"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს

"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს

მარიტა ჯანაშია 16 წლის იყო, როცა სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრში" მივიდა. გარეგნობაზე განსაკუთრებული ზრუნვაც მაშინ დაიწყო. მანამდე მოკლე ვარცხნილობას ატარებდა. გვითხრა: "ბიჭური" ბავშვი ვიყავი, ხეზე ასვლა მიყვარდა; დედა სულ მეხვეწებოდა, გეყოფა, ხიდან ჩამოდიო... მაკიაჟი დიდად არ მოსწონს. განსაკუთრებულად, შავი ფერის სამოსი უყვარს, წელს საცურაო კოსტიუმიც კი შავი ეცვა...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- განსაკუთრებულად ჯერჯერობით არ ვუვლი სახის კანს. ღამით, ზოგჯერ, გადაღებიდან თუ ჩვენებიდან დაბრუნებულს, მაკიაჟის მოშორებაც კი დამზარებია. ეს კანისთვის ცუდია, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემური სახის კანი არ მაქვს. კოსმეტოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ. თუ კარგ ხასიათზე ვარ, შეიძლება, ტონალური კრემი და "რუმიანა" წავისვა. მაკიაჟს წვეულებისთვის ვიკეთებ, რადგან იქ ყველა მაკიაჟითაა და უმაკიაჟოდ ცოტა "ამოვარდნილი" ვიქნები. ეს საქმე კარგად გამომდის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაკიაჟის გაკეთებას დამოუკიდებლად ვახერხებ. განსაკუთრებულად, თვალების ჩაშავება ე.წ. Smokey Eye მიყვარს. როცა თვალს "ვკვეთ", ტუჩს "ვაქრობ" ან - პირიქით... ძირითადად, კომპლიმენტს ჩემი მეგობარი გოგონები მეუბნებიან და მეკითხებიან, - მაკიაჟის გაკეთება სად ისწავლეო? ვიდეოგაკვეთილები არ მინახავს. უბრალოდ, ვაკვირდებოდი, გადაღების თუ ჩვენებისთვის როგორ მამზადებდნენ და ყველაფერი ეს "გამიჯდა".

თმის ფერი და ვარცხნილობა

- ბავშვობაში ძალიან კარგი, მოყავისფრო თმა მქონდა. გენეტიკურად, ჩემს მშობლებს ჭაღარა თმა აქვთ. ბებია 17-18 წლის იყო, როცა კინოფილმში - "ნუცა" მონაწილეობდა. ფილმში "ჩოლკაზე" თმა თეთრ ზოლად აქვს. მისი ჭაღარის შესახებ რომ შევიტყვე, არ დავიჯერე, ვიფიქრე, - შეღებილი აქვს-მეთქი. ჭაღარა მეც დაახლოებით ამ ასაკში ამომივიდა, რის გამოც თმა შევიღებე. მერე ჩვენებისთვის სასწაულ ფრად შემიღებეს, მერე - საერთოდ გავიშავე... მოკლედ, თმას ისეთი საშინელება დავმართე, რომ ბოლოს შევიჭერი. ახლა სისტემატურად ვიღებავ, რამაც ჭაღარა უფრო "გამიღვივა". გაუგებარი ფერის თმა მაქვს. სალონებში არ მივდივარ, რადგან იქ თმა ძალიან მეწვება. რამდენიმე ფერის საღებავს ერთმანეთში ურევენ; თუ არ ჩაიწერეს, ავიწყდებათ... მოკლედ, დიდი პანიკაა ხოლმე... გასაჯანსაღებლად თმაში კვერცხი არასოდეს შემიზელავს. სამაგიეროდ, თალგამის ზეთს ვიყენებ: ძილის წინ თმაში უნდა შეიზილო და დილით ჩამოიბანო. ძალიან ეფექტურია. გაფუჭებულ ბოლოებს აჯანსაღებს. თან, იაფიც ღირს. ეს მეთოდი ჩვენი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა - ია კიწმარიშვილმა მასწავლა. თალგამის ზეთი თვეში ერთხელ უნდა შეიზილო თმაში. მე ასე წელიწადში ერთხელ ვიქცევი, მაგრამ მაინც კარგი ეფექტი აქვს.

ვარჯიში და დიეტა

- საბედნიეროდ, დიეტა არასოდეს დამიცავს - არ დამჭირვებია. ყველას ვურჩევ, რომ დიეტის ნაცვლად, ან საკვების ულუფა შეამცირონ, ან - საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერი მიირთვან. ღამით ჭამა მეც მიყვარს, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. შარშანწინ წონაში მოვიმატე, რადგან ყოველდღე ცნობილ სწრაფი კვების ობიექტში დავდიოდი. გარეგნულად არ მეტყობოდა და როცა ვამბობდი, - წონაში მოვიმატე-მეთქი, - დამცინოდნენ, - ავად ხარო! არადა, მართლა მოვიმატე. ჩემი ტანსაცმელი უკვე დისკომფორტს მიქმნიდა. სწრაფი კვების ობიექტში სიარულს თავი დავანებე. ვცდილობდი, ჯანსაღი საკვები მიმეღო. მაიონეზის ჭამას ვერიდებოდი - ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და თან, ცელულიტს აჩენს. მაგან დამღუპა (იცინის)!.. იპოდრომზე ვირბინე, მაგრამ ძალიან დავიღალე და თავი დავანებე. უბრალოდ, საღამოს 6 საათის შემდეგ საკვებს აღარ ვეძალებოდი. ვარჯიშს რაც შეეხება, ბავშვობიდან სპორტს მივდევდი: ჯერ ფიგურულ სრიალზე დავდიოდი, მერე - ბალეტზე... ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში ისეთი ფიზიკური დატვირთვა მაქვს, რომ დამატებითი ვარჯიში არ მჭირდება. ამისთვის დროც აღარ მრჩება.

საქმე

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ბედნიერი ვარ, რომ ბატონი გიზო ჟორდანიასა და ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში ვარ. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. არც ერთი მეგობარი აღარ მელაპარაკება, რადგან დილიდან დაღამებამდე უნივერსიტეტში ვარ: პრაქტიკული მეცადინეობები გვაქვს, რომლებსაც ვერ გავაცდენ. უნივერსიტეტში ყველანაირად ხელს მიწყობენ - გადაღებებზე, ჩვენებებზე მიშვებენ. ასე რომ, ერთი საყვარელი საქმე - მოდელობა უკვე მაქვს, მეორეს - მსახიობობას კი ახლა ვეუფლები. მომავალი 3 წელი თეატრალურში სწავლას ვაპირებ.

- მსახიობის პროფესიის არჩევამდე ბევრი იფიქრე?

- არა, გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე და გამოცდებიც ჩავაბარე. მერე აკადემიური წელი ავიღე, რადგან უცხოეთში სამუშაოდ წასვლა მომიხდა. თეატრალური უნივერსიტეტიდან გადასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ეტყობა, ბედი იყო (იცინის)... კინო ძალიან მაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში კინოინდუსტრია განვითარებული არ არის.

- აბა, რას აპირებ?

- ტელევიზიაც მაინტერესებს. ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიც გახლდით, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ამ საქმისთვის დრო აღარ მრჩება... 13-17 ნოემბერს "თბილისი ფეშენ ვიკი" ჩატარდება. განსაკუთრებულად ის მახარებს, რომ ამ დროს ჩემს საყვარელ ადამიანებს ვნახულობ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- რომელიმე უცხოელმა სტუმარმა საქმიანი წინადადება რომ შემოგთავაზოს, დათანხმდები?

- გარანტირებული სამსახური თუ მექნება, შეიძლება დავფიქრდე. პატარ-პატარა კონტრაქტებით ბევრი ვიმოგზაურე. ცნობილ დიზაინერებთან ვითანამშრომლე... ამის გამო, უნივერსიტეტშიც გვიან ჩავაბარე. საქართველოში მოდელობა გართობად მიაჩნიათ, უცხოეთში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მოდელობა მარტივი ნამდვილად არ არის. "ფეშენ ვიკის" შემდეგ 2 დღე მძინავს ხოლმე.

სამოსი

- ტანსაცმელს იქ ვიძენ, სადაც მომინდება. ამაში სამარცხვინო არაფერია. რამდენჯერმე "მეორადშიც" მიყიდია - არ ვუკადრისობ. ყოველდღიურად სპორტული სტილის სამოსი მაცვია. ერთი ახლობელი ძალიან მეჩხუბება - სულ შავები რატომ გაცვიაო?! ერთხელ ჩემს ძველ სამსახურში - ბანკში მივედი. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და, ყოფილი თანამშრომლები შეშფოთდნენ, - ვაიმე, შავები რატომ გაცვია, ცუდი ხომ არაფერი მოხდაო (იცინის)?!. ამას წინათ, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაში დამიბარეს. გამაფრთხილეს, - მხიარული ფერების ტანსაცმელი ჩაიცვიო. გარდერობი გამოვაღე, მაგრამ ფერადი არაფერი მქონდა. შავი კაბა ჩავიცვი და "მალინისფერი" შარფი მოვიხვიე (იცინის). შავი ფერი ძალიან მომწონს...

ფეხსაცმელი

- უამრავი ფეხსაცმელი მაქვს. დედაჩემს ვთხოვ, - ყიდვის უფლება აღარ მომცე-მეთქი. მავიწყდება ხოლმე, რომ ესა თუ ის ფეხსაცმელი მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიდან "აღმოვაჩენ" ხოლმე და მიხარია, - ვაიმე, რა მაგარია-მეთქი! რატომღაც, ფეხსაცმელებში თანხის გადახდა არ მენანება. ახლა ინტერნეტით კიდევ გამოვიწერე. ძირითადად, "ბათინკები" და კედები მაქვს. ჩემი მეგობრის ქორწილში საღამოს კაბა და "კონვერსის" შავი კედები მეცვა. ამის გამო, დედაჩემმა დამირეკა და გამლანძღა (იცინის). რა ვქნა? კედებში გამოწყობილი თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

სამკაული და აქსესუარები

- მხოლოდ სამაჯური და ბეჭედი მიკეთია, ოღონდ - რელიგიური. ზოგადად, სამკაული მომწონს, ვყიდულობ, მაგრამ არასოდეს ვიკეთებ, რადგან ან მავიწყდება, ან - როცა მიკეთია, "მამწარებს": თმასა და სამოსს გამოედება ხოლმე... მეგობარმა უცხოეთიდან ძალიან ლამაზი სამაჯური ჩამომიტანა. გავიკეთე, მაგრამ ხელს რომ ვამოძრავებდი, იმდენი იჟღარუნა, რომ მეგობარმა მომახსნევინა და ჩანთაში ჩამადებინა (იცინის). ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა სამკაული მეკეთა.

ჩანთები

- თეატრალურ უნივერსიტეტში დიდი, ტევადი ჩანთები მჭირდება, მაგრამ ჩემთვის პატარა, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა უფრო პრაქტიკულია. მასში გასაღებსა და საფულეს ვინახავ. ტელეფონისთვის ჩანთა არ მჭირდება, რადგან სულ ხელში მიჭირავს და "გამწარებული" მესიჯს ვწერ.

- ვის სწერ?

- ერთ ბიჭს, ოღონდ - ვის, არ გეტყვით (იცინის)...

ოჯახი

- მამაჩემი მხატვარი და მოქანდაკე გახლავთ. დიდი ხნის განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. უკვე 5 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. დედა არ მუშაობს. მას ბევრი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და შესაბამისად, ბევრი პროფესიაც აქვს (იცინის). ბებია - მარინა ჯანაშია მსახიობია, ბაბუა, თემო გოცაძე - მხატვარი. ასევე, ჩემი ოჯახის წევრები არიან 3 კატა და 1 ძაღლი. 1 კატი ისეთი "ნადირია", რომ მსგავსი არაფერი მინახავს: მამაჩემის ნახატებს ახტება, ყველაფერს ანგრევს და ეჯაჯგურება, ღამით არ გვაძინებს. მგონი, სხეულში რაღაც ჩაუსახლდა (იცინის)... ოჯახის წევრებისთვის ცოტა დრო მრჩება. მამასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ახლა ნერვიულობს და მეკითხება, - ხომ არავინ გაწყენინაო?.. ის ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევდა. მართალია, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ - ზომიერების ფარგლებში: ბიჭი მომეწონა-მეთქი, - ვერასოდეს ვეტყოდი. დედასა და ბებიასთან არაფრის მოყოლა არ მჭირდება - ისინი ყველაფერს უთქმელად ხვდებიან. ოჯახის წევრებთან დასამალი რა მაქვს?!. შეყვარებულს იანვრის დასაწყისში დავშორდი. რატომღაც, ერთ-ერთმა ჟურნალმა ამის შესახებ ახლა დაწერა. პრინციპში, "ფეისბუკზე" სტატუსად - სინგლე არ დამიდვია. მიმაჩნია, რომ ასეთი რამის აფიშირება საჭირო არ არის. პირად ცხოვრებაზე კომენტარს აღარ ვაკეთებ (იცინის).

- შეყვარებულს რატომ დაშორდი?

- აზრთა სხვადასხვაობის გამო... ნორმალურად დავშორდით, ერთმანეთს არ "გადავკიდებივართ". ის ძალიან კარგი ადამიანია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ.

დასვენება და გართობა

- ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ვარ: კლუბები და ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. ახლობლებთან ერთად ჩაის სმა, საუბარი, კარტის თამაში... - ეს ჩემთვის გართობის ყველაზე კარგი საშუალებაა. ერთადერთი, შეიძლება, "ფეშენ ვიკის" შემდეგ "ფართიზე" წავიდე ხოლმე. მაშინაც მეგობრები "მიმათრევენ". ერთი საათი მოწყენილი სახით ვზივარ, მერე კი შინ მივდივარ. დალევაც არ მიყვარს. პენსიონერული დასვენება მომწონს. წელს ზუსტად ასე დავისვენე: ძირითადად, მეძინა ან ვჭამდი. მეგონა, წონაში მოვიმატებდი და ამისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადე, მაგრამ ყველა მეუბნება, - გამხდარხარო. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება