''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''

''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''

მსახიობ მედეა ლორთქიფანიძეს დავურეკე, რომ გამეგო, როგორ დაისვენა ყველასთვის საყვარელმა და ქოთქოთა ბებიამ. ქალბატონი მედეა ძალიან ცუდ ხასიათზე შემხვდა. ზაფხულში ვერ დაისვენა და ბევრ რამეზე ინერვიულა. ახლა ერთი სული აქვს, სერიალის გადაღებები დაიწყოს, რომ ცუდზე აღარ იფიქროს.

- საშინელებაა, პროფკავშირები რომ აღარ არსებობს. შვილიშვილები ქალაქიდან ვერ გამიყვანია. არ მაქვს იმის საშუალება, რომ სამი ათასი და ოთხი ათასი გადავიხადო. აგარაკი მე არ მაქვს, რა გავაკეთო? საოცრად კარგი იყო, როცა პროფკავშირები არსებობდა. 30%-ს ვიხდიდი და ბავშვები ყველგან მიმყავდა. აუცილებლად უნდა აღდგეს პროფკავშირები. კატარაქტა მაქვს გასაკეთებელი, ვბრმავდები. მაქვს დაზღვევა, მაგრამ ექიმთან მისულს იმდენი ხალხი დამხვდა, ლოდინმა გადამრია. ჯერ იმის გასარკვევად მივედი, ვიყავი თუ არა დაზღვეული, მერე იქიდან ცნობა უნდა წამოვიღო და ვიღაც ექიმებთან მივიტანო. ჩამოვიარო ყველა ექიმი, სადაც რიგში დაახლოებით ასი კაცი დგას. სად შეგვიძლია პენსიონერებს, მთელი დღე ვიდგეთ რიგში.

ჩემს ძმისშვილს ინფარქტი დაემართა და დღეს ჩვენს გამგებელს კინაღამ დავუჩოქე იმის გამო, რომ რამდენიმე თვე წამალი შეღავათით მიეცათ, უმუშევარია და რვა წელიწადია, სამსახური ვერ იშოვა. გამგებელმა პირობა მომცა, დავეხმარებიო. ვნახოთ. პესიმისტურ განწყობაზე ვარ. აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. ნეტავ თვითონ თუ იცხოვრებენ 150 ლარად. არადა, რა იმედი მქონდა ამ მთავრობის. აი, ნახეთ, სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება. ნახეთ, ასე თუ არ მოხდეს. ხალხი დასაქმებული არაა, მშენებლობები არ მიმდინარეობს. ხალხი უმუშევარი და მშიერია. თუ ბანდიტები იყვნენ ხელისუფლებაში, რატომ არ ასამართლებენ და თუ არ იყვნენ ბანდიტები, რას იჭერდნენ. ქვეყანაში ქაოსია. არ ვიცი, რა იქნება. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ვზივარ ახლა სახლში მარტო და ცრემლები ღაპა- ღუპით ჩამომდის. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი გამწარებული სიბერე მექნებოდა. კიდევ კარგი, სერიალში ვარ დაკავებული. მადლობელი ვარ ''რუსთავი 2~-ის. ყოველთვე შემოსავალი მქონდა. ახლა ბოლო ორი თვეა შვებულებაში ვარ... ოოო, გავბრდღვნი ახლა ყველაფერს, ისეთ ხასიათზე ვარ (იცინის). გულიც აღარ მოვიოხო?

როგორ შეიძლება, ხუთ წლამდე ბავშვს დაზღვევა არ ჰქონდეს. თერთმეტი ექიმი მოვიარეთ და ვერ გაიგეს, ჩემს ერთი წლის შვილიშვილს რა მოუვიდა. ბავშვს ორი თვეა მაღალი სიცხეები აქვს. რა ვქნა, არ ვიცი, ბავშვი მეღუპება, ორმოცი აქვს სიცხე და ვერ გაუგიათ, როგორ ვუმკურნალოთ. რა ჭკუაზე ვიქნები, ხომ წარმოგიდგენიათ. ერთი ანალიზიც კი ძვირი ღირს. მე დღეს გადავიღე ხელზე რენტგენი. საოპერაციო ვარ. რამდენიმე თვის წინ სერიალის გადაღების დროს კიბე დამეცა. ჩემი ბრალია. გადაღების დროს ფეხი წამოვკარი. თავზე მეცემოდა და ხელი შევაშველე. თურმე ძვალი გამტეხია. ძალიან შევწუხდი ტკივილებისგან და დღეს, როგორც იქნა, წავედი. გაგიჟდა ექიმი. ლამის ერთი წელი ამას როგორ უძლებო. ვუძლებ, აბა, რა ვქნა. ზოგი მეუბნება, შენ რა გიჭირს, სერიალში ხარო. მართალია, სერიალში რომ არ ვიყო, ჭკუიდან შევიშლებოდი. კარგი კოლექტივია, ცოტას გაიცინებ და კარგ ხასიათზე დადგები. მაგრამ ეს ორი თვეა, სახლში რომ დავჯექი, მარტოობამ გამაგიჟა. ერთი სული მაქვს, სერიალის გადაღებები როდის დაიწყება. ყველანაირად ხელს გიწყობენ. ზოგი მოგეფერება, ზოგი ტკბილ სიტყვას გეტყვის და თავს მშვიდად გრძნობ.

- ისე კარგად თამაშობთ, ყველას თავი შეგვაყვარეთ.

- კი, მაგრამ თამაშსაც ხომ ხალისი უნდა?! ხან ხელი მტკიოდა, ხან ფეხი. ერთხელ მავთულებს ფეხი გამოვდე და წავიქეცი. როცა ფიქრებით სხვაგან ხარ, როცა ფიქრობ, ნეტავ, ჩემი შვილიშვილი როგორაა, ან ჩემი ძმისშვილი როგორაა ამ ყველაფრის მერე როლზე ვეღარ ფიქრობ. გიორგი ლიფონავა ძალიან მიწყობდა ხელს. მეუბნებოდა, თუ ცუდად ხართ, დაისვენეთ და მერე თავიდან გადავიღოთო.

- ადრე სად გიყვარდათ დასვენება?

- სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, გამორიცხული იყო, წელიწადში სულ მცირე, ორჯერ არ დამესვენა. მთელი ევროპა და საბჭოთა კავშირი მოვლილი მაქვს. სოხუმში აგარაკი მქონდა. წელიწადში სამ კურორტზე მივდიოდი. ზღვაზე რომ დავისვენებდით, მერე ლიკანში მივდიოდით ხოლმე. ჩვენთან ერთად ისვენებდა ედუარდ შევარდნაძეც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება