ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

ქართულ-აზერბაიჯანული სერიალის "ალი და თეოს" გადაღებები ზაფხულში დაიწყო და მაყურებელი ეთერში სავარაუდოდ ნოემბერში იხილავს. გადასაღებ მოედანზე მუშაობას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მსახიობმა ზაზა ბეჟაშვილმა, იმავე ზუზუმ, გადაღებები განაწყენებულმა დატოვა და ამ ამბავთან დაკავშირებით გულდაწყვეტილი საუბრობს.

- სერიალის გადაღებებზე მაწყენინეს. პროდიუსერთან მომივიდა ცოტა ცუდი ლაპარაკი, ჩემთან საუბრის სათანადო ტონი ვერ შეარჩია.

- ვინაა სერიალის პროდიუსერი?

- სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ბევრად მეტი ტრაგედია ხდება ჩემ გარშემო და აქედან გამომდინარე, ნაწყენი და გულნატკენი არ ვარ. ცოტა სხვა რაღაცები მტკივა, მინდა, ცოტა უფრო გაუფრთხილდნენ მსახიობებს გადაღებისას. თუნდაც იმიტომ, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იყოს. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა და უბრალოდ დავტოვე იმ დღეს გადაღება. ჩემს როლს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საოცნებო პროექტია. არც იმდენს იხდიდნენ, რომ გადავრეულიყავი. არც ასე მშია. ძალიან მოვინდომე და ჩემი დამოკიდებულება ვერ დაინახეს. რა თქმა უნდა, თუ გადაღებაზე დავჭირდები, მივალ. იმდენი პროფესიონალიზმი მაქვს, რომ წყალში არ ჩავუყარო შრომა. მაგრამ რომ გითხრათ, სერიალის გადაღებებზე მისვლაზე ვოცნებობ-მეთქი, მოგატყუებთ.

- როგორც ვხვდები, პროექტი საბოლოოდ არ დაგიტოვებია.

- რა თქმა უნდა. მათი პატარკაცობა იქნება, თუ სცენარს შეამცირებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაღებებზე მისვლის წინააღმდეგი არ ვარ, ელემენტარული, რაც ამ ცხოვრებაში მწყინს, დამოკიდებულებაა. თუ არაა საღი ურთიერთობა ოჯახში, დედასთან, ძმასთან, მეგობრებსა და სამსახურში, იქ ჩემი ადგილი არაა.

- სცენარს ალბათ უკვე გაეცანი. სერიალში შენი გმირი კიდევ უნდა იყოს?

- სცენარის მიხედვით დაახლოებით ხუთი დღე კიდევ უნდა მქონდეს გადაღება. ასე "მემუქრებოდნენ" , მაგრამ მათგან ზარი არ ყოფილა. გადაღებულია რამდენიმე სერია.

- სერიალში რა პერსონაჟს თამაშობ?

- გამომძიებელი ვარ. მთლიანი სცენარი წაკითხული არ მაქვს. უცბად გადაწყდა ჩემი სერიალში შეყვანა და ესეც საკმაოდ უცნაური იყო. ვთამაშობ გამომძიებელს, რომელსაც უყვარს ერთ-ერთი გმირი. იძიებს საქმეს და პარალელურად აქვს ურთიერთობა ერთ-ერთ მთავარ გმირთან. საინტერესო პერსონაჟია, მსახიობისთვის საინტერესო შესაქმნელი როლია. ვხვდები, რომ რაც უფრო დიდია პროექტი, მით უფრო კარგი დამოკიდებულებაა მსახიობებთან და რაც უფრო იაფფასიანი და პატარაა პროექტი, მით უფრო იაფფასიანია და-მოკიდებულებები და უფრო დიდია ამბიციები. ამ შემთხვევაში მე ჩემს გმირზეც კი არ მსიამოვნებს ლაპარაკი.

- ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია. ქართველ პროდიუსერთან მოგივიდა კონფლიქტი თუ აზერბაიჯანელთან?

- ქართველთან. აზერბაიჯანელები საოცრად თბილი ხალხია. მაქვს ნამუშევარი აზერბაიჯანელებთან და იმის გამო, რომ მსახიობებთან დამოკიდებულებაც კარგი იყო და ანაზღაურებაც, ავიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ამ შედეგის მიღწევა არ გამომდის, როცა ტრამვაით გაკითხავენ და კოსტიუმებზეც შენ ზრუნავ.

- როგორც ვიცი, ამ სერიალში მონაწილეობს ნინო გაჩეჩილაძეც...

- ჩვენ ერთად თამაშმა არ მოგვიწია. ნინომ მიაწოდა სერიალში ჩემი შეყვანის იდეა რეჟისორებს და მათაც მოიწონეს.

- "ალი და თეოს" და "ალი და ნინოს" შორის რაიმე კავშირი არის?

- მთლიანი სცენარი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ კავშირი მგონი საერთოდ არაა. "ალი და თეოში" მოქმედება თანამედროვე ეპოქაში მიმდინარეობს. გლობალურ საკითხებს ეხებიან და საბოლოოდ რამდენად გლობალურად შეეხებიან, არ ვიცი. პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს სერიალი საქართველოში გავიდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება