ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"

ანრი ჯოხაძე: "ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი მოგვარე იყო"

16 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო... ალბათ, ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია პირველკლასელებისთვის. მათ ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ხოლმე და თითოეული თავისებურად აღიქვამს. საინტერესოა სკოლაში მისვლის პირველი დღე როგორ ახსოვს მომღერალ ანრი ჯოხაძეს?

- კარგად მახსოვს სკოლაში მისვლის პირველი დღე: როდესაც დედამ მაშინდელ 164-ე (დღეს 207-ე) საშუალო სკოლაში მიმიყვანა, თეთრ პერანგზე შავი ფერის შორტი და ჟილეტი მეცვა. რამდენიმე პირველი კლასი იყო და ბაფთების მიხედვით გვანსხვავებდნენ. ჩვენი კლასის მოსწავლეებს, მახსოვს, ლაჟვარდისფერი ბაფთები გვეკეთა... პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ სკოლა ძალიან მომეწონა. მახსოვს, იქ ფეხი შევდგი თუ არა, ჩანთით ხელში, სიხარულისგან სკოლის მისაღებში დავტრიალდი. მომეწონა დედა ენა, თუმცა წერა-კითხვა უკვე ვიცოდი და ალბათ, ამიტომ უფრო მეტად მივიღე ეს წიგნი... კარგი მასწავლებელი მყავდა, სხვათა შორის, ჩემი მოგვარე, მაია ჯოხაძე. დღეს ის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლის. ისეთი ლამაზი იყო და ისე კარგად იცვამდა, თვალს არ ვაცილებდი, ძალიან მომწონდა. ამასთან, კარგი კლასელებიც მყავდა.

- ზოგიერთ პატარას სკოლაში მისვლის პირველი დღე არ მოსწონს, გული უჩუყდება... ტირის... როგორც ჩანს, შენ სკოლის გარემო მოგეწონა...

- კი, თავიდანვე კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი. ისე, მახსოვს, ბაღში უფრო ვტიროდი ხოლმე, როდესაც დედა იქ მტოვებდა. სწავლის პროცესი თავიდანვე მაინტერესებდა, მიზიდავდა და ვიცოდი, რომ იქ თუ კარგად ვისწავლიდი, განათლებული ვიქნებოდი. თუმცა მოგვიანებით, თინეიჯერობისას, სწავლას ცოტა მოვუკელი, მეზარებოდა, მაგრამ რაც მინდოდა, იმ საგანს მაინც ვსწავლობდი. განწყობის ბავშვი ვიყავი. ისე ჩემი თინეიჯერობა საქართველოში ცოტა რთულ პერიოდს დაემთხვა. სწავლისთვის პირობებიც არ იყო, მახსოვს, თითქმის ყველა სახლიდან "ფეჩის" კვამლი გამოდიოდა. მაგრამ ბავშვობის პერიოდი კი მართლა კარგი მქონდა...

მე ის თაობა ვარ, სკოლის ბუფეტში კორჟიკს, ენას, სამკუთხედს და წარმოიდგინეთ, სკოლის კატლეტზე რომ გიჟდებოდა. დიდ დასვენებაზე წესი გვქონდა, ამ საკვებით კარგად უნდა დავპურებულიყავით. მსიამოვნებდა, როდესაც ჩემს კლასელებს ბუფეტში ვპატიჟებდი ხოლმე. მახსოვს, კორჟიკი 5 კაპიკი ღირდა...

- გარდატეხის ასაკში ბავშვები ჭირვეულობენ... შენ როგორ გადაიტანე ეს პერიოდი?

- არც კი გამიგია, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რთული პერიოდი არც კი მქონია... ისე, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მაინც აღზრდაზეა დამოკიდებული. ბავშვი ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ამ პერიოდისთვის მომზადებული. შეგნებით უნდა მივიდეს ამ ასაკამდე და შეძლებისდაგვარად რეალიზებულიც უნდა იყოს. პრობლემა იმ ბავშვს უჩნდება, ვისაც აღზრდაში რაღაც დააკლდა. თუმცა შეიძლება კარგი დედ-მამაც ჰყავდეს, მაგრამ სწორ გზაზე მაინც ვერ დადგეს...

- პირველ კლასში თუ გიყვარდა ვინმე?

- კი, მომწონდა და მიყვარდა ჩემი კლასელი ნინი ნანიკაშვილი, გვერდიგვერდ ვისხედით. ყველაზე ლამაზი გოგო იყო, მასთან ახლაც ვმეგობრობ. ისე მომწონდა, რომ ზღაპრებიდან სხვადასხვა პერსონაჟს ვუხატავდი, მაგალითად, კონკიას, დედინაცვალს და მასაც ძალიან მოსწონდა, ნახატს რომ დახედავდა, იცინოდა ხოლმე. თუმცა მისთვის არასდროს მითქვამს, რომ მომწონდა...

- პიონერი და ოქტომბრელი თუ იყავი?

- პიონერი არა და ოქტომბრელი კი ვიყავი, მაგრამ მალე მომიწია ლენინის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნის გულიდან მოხსნა და უნიტაზში ჩაგდება... მინდა, დღევანდელი დღე ყველა ბავშვს მივულოცო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება