მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის

მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის

მარიტა როხვაძე 13 წლიდან მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, როცა მის ოჯახს ფინანსური კრიზისის პერიოდი დაუდგა, დაბადების დღის ცენტრში, ანიმატორად დაიწყო მუშაობა. მაშინ ჩემს თავსაც ვართობდი და სხვებსაცო, - გვითხრა მომღერალმა, რომელმაც ბავშვობის ბედნიერი წლები გაიხსენა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.

- სკოლა, მეგობრები, აბიტურიენტობა - ძალიან კარგად მახსენდება. როგორც იცით, დედისერთა ვარ. მშობლები ყოველთვის მანებივრებდნენ, განსაკუთრებით - მამა. სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. იყო პერიოდი, როცა ჩემს ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. მე მაშინვე ანიმატორად დავიწყე მუშაობა. აუცილებელი იყო, იმ დროს მშობლებს გვერდში დავდგომოდი.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- პირველი ხელფასი მე არ დამიხარჯავს: აღებული ფული სახლში მივიტანე და მშობლებს მივეცი. მაშინ 13 წლის ვიყავი. დედამ უკეთ იცოდა, რა მჭირდებოდა და როგორ უნდა გადაენაწილებინა თანხა... დედა მუსიკოსი და მოცეკვავე გახლავთ. ქუთაისში, ოპერის თეატრში დაიწყო მუშაობა. კარგად მახსოვს, როცა ოჯახში ფინანსური კრიზისი აღარ გვქონდა, მამამ დედას უთხრა: ბავშვი წაიყვანე და ყველაფერი უყიდე, რაც ამ ხნის განმავლობაში დააკლდაო (იღიმის). მახსოვს, უამრავი ნივთი შევიძინე.

- რთული არ არის, დედისერთა იყო?

- კი, რთულია. დედმამიშვილის სიყვარული არ გამომიცდია და ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, და ან ძმა თუ მეყოლებოდა. გაგიმხელთ, რომ ეგოისტი ვარ. ეს ალბათ, დედისერთობამ განაპირობა.

- სკოლაში რომელი საგანი გიყვარდა ყველაზე მეტად?

- ისტორიასა და გეოგრაფიას ძალიან კარგად ვსწავლობდი - კარგი პედაგოგები მყავდა და ეს მათი დამსახურება იყო. ხაზვაც მიყვარდა. მათემატიკას, მით უმეტეს - გეომეტრიას ვერ ვიტანდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავაბარე და დაფინანსებაც მოვიპოვე.

- აბიტურიენტობის პერიოდში შენი შეყვარებული - ზურა ალბათ გამხნევებდა, არა?

- ნამდვილად ასეა! მაშინ ამერიკაში იყო და გამუდმებით მწერდა, მირეკავდა. მისი მხარში დგომა, რა თქმა უნდა, ძალას მმატებდა. მეუბნებოდა: მიაწექიო (იღიმის). ანალოგიურად ვიქცევი მეც, როცა მას რთული პერიოდი აქვს.

- მშობლები არ განიცდიან, დატვირთული დღის რეჟიმი რომ გაქვს?

- განსაკუთრებით, დედა განიცდის ამ ამბავს. ხან ქუთაისში მიწევს ყოფნა და ხანაც - თბილისში. ხშირად მირეკავს და მეკითხება: სად ხარ, რას აკეთებო? მამა მეუბნება: დედაშენს გამუდემებით "ჯეოსტარის" ვიდეოები აქვს ჩართული და უყურებს ხოლმეო. მშობლებს ვენატრები. ამის გამო ხშირად, მეც ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ბოლოს და ბოლოს, მათ ის უნდათ, რომ წარმატებული შვილი ჰყავდეთ.

- შენს შემოქმედებაში სიახლე რა არის?

- "ჯეოსტარის" დასრულების შემდეგ, ჩემი მსმენელი მოვადუნე. ახლა 2 ბენდთან ერთად ვმუშაობ, ყოველდღე რეპეტიცია მაქვს და ახალ სიმღერას ვწერ, რომელსაც მალე მოისმენთ.

- რომელიმე მუსიკალურ პროექტში ხომ არ გიხილავთ?

- არა, ეს გამორიცხულია! მიმაჩნია, რომ უკვე ცნობილი მომღერლები ასეთ პროექტებში არ უნდა მონაწილეობდნენ. "ჯეოსტარი" მოვიგე და მგონი, ქართულ მუსიკალურ პროექტებში ჩემი ადგილი აღარ არის. გზა ახალბედა მომღერლებს უნდა დავუთმო, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. ვფიქრობ, ამ ადამიანებმაც უნდა მიიღონ გამოცდილება და ისინიც უნდა შეიყვაროს ხალხმა.

- დაბოლოს, ზაფხულში დასვენება თუ მოასწარი? ბინა ბათუმში, რომელიც "ჯეოსტარის" მოგების შემდეგ საჩუქრად გადმოგცეს, აშენდა?

- ზაფხულში ძალიან მაგრად დავისვენე: ხან ბათუმში ვიყავი, ხან გრიგოლეთში, ხანაც - ფოთში. გვერდით ის ადამიანები მყავდა, რომლებიც ძალიან მიყვარს და თავს მშვენივრად ვგრძნობდი. რაც შეეხება ბინას, მითხრეს, რომ მშენებლობა დეკემბერში დასრულდება და სავარაუდოდ, იანვარში გადმომცემენ გასაღებს. ისე მინდა საკუთარ ბინაში დასვენება, რომ ზღვაზე იანვარშიც წავალ (იცინის).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება