ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის

ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაქ ობამას განცხადებით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. ამის შესახებ ობამამ ამერიკელი ხალხისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.

ამასთან, ბარაქ ობამამ ქვეყნის სამხედრო ძალებს მზადყოფნისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს.

ტელემიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა კონგრესს დროებით გადადონ სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხის განხილვა.

"სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გავაგზავნი. ჩვენი სამხედრო შეტევა შეზღუდული იქნება. სირიაზე შეზღუდული შეტევა აიძულებს ასადს დაფიქრდეს, ვიდრე კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ჩვენ ამით გვინდა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ ვართ შემწყნარებლები ქიმიური იარაღის გამოყენების მიმართ", - აღნიშნა ობამამ თეთრ სახლში ტელემიმართვისას.

მისივე განცხადებით, არავინ ეჭვობს, რომ ასადის სისხლიანმა რეჟიმმა სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა.

"მსოფლიომ ამის ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა იხილა, რომელიც ადასტურებს ქიმიურ შეტევას. ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც ადასტურებენ, რომ სირიის კლინიკებში გაზით მოწამლული უამრავი ადამიანი ნახეს. ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია, რომელთაც ნიღბები დაურიგეს თავიანთ სამხედროებს და ოპოზიციის ძალების განსდევნად 11 გარეუბანში რაკეტები გაუშვეს", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელემიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება რუსეთის შეთავაზებას - სირიამ ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ეს შეთავაზება წარმატებული.

"ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაადასტუროს, რომ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს შეასრულებს. მაგრამ ამ ინიციატივას აქვს პოტენციალი, ძალის გამოყენების გარეშე იქნას აცილებული ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარა", - აღნიშნა ობამამ.

ამასთან, ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ხვალ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შეხვდება.

"მე კი გავაგრძელებ დიალოგს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან", - დასძინა ბარაქ ობამამ.

მომზადებულია cnn-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა