ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"

ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"

პოპულარული წყვილი - ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია ამერიკაში ცხოვრობენ. მათ 3 წლის ანნა-სოფია და ერთი თვის ალექსანდრე ჰყავთ. ლიკა ძირითადად, ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. მასთან ინტერვიუ "სკაიპით", ნიუ-იორკის დროით ღამის ორ საათზე ჩავწერე. ტელეწამყვანი მეუღლესთან ურთიერთობაზე და ოჯახის ახალ წევრ ალექსანდრეზე გვესაუბრა.

- ალექსანდრე როგორი ბიჭია? ხომ არ ჭირვეულობს?

- პატარა გოლიათი გაჩნდა - 4.700 კგ. ექიმებმა თავიდანვე მითხრეს, რომ დიდი ბავშვი იყო, მაგრამ ამხელას არ ელოდნენ. ექთანები თურმე ლაპარაკობდნენ: ძალიან გამხდარმა გოგომ, ძალიან დიდი ბავშვი გააჩინაო (იცინის). ყველა ჩემს სანახავად მოდიოდა. ალექსანდრეს თავიდანვე 3 თვის ბავშვის პამპერსი ჩააცვეს. გამიმართლა, რომ წყნარი შვილები მყავს. ანნა-სოფია ერთი წლამდე დიდი ადამიანივით იქცეოდა: მთელი ღამე ეძინა, არ მაწუხებდა, მაგრამ მერე გაცელქდა და გადაირია. იმედია, ალექსანდრე მას არ დაემსგავსება.

- ანნა-სოფია როგორ შეეგუა ოჯახის ახალ წევრს? ხომ არ ეჭვიანობს?

- ანნას წინასწარ ველაპარაკებოდი, - როცა შენი ძამიკო დაიბადება, უნდა მოუარო და ეთამაშო-მეთქი. ჰოდა, თავიდანვე ზრუნავდა მასზე, თანდათან კი ძალიან შეუყვარდა. ალექსანდრე რომ ტირის, მაშინვე მასთან მირბის, რომ დააწყნაროს. რამდენიმე დღის წინ, როცა პატარა ატირდა, მისთვის საჭმლის მოსამზადებლად სამზარეულოში გავედი, ანნა-სოფიამ კი უკვე ბოთლში ჩასხმული წყალი დამახვედრა.

- ნიკა ჩართულია ვაჟის გაზრდაში?

- ვერ წარმოიდგენ, ისეა ჩართული. ყველაფერში მეხმარება. საოჯახო საქმეები გადანაწილებული გვაქვს.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია?

- ალექსანდრე ინტერნაციონალური სახელია და ორივეს ძალიან მოგვწონდა. ხომ იცით, სახელი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. ორივე შვილის სახელი ასო "ა"-ზე იწყება.

- ოჯახის შექმნის შემდეგ, გარკვეული სირთულეები თუ იყო შენი და ნიკას ურთიერთობაში?

- ივნისში 4 წელი შესრულდა ჩვენი ქორწინებიდან. სირთულე თანაცხოვრების პირველ ეტაპზე გვქონდა და საჭირო გახდა ერთმანეთისთვის რაღაცები დაგვეთმო, სხვანაირად ცოლქმრული ურთიერთობა ვერ აგვეწყობოდა. სიმართლე გითხრათ, ამ 4 წლის მანძილზე ჩვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი არ ყოფილა და იმედი მაქვს, არც იქნება. ვფიქრობ, ოჯახის შესანარჩუნებლად მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ერთმანეთის მოსმენის უნარი.

- ქორწინების შემდეგ ნიკაში რაიმე ისეთი თვისება თუ აღმოაჩინე, რამაც გაგაკვირვა?

- რა თქმა უნდა, ასეთი თვისება მეც აღმოვაჩინე. ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად აღმოაჩენ ახალს შენს მეორე ნახევარში, მით უფრო კარგია; ურთიერთობა გაცილებით საინტერესოა, როცა მეუღლე მოსაწყენი, ერთფეროვანი არ არის.

- ოდესმე ნიკასთან გიჩხუბია?

- ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ისე, შერიგების პროცესი ძალიან მომწონს (იცინის).

- ერთმანეთს სიურპრიზს ხშირად უწყობთ?

- სიურპრიზი კარგი რამ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის მსიამოვნებს, როცა მეუღლე სიურპრიზს მიწყობს და მასაც მოსწონს, როცა ამით ვანებივრებ. ამ ხერხით ვცდილობთ, ჩვენს ურთიერთობაში ხალისი შევიტანოთ.

- ეჭვიანი ხარ?

- ცოტათი. ალბათ, ცოტა ეჭვიანი ყველა უნდა იყოს. უბრალოდ, გადამეტებული არაფერი ვარგა.

- უკვე ორი შვილი გყავთ. რა შეცვალეს ბავშვებმა თქვენს ურთიერთობაში?

- აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ოჯახზე კარგი არაფერია. პირველი ბავშვი რომ გვეყოლა, დაბნეულები და იმავდროულად, გახარებულები ვიყავით. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბოლომდე შეგვეგრძნო შვილის ყოლის პასუხისმგებლობა. როგორც იცით, სულ რაღაც ერთი თვის წინ შეგვეძინა ვაჟი - ეს სულ სხვა გრძნობა იყო, ალექსანდრემ გაგვაგიჟა. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მეტად გაცნობიერებული მაქვს მშობლის სტატუსი. ორმაგად აჟიტირებული ვარ. მინდა, დროის უმეტესი ნაწილი ბავშვთან გავატარო. ანნა-სოფია რომ გავაჩინე, პატარა ვიყავი და შეიძლება ითქვას, მასთან ერთად გავიზარდე. პირადად მე, ბავშვებთან ურთიერთობით ძალიან ბევრს ვსწავლობ. ახლა ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო ეტაპია.

- ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ხომ არ გიჭირს?

- პირიქით, ძალიან სწრაფად ჩავდექი ფორმაში. ალბათ გენეტიკასაც აქვს მნიშვნელობა: დედაჩემმა 4 შვილი გააჩინა და ყოველთვის სწრაფად დგებოდა ფორმაში, ამაში მას ვგავარ. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. უბრალოდ, საღამოს 7 საათის მერე აღარ ვჭამ. ღამით ჭამას ყოველთვის ვერიდებოდი. და კიდევ, მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ ვარჯიშს ვიწყებ.

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- ნოემბერში მოქალაქეობასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე უნდა დამიბარონ, ამის შემდეგ კი თბილისში ჩამოვალ, ოღონდ - ცოტა ხნით.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება