რას ელის "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის რეჟისორი

რას ელის "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის რეჟისორი

ამერიკის კონოაკადემიის მოთხოვნას, საქართველოს ეროვნული კონოცენტრი ყოველწლიურად ასრულებს, - თითო ქართულ ფილმს კონკურსის სახით არჩევს და "საოსკარედ" აგზავნის. ამჟამად რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და მისი მეუღლის, სიმონ გროსის ნამუშევარი - "გრძელი ნათელი დღეები" შეირჩა, რომელიც ჟიურის წევრების (17-კაციანი ჯგუფი) საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

ფილმის პრემიერა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და საავტორო კინოს საერთასორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა. მთავარ როლებს ასრულებენ - ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია.

"გრძელ ნათელ დღეებში" მოქმედება 90-იან წლების თბილისში მიმდინარეობს და ორი მოზარდის, ეკასა და ნათიას ამბავს მოგვითხრობს.

აღნიშნული ფილმი ამერიკაში უკვე გაგზავნილია. "ამბები.გე" ფილმის რეჟისორს, ნანა ექვთიმიშვილს დაუკავშირდა:

- ასეთ შედეგს არ ველოდით, არ გვეგონა, თუ ჩვენი ფილმი "ოსკარისთვის" შეირჩეოდა, თან, ჟიურის წევრებიც არ ვიცოდით, ვინ იყვნენ, ეს ყველაფერი დახურული იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, შევიტყვეთ, რომ ჩვენმა ნამუშევარმა გაიმარჯვა, ძალიან გაგვიხარდა.

- ფილმის სცენარის ავტორი პირადად თქვენ ხართ?

- კი, ჩემია და 2012 წელს დავწერე. ის 90-იანი წლების ორი მოზარდის, 14 წლის გოგონას მეგობრობასა და ამის ფონზე განვითარებულ მოვლენებს ეხება. მართალია, 90-იანი წლები ძალზე მძიმე იყო ადამიანებისთვის, მაგრამ მოზარდები მაინც იმ ყველაფერს სხვანაირად  ხედავდნენ. უფროსებისგან განსხვავებით, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდათ და მძიმედ აღიქვამდნენ იმას, რაც ხდებოდა. ისინი მომავალს იმედით შეჰყურებდნენ, კიდეც უყვარდათ, მხიარულობდნენ... ეს ყველაფერი კარგად ვიცი, რადგანაც იმ პერიოდში მეც მოზარდი ვიყავი და ის წლები მაინცდამაინც ცუდად არ მახსოვს, რადგანაც ის იყო ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი წლები...

- ალბათ, პროექტს ამიტომაც დაარქვით "გრძელი ნათელი დღეები". რაც შეეხება ფილმში მონაწილე ადამიანებს, მათზე რას გვეტყვით?

- მოზარდები უმთავრესად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ ცნობილი არტისტებიც მონაწილეობენ: თემიკო ჭიჭინაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ბერტა ხაფავა, მარინა ჯანაშია, ანა ნიჟარაძე... რომლებმაც ნამუშევარს მეტი ხიბლი შესძინეს.

- თქვენი ნამუშევარი "საოსკარედ " შეირჩა, რომელმაც მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს. რა მოლოდინი გაქვთ?..

- ჩვენ ჩვენი მხრიდან ამერიკაში  დისტრიბუტორებიც გვყავს, რომლებიც წესით, უნდა დაგვეხმარონ ფილმის პრეზენტაციაში და ვნახოთ, მანამდე კი ფილმს 19 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრებში აჩვენებენ და მას ქართველი მაყურებელი იხილავს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერში კი გვეხმარება კომპანია ''სილქნეტი''.

- რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, მასზე რას გვეტყვით, თქვენ ხომ ერთად ფილმი გადაიღეთ...

- კი, სიმონი წარმოშობით გერმანელია. როდესაც სცენარი წაიკითხა, მაშინვე გაითავისა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უნახავს 90-იანი წლების საქართველო. მოკლედ, აღნიშნული ამბავი მაშინვე მისი გახდა. თან, ჩვენ ხომ წყვილი ვართ და სიმონმა საქართველოზე ბევრი რამ ჩემგან ისედაც იცოდა და ამ ამბით მეტად გაიცნო ჩვენი ქვეყანა...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება