ლელა წურწუმია: "მწვრთნელებს შორის დაუზოგავი ბრძოლა იქნება"

ლელა წურწუმია: "მწვრთნელებს შორის დაუზოგავი ბრძოლა იქნება"

"ახალი ხმა" ახალგაზრდებს რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც საშუალება და ასპარეზი ეძლევათ, საკუთარი თავი გამოავლინონ", - ამბობს მომღერალი ლელა წურწუმია, რომლიც "ახალ ხმაში" პროექტის II სეზონზე მეოთხე მწვრთნელი იქნება.

- გამიხარდა, რომ ამ შოუში როგორც მწვრთნელი, ისე მომიწვიეს, რადგანაც გასულ სეზონებზე თვალ-ყურს ვადევნებდი ამ პროექტს, მაინტერესებდა, მენახა ჟიურის წევრების ანუ ჩემი მეგობრების საქმისადმი დამოკიდებულება. უნდა ვთქვა, რომ ისინი კარგად მუშაობდნენ. ამასთან, არაჩვეულებრივი კონკურსანტებიც ჰყავდათ. ბევრზე გული კი დამწყდა, ფინალში რომ ვერ გავიდნენ, მაგრამ ასეთია ზოგადად კონკურსის პრინციპი, - ერთი იმარჯვებს! თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იმ ერთის გარდა, სხვები არ არიან გამარჯვებულები. კარგია, როდესაც ადამიანი მაქსიმალისტია, მაგრამ იმას, რასაც თითოეულ კონკურსანტს, დამწყებ მომღერალს, ტელევიზია ამ პროექტით უკეთებს, მიმაჩნია, რომ თითოეულის ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

- კი, მაგრამ ამ ადამიანებს სამომავლოდ, შეიძლება ითქვას, რომ პერსპექტივა არ აქვთ. ისინი შოუში გამოჩენის შემდეგ პრაქტიკულად, საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ...

- კი, მაგრამ ეს არა მარტო საქართველოს, ყველა პატარა ქვეყნის პრობლემაა, რადგანაც ბაზარი მწირია და ამდენი ჟანრის მომღერალს ვერ იტევს. საბოლოოდ იცხრილებიან და მხოლოდ ერთეულები რჩებიან. ამ ბავშვებს ასე კარგად რომ "ფუთავენ" და შოუში ასეთ პრეზენტაციას უკეთებენ, ცხადია, შემდგომ მათ განვითარება უნდათ. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ აქვთ. ეს თავისთავად დიდი ნაკლია, მაგრამ ზოგადად მთავარი ის არის, რომ ეს არის პოზიტიური შოუ. სხვა შოუებიც მომწონს, მაგრამ "ახალ ხმას" კიდევ სხვა დატვირთვა აქვს, - მომღერალს ვერ ხედავ, ვერ აფასებ და კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ინტუიციით, სმენითა და გემოვნებით უტრიალდები. ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არსებობს კრიტიკაც, ამის უფლება არ გვაქვს.

- შოუში მწვრთნელებს შორის ერთგვარ კონკურენციაც არის... ამაზე რას იტყვი?

- კი, მწვრთნელებს შორის კონკურენცია ნამდვილად არსებობს და ამასთან, ეს ყველაფერი ჩვენი ერთგვარი გამოცდაც არის, - ამა თუ იმ მომღერალს, რომელიც ჩვენს გუნდშია, რამდენად სწორ მიმართულებას მივცემთ, რამდენად სწორ რეპერტუარს შევურჩევთ, როგორ გამოვაჩენთ მას და იმ მოკლე დროში როგორ იმიჯს შევუქმნით. ამიტომაც მწვრთნელებს შორის მიდის ბრძოლა, - თითოეული მომართულია იმისთვის, რომ მისი გუნდის წევრმა გაიმარჯვოს! ასე რომ, ძალიან დაუზოგავი, მაგრამ ამავე დროს, კორექტული ბრძოლა მიდის, ეს შოუს გარდაუვალი ელემენტია, თუმცა პროექტის მიღმა მეგობრები და კოლეგები ვართ.

- ლელა, მწვრთნელებს შორის ახალი ხარ, რადგანაც დანარჩენების (სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე, დათო ფორჩხიძე) მუშაობა ამ პროექტში მაყურებელმა გასულ სეზონზე ნახა...

- კი და ამ შემთხვევაში ჩემ მიმართ ნდობის ფაქტორი ნაკლებია.

- ასე რატომ ფიქრობ?

- ის სამი მწვრთნელი უკვე გამოცდილია. მათი მუშაობის სტილს დაახლოებით იცნობენ... დავანებოთ თავი იმას, ვიღაცას მოსწონს თუ არა ის მუსიკა თუ ჟანრი, რომელშიც ვმუშაობ, აქ ადამიანებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: თუკი ამდენი წელი სცენაზე ვდგავარ და დღემდე აქტუალური ვარ, ეს მათთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს. ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს, რაც კონკრეტული მომღერლისთვის ვიმეორებ, საგულისხმო უნდა იყოს. ის დამწყები მომღერლები ხომ ახლა იწყებენ კარიერას? ამიტომ, თუ წინდახედულები არიან, ჩემს გუნდში წამოსვლაზე უარი არ უნდა თქვან.

- თავად რა სიახლის შეტანას აპირებ?

- ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა ჩემი სტილიდან, გემოვნებიდან გამომდინარე, მინდა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იყოს. არ მინდა, დაშტამპული ვიყო. ბავშვები, რომლებიც იქ მოდიან, ძირითადად მაიასა და სტეფანეს კონტინგენტი არიან იმიტომ, რომ დღეს ეს მიმართულება არის აქტუალური.

ამიტომ, მინდა, რომ ჩემი მუშაობა მრავალფეროვანი იყოს, შემიძლია, ჟანრობრივად სხვადასხვა სტილის მომღერალს ის რეპერტუარი შევურჩიო, რაც მას კარგად წარმოაჩენს. ჯგუფში ნამდვილად არ მოვიზიდავ ისეთ კონკურსანტს, რომელიც ჩემს სტილში მღერის. მინდა, რომ მრავალფეროვან და ჩემთვისაც საინტერესო ადამიანებთან ვიმუშავო.

- მუშაობისას მკაცრი იქნები?

- ვისაც ჩემთან უთანამშრომლია, ყველამ იცის, რომ ვარ ძალიან მომთხოვნი და აბსოლუტურად უკომპრომისო. თუმცა ამ ყველაფერს აგრესიით არ გამოვხატავ. მსიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც სჭირდებათ ჩემთან მუშაობა. ამიტომ არ დავიშურებ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას და ენერგიას, რომ რაც შეიძლება, კარგი გუნდი წარვუდგინო მაყურებელს, რომ მათი მოსმენით სიამოვნება მიიღონ. ყველამ უნდა იბრძოლოს.

თბილისი მოგეხსენებათ, პატარა ქალაქია, სადაც ყველა ყველას იცნობს, ერთმანეთის ახლობელები, ნათესავები და მეგობრები არიან. ჩემი პრინციპია და ამას ყველას ვეუბნები კიდეც, - არ მჭირდება არავისზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია, რადგანაც მინდა, რომ ბრმა კასტინგზე გულწრფელად შემოგიბრუნდეთ, რადგანაც ეს ჩემსავე ინტერესებში შედის, - მე კარგი გუნდი მჭირდება!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება