ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება

ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქეთი ორჯონიკიძეს ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. თმის ფერს ხშირად იცვლის და როგორც თავად გვითხრა, - თეთრი, შოკოლადისფერი, შავი, ქერა თმა ჰქონია. ყველაზე მეტად, წითელი ფერი მოსწონს. ისეთ სამოსს ირჩევს, რომელშიც თავს თავისუფლად იგრძნობს. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მომღერალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დიდი კოლექცია აქვს. ახლა მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა: ფოტოგრაფიას სწავლობს და გამოფენისთვისაც ემზადება.

- იმიჯს რამდენად ხშირად იცვლი?

- ერთფეროვნება არ მიყვარს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად განსხვავებულად და გამორჩეულად გამოვიყურები. არის შემთხვევები, როცა შინაგანად რაღაც მაწუხებს. ასეთ დროს საკუთარ გარეგნობაში რაღაცის შეცვლა მჭირდება.

- ზოგიერთ ადამიანს დეპრესიის დროს თმის შეჭრა ან შეღებვა შველის. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- თუ დეპრესიაში ვარ, მხოლოდ თმის შეჭრა ვერ მიშველის (იღიმის). ახლა თმას ვიზრდი და ვცდილობ, ცუდ ხასიათზე არ ვიყო. ბევრჯერ მქონდა სურვილი, თავი გადამეპარსა, მაგრამ თავის შეკავებას ვახერხებდი, რადგან ვიცი, ეს არც ისე კარგი იდეაა. 14 წლამდე ძალიან გრძელი თმა მქონდა, მერე ნელ-ნელა დავიმოკლე.

- თმის ფერს ხშირად იცვლი, არა?

- დიახ. მქონდა: ქერა, შავი, შოკოლადისფერი თმა, ამჟამად კი წითლად მაქვს შეღებილი. ეს ფერი ძალიან მომწონს, სხვა ფერზე მხოლოდ მაშინ გადავდივარ, როცა მბეზრდება, მაგრამ ბოლოს ისევ წითელს ვუბრუნდები ხოლმე.

- სპორტული სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას თუ კლასიკურს?

- როდესაც ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ძალიან მომეწონება და მასში კომფორტულად ვიგრძნობ თავს, კლასიკურია ის თუ სპორტული, მეორეხარისხოვანია. სხვათა შორის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კოლექცია მაქვს, მაგრამ დაბალქუსლიანს უფრო აქტიურად ვიყენებ.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- ვცდილობ, მაკიაჟი იშვიათად გავიკეთო. ნაზი სახის კანი მაქვს და მასზე კოსმეტიკა გარკვეულწილად, უარყოფითად აისახება.

- ბუნებრივ ნიღბებს თუ იყენებ?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინაპრებს შანელის კრემები არ ჰქონდათ, სახის კანის პრობლემა არ აწუხებდათ. კიტრი, თაფლი, რძე - ოდითგან ითვლებოდა საუკეთესო საშუალებებად სახის კანის მოსავლელად.

- პირსინგები, სვირინგები მოგწონს?

- პირსინგზე მეტად, სვირინგი მომწონს, მაგრამ თუ ტატუს იკეთებ, მას რაიმე დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ის შენს შინაგან სამყაროს ან რაიმე კონკრეტულ მომენტს უნდა ასახავდეს. არ ვემხრობი სვირინგის გაკეთებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხეულზე ლამაზი ნახატი გქონდეს. პირადად მე, ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ ვერც ფორმა მოვუძებნე ჩემს სხეულზე და ვერც - ადგილი.

- მამაკაცს როგორ უნდა ეცვას, შენი ყურადღება რომ მიიქციოს?

- გემოვნებით და რაც მთავარია, სუფთად (იღიმის).

- როგორც მითხარი, გამოფენის მოწყობას აპირებ... ფოტოგრაფიამ როდის გაგიტაცა?

- მე და ჩემი მეგობარი - თათა მეტივიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი ფოტოხელოვანი გახლავთ, ვაკეთებთ გამოფენას, რომელსაც "ფოტოგრამეტრია" ერქმევა და ახალი სიტყვა იქნება ფოტოგრაფიაში. ამჟამად საოცრად დატვირთული ვარ, მაგრამ მიხარია, ახალი ინტერესი რომ გამიჩნდა და მაქვს საშუალება, ვიმუშაო პროფესიონალთან ერთად. არ მაქვს პრეტენზია ფოტოგრაფობაზე. უბრალოდ, მიყვარს ყველა ის სფერო, რომლის წყალობითაც შესაძლებელია, საკუთარი ფანტაზია განვავითარო.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება