ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს

ფრანგებმა ცნობილი მფრინავის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს

მოხალისე ფრანგებმა ცნობილი ავიატორის, როლან გაროსის მარშრუტი გაიმეორეს. ავიაციის ისტორიაში ის პირველი იყო, ვინც თვითმფრინავით ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა.

100 წლის წინანდელი რეკორდის გასამეორებლად, ენთუზიასტებმა გაროსის თვითმფრინავ Morane-Saulnier G-ის ზუსტი ასლი ააწყვეს, რომელიც 1913 წელს შექმნილი ორიგინალის მსგავსად, ნაჭრისა და ხისგან იყო დამზადებული.

გადაფრენა 29 წლის ფრანგმა პილოტმა ბატისტ სალიმ შეასრულა. მოყვარული პილოტის ლიცენზია მან ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მიიღო. 22 სექტემბერს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილიდან აფრენის შემდეგ, სამ თანმხლებ თვითმფრინავთან ერთად ბატისტა სალის საფრენმა აპარატმა ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა და ტუნისში წარმატებით დაეშვა.

თავად როლან გაროსი 1888 წლის 6 ოქტომბერს დაიბადა. პირველად საზოგადოებამ მის შესახებ სწორედ 1913 წელს თვითმფრინავით ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის შემდეგ გაიგო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის ფრანგულ არმიაში ჩაეწერა. პარალელურად, ფირმა „მორანში“ მფრინავ-გამომცდელად მუშაობდა. ის პირველი იყო, რომელმაც საჰაერო ბრძოლის გასამარტივებლად, თვითმფრინავებზე საკუთარი კონსტრუქციის სინქრონიზატორი დააყენა. ამ მოწყობილობის მეშვეობით მფრინავს დაუბრკოლებლად სროლა მბრუნავი ხრახნის სიბრტყეში, ამ უკანასკნელის დაზიანების გარეშე შეეძლო.

1915 წლის თებერვალს ფრონტზე გამოჩენილმა გამანადგურებელმა რამდენიმე დღეში 3 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გამანადგურებლის პილოტი როლან გაროსი გახლდათ. 18 აპრილს ფრანგი ავიატორი ტყვედ ჩავარდა და გერმანელებს მხოლოდ 1918 წელს დაუსხლტა. იმავე წლის ოქტომბერში მორიგი დავალების შესრულებისას როლან გაროსი დაიღუპა.

დღეს მის სახელს საფრანგეთის ღია საჩოგბურთო ტურნირი ატარებს, რომელსაც მეორენაირად, „როლან გაროსის ტურნირის“ სახელით მოიხსენიებენ.

newsru.com-ის მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე