როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ

როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ

ერთ დროს ძალიან ცნობილი და აქტიური მოდელი - ნინო ორდენიძე უკვე ორი გოგონას: დოდოშკას და მაშოს დედაა. ნინო მუშაობასა და შვილებზე ზრუნვას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს. ამბობს, რომ ბავშვებს მასთან ურთიერთობის დეფიციტი არ აქვთ...

- დედაშვილობა და დედობრივი სიყვარული ენით აღუწერელი გრძნობაა და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობა. შვილთან ურთიერთობის ყოველი წამი ბედნიერებაა. საოცარი შეგრძნებაა, როცა შვილი "დედას" პირველად დაგიძახებს. როცა მშობელი ხდები, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი: ყველაფერი, რაც გაგაჩნია, უკვე შვილისთვის გინდა. მსურს ჩემი გოგონები ბედნიერები იყვნენ. მე თუ რაიმე ცუდი გამოვიარე, არ მინდა, მათაც იგივე გამოცადონ. ვფიქრობ, ადამიანისთვის ყველაზე ახლო და კარგი მეგობარი დედაა. რაშიც მშობელს დავუჯერე, ყველაფერი კარგად გამოვიდა... პირადად მე, ორსულობის პერიოდიდანვე გააზრებული მქონდა, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. 26 წლის ვიყავი და ალბათ, მზად გახლდით ამ ყველაფრისთვის. დოდოშკა პირველად რომ დავინახე, იმ წამებს ვერასდროს დავივიწყებ. მეორე შვილის დანახვის შემდეგაც იგივე დამემართა, მაგრამ გამოცდილება მქონდა და ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. გიჟი დედა ვარ. ერთხელ ბავშვები ასაცრელად მივიყვანე. მითხრეს: ნემსს გავუკეთებთ და ცოტა ხანს უნდა მოიცადოთ, რაიმე გართულება არ მოჰყვესო. ისე შევშინდი, გოგონები შინ წამოვიყვანე.

- ნინო, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმისშვილს - ნიკოლოზსაც შენ ზრდი...

- (მაწყვეტინებს) ჩემი ძმისშვილი პრობლემებით, კლასიკური დაუნის სინდრომით დაიბადა. ივლისის თვეში გაჩნდა. მაშინ თბილისში ძალიან ცხელოდა, მე კი წყნეთში აგარაკი მაქვს და ბავშვი ცოტა ხნით იქ წავიყვანე. შვილებს ძმასთან მეც ვტოვებ ხოლმე, ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც მთავარია, ნიკოლოზი დღეს კარგად არის და ძალიან მაგარი ბიჭია.

- გოგონების გაზრდაში მეუღლის გარდა, ვინ გეხმარებოდა?

- მე და ჩემი მეუღლე თავიდანვე ცალკე ვცხოვრობდით. ჩემთან არც დედა იყო და არც - დედამთილი. მყავდა ძიძა, რომელმაც თავი ძალიან შემაყვარა, ის ჩემი ოჯახის წევრად იქცა. მე არ მივეკუთვნები დედების ისეთ კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ, შვილები მიატოვონ და გასართობად წავიდნენ. თავისუფალ დროს ყოველთვის შვილებთან ერთად ვატარებ. სხვათა შორის, მკაცრი ვარ და უფროსი შვილისგან - დოდოშკასგან ბევრს ვითხოვ. არ მიყვარს გაუზრდელი ბავშვები და ვცდილობ, ჩემი შვილი ასეთი არ იყოს. როგორც ყველა დედას, მინდა, წარმატებულები იყვნენ.

- გოგონებს მამასთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- გადასარევი. როცა ბავშვებს შენიშვნას ვაძლევ ან ვტუქსავ, მეუღლე ყოველთვის მეჩხუბება. მას გოგონებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ისინიც გიჟდებიან მამაზე. ორივეს ყველაფერს უსრულებს, ანებივრებს, მე კი ვეუბნები: - ასე არ შეიძლება-მეთქი (იღიმის).

- ბავშვებს სახელები როგორ შეურჩიე?

- ლევანის დედას დოდო ერქვა. ის ქალბატონი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ლევანს ცოლად გავყვებოდი. მინდოდა, მეუღლისთვის მესიამოვნებინა და შევთავაზე, პირველი შვილისთვის დედამისის სახელი დაგვერქმია. ძალიან გაუხარდა. მადლიერებით აღსავსე მისი მზერა არასდროს დამავიწყდება... მეორე გოგონას მარიამი, დედაჩემის სახელი დავარქვით, მაგრამ მოფერებით მაშოს ვეძახით.

- მგონი, ყველა კაცს აქვს ვაჟის ყოლის სურვილი...

- ვნახოთ, თუ ღმერთის ნება იქნება, ბიჭიც გვეყოლება. ისე კი, სად მაქვს რძლის ნერვები (იცინის)?!.

- როგორც ვიცი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობ. ბავშვები შენთან ურთიერთობის დეფიციტს ხომ არ განიცდიან?

- არა, ჩემს შვილებს ასეთი პრობლემა არ აქვთ.

- ახალბედა დედებს რას ურჩევ?

- მათ ვურჩევ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ უნდა შეეცადონ, "ოქროს შუალედი" ამ შემთხვევაშიც იპოვონ. ჩემი აზრით, აუცილებელია, მშობელმა შვილი წიგნის კითხვას ადრეული ასაკიდანვე შეაჩვიოს. და რაც მთავარია, ბავშვი თბილ გარემოცვაში უნდა გაიზარდოს!

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება