჩემთვის მოესმინათ; აუდიტორიის წინაშე ჩემი ლექსების მარაგს ვამზეურებდი და აპლოდისმენტებსაც მოუთმენლად ველოდი.

- რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასაკის შესაფერისად არ აცვიათ?

- ამას წინათ თინეიჯერივით შევიმოსე: ჩემი შვილის კედი, შარვალი, მაისური ჩავიცვი და მერე საკუთარ თავს ვაშაყირებდი. საერთოდ ვცდილობ, ჩემს შვილს, მის მეგობრებს რაც აინტერესებთ, იმის შესახებ ინფორმაცია მქონდეს და როცა ლაპარაკს დაიწყებენ თავიანთთვის საინტერესო თემებზე ან კითხვას დამისვამენ, პასუხის გაცემა შევძლო; არ მინდა, ასეთ მომენტში არაფრის მთქმელი მზერა მქონდეს. მე და ჩემს მეგობარს დაახლოებით ერთი ასაკის შვილები გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ერთად გაიზარდნენ. ჰოდა, მოზარდივით ჩაცმულმა, ორივე მანქანაში ჩავისვი და მაგნიტოფონში ის დისკი ჩავდე, რომელიც, ვიცოდი, აუცილებლად მოეწონებოდათ. გაგიჟდნენ - აუ, შენ რა მაგარი ხარო. ჩემმა მეგობარმა კი აღნიშნა, - ბებერ თინეიჯერს ჰგავხარო. ვერ ვხვდები, რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვებს მხარი ავუბი?.. ზოგიერთი ასაკოვანი ქალი ისე კარგად გამოიყურება, რომ ყველანაირი სამოსი უხდება და შეიძლება ახალგაზრდული სტილიც მოირგოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ...

- ალბათ ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ, არა?

- თაყვანისმცემელთა სიჭარბით ვერასდროს დავიტრაბახებდი. არ გეგონოთ, რომ ვიპრანჭები ან კითხვას თავს ვარიდებ - მართლა ასეა!

- პირველი სიყვარული როდის გეწვიათ?

- ჩემი ბავშვური სიყვარული ძალიან დიდხანს გაგრძელდა. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა ეს სიყვარული პირველად მეწვია. ორმხრივი გრძნობა იყო. პირველად თავად გამომიტყდა ამაში... რაღაც პერიოდის შემდეგ ის წავიდა, მე კი დიდხანს გამყვა გრძნობა.

- ერთგული ადამიანი ხართ?

- კი, ძალიან ერთგული ვარ. როდესაც სიყვარულის ობიექტი მყავს, არა აქვს მნიშვნელობა, ეს გრძნობა ორმხრივია თუ არა, სხვას, ვერავის დაველაპარაკები, თაყვანისმცემლების მიმართ ცივი ვხდები. ალბათ ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ყოველთვის ცოტა თაყვანისმცემელი მყავდა... პერიოდულად, რამდენიმე გრძელვადიანი ობიექტი იყო ჩემს ცხოვრებაში. არაფრის მომცემი ურთიერთობები არ მომწონს.

- სამკაული ქალისთვის მნიშვნელოვანი რამ არის. პირველი საყურე ან ბეჭედი როდის გაიკეთეთ?

- სხვათა შორის, ყურის გახვრეტასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა საყურის გაკეთება მომინდა. მაშინ არ იყო ე.წ. თოფი. ჰოდა, მივედი ჩემს ექთან მეზობელთან და ყურის გახვრეტა ვთხოვე. იმ პერიოდში მქონდა ნაჩუქარი "რგოლები". მაშინ, ასეთი ფორმის საყურე ახალგახვრეტილ ყურზე მოსარგებად, იდეალურად მიიჩნეოდა. იმ დღეს მეზობელს მეგობართან ერთად მივადექი. ჰოდა, გავიხვრიტე ერთი ყური, გამიყარა საყურე და... გონება დავკარგე. გონზე რომ მომიყვანეს, ვიყვირე: აღარ მინდა საყურე-მეთქი! ერთი კვირა ცალი საყურე მეკეთა, მაგრამ მერე შოკმა გამიარა და მეორე ყურის გახვრეტაც გავრისკე.

- ბევრს აღიზიანებს პირსინგი, ტატუ...

- მე - არა. ჩემს შვილსაც ძალიან უნდა ტატუს გაკეთება და ვუთხარი: როცა სრულწლოვანი გახდები, თუ კიდევ გექნება მსგავსი სურვილი, მაშინ გაიკეთე, ახლა ამის უფლებას ვერ მოგცემ-მეთქი... ამას წინათ მითხრა, - შავი ლაქი უნდა წავისვა ფრჩხილზეო. შევატყვე, ჩემს რეაქციას ელოდა. ეგონა, გავგიჟდებოდი, ვიყვირებდი, ამას გავაპროტესტებდი. მე კი მშვიდად ვუპასუხე: რა პრობლემაა, წაისვი, მაგრამ შავი ლაქი არ მაქვს, თუ გინდა, სილამაზის სალონში წაგიყვან და იქ აირჩიე ფერი-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, "გაფუჭდა". არ ვიცი, შავი ლაქი რამდენად უნდოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როცა ეს ამბავი დაავიწყდა, სალონში ჩემთან ერთად წასვლა შევთავაზე, - არ მინდოდა, ცრუ დაპირება გამომსვლოდა. "მანიკიურშამ" შავი ლაქი წაუსვა. ეს იყო პირველი (და იმედია, უკანასკნელი) შემთხვევა, როცა მან ჩემი გამოცდა მოინდომა. სილამაზის სალონიდან გამოსულმა, რაღაც მუქი ფერის ლაქიც ვუყიდე. ცოტა ხანს ისვამდა, მერე კი მიაგდო. დარწმუნებული ვარ, მაშინ მისთვის ლაქის წასმა რომ გამეპროტესტებინა, შეიძლება შავად არა მარტო ფრჩხილები, არამედ შუბლიც შეეღება.

- დაბოლოს, ფულის გემო პირველად როდის გაიგეთ?

- ვფიქრობ, საკუთარი შემოსავალი აუცილებელია, რათა თავი დამოუკიდებელ პიროვნებად იგრძნო. 18 წლიდან მქონდა საკუთარი ჯიბის ფული. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა - ჯგუფელებთან ერთად რაღაცებს ვახმოვანებდი. იქ ჩვენი ჯგუფის რეჟისორმა - გელა ღვთისიაშვილმა მიგვიყვანა და იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც გვქონდა. ამავდროულად, ვიღებდი სახელობით სტიპენდიას. მართალია, ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემი ფული გახლდათ (იღიმის)...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება