"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება

"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - თამთა ქენქაძე "მის მსოფლიო თინეიჯერი" გახდა. მიუხედავად მნიშვნელოვანი სამოდელო წარმატებისა, ამბობს, რომ მოდელობა მისთვის მხოლოდ ჰობია, პროფესიად კი ჟურნალისტიკა აქვს არჩეული...

- კონკურსი - "მის საქართველო თინეიჯერი" გრიგოლეთში ჩატარდა და ამ კონკურსზე "მისი" გავხდი, შემდეგ კი ეკა მგალობლიშვილთან (სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი. - ავტ.) ერთად პანამაში გავემგზავრე, სადაც "მის მსოფლიო თინეიჯერი" უნდა აერჩიათ. ძალიან დამქანცველი დღის რეჟიმი გვქონდა: სასტუმროდან დილით გასულები, უკან ღამის 12 საათზე ვბრუნდებოდით. დაკავებული ვიყავით ჩვენებებით, გადაღებებით, ქვეყნის დათვალიერებით. საბოლოოდ, გამარჯვება მხვდა წილად და მსოფლიოს საუკეთესო მოდელ თინეიჯერად დამასახელეს.

- ამბობ, რომ მოდელობა შენი ჰობია, ჟურნალისტიკა კი - პროფესია. ორივე მათგანი ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენია ამ ორი საქმის შეთავსება?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. "მე-9 არხზე" სტაჟიორად ვმუშაობდი, მაგრამ არხის დახურვის შემდეგ, გარეთ დავრჩი... საერთოდ, საქართველოში მოდელობა არა საქმიანობად, არამედ გართობად, ჰობად მიიჩნევა. პირადად მე, 25 წლამდე ამ საქმეს არ შევეშვები, ამ ასაკის მოდელმა კი წესით, კარიერა უნდა დაასრულოს. ასე რომ, მომავალში ჩემი მთავარი საქმიანობა მხოლოდ ჟურნალისტიკა იქნება.

- როგორც მოდელს, საზღვარგარეთიდან თუ გაქვს რაიმე?

- იტალიიდან გვაქვს მიწვევა, სადაც კონკურსი უნდა გაიმართოს. ჩვენი სააგენტო ბევრ ლიცენზიას ფლობს და ვფიქრობ, ამ კონკურსებში ეტაპობრივად მივიღებ მონაწილეობას.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინიშნე...

- ეს ამბავი მეც გავიგე ერთი უცნაური სტატიის საშუალებით... 4 წელია, შეყვარებული მყავს და მსგავსი რამ არასდროს არავის უთქვამს, მაგრამ ახლა პრესკონფერენციაზე ერთად დაგვინახეს და იფიქრეს, რომ გავთხოვდი... გათხოვება რომც მინდოდეს, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამ, კონტრაქტს ვერ დავარღვევ.

- შენი რჩეულის შესახებ რას გვეტყვი?

- საერთოდ, ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ჩემი რჩეული მომავალი იურისტია. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია. გრძნობები ორივეს კარგად გარკვეული და დალაგებული გვაქვს.

- დედისერთა ხარ. ამბობენ, რომ დედისერთები ეგოიზმს ხშირად ამჟღავნებენ...

- (მაწყვეტინებს) მეც საშინელი ეგოისტი და ეჭვიანი ვარ. ჩემი მშობლები სხვას თუ მიეფერებიან, მათზე მთელი დღე გაბრაზებული ვიქნები (იცინის). ისე, რომ არა ჩემი მშობლები, ამდენს ვერ მივაღწევდი. ხშირად გოგონებს მამები მოდელობას უშლიან, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - მამა მგულშემატკივრობს, ყველა კონკურსზე დადის. მჯერა, თუ ადამიანს ოჯახი მხარს დაუჭერს, მისთვის დასახული მიზნის მიღწევა ბევრად ადვილი იქნება...

- ალბათ, სამყარო! სალონის ხშირი სტუმარი ხარ, არა?

- არა, თავს ოჯახურ პირობებშიც მშვენივრად ვუვლი. ზოგადად, სისადავე მიყვარს. ყოველდღიურად "მაღლებზე" სიარული და გამომწვევი ჩაცმულობა ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ქალი რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება, მით უფრო მომხიბვლელია.

- დაბოლოს, რას ფიქრობ მოდელ ბიჭებზე?

- ჩემი შეყვარებული მოდელი არასოდეს იქნება! სააგენტოში გვყავს მოდელი ბიჭები და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ისინი ჩემთვის მხოლოდ მეგობრები არიან. ბიჭი, რომელიც საკუთარი თავის მოვლაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საყვარელ ქალზე, ჩემთვის საოცნებო პიროვნება ვერასდროს გახდება...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება