კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

პოპულარული მსახიობის, კოტე თოლორდავას ცხოვრებაში სიახლეა, მას ილია ჭავჭავაძის როლის გასახიერება უწევს. ფილმს პირველ ეტაპზე, სამუშაო სახელწოდებად "ვინ მოკლა ილია?" დაარქვეს. ვინაიდან პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ამიტომ ამ საქმეს თავადვე უდგას სათავეში. რეჟისორი მიშა ბერინაშვილი გახლავთ. ნამუშევარი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის იქნება და წინასწარი მონაცემებით, გადაღებები 10 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

"ამბები.გე" მსახიობ კოტე თოლორდავას დაუკავშირდა:

- კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პასუხისმგებლობაა, ითამაშო ილია ჭავჭავაძის როლი და ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, ამ ყველაფერს რამხელა ემოციური მუხტი ახლავს... როგორც კი გავიგე, რომ ფილმში ეს როლი უნდა შემესრულებინა, მაშინვე უწმინდესთან გავვარდი და მისგან ლოცვა-კურთხევა მივიღე. ილია ხომ წმინდანად არის შერაცხული და ასეთი როლის თამაშისას მინდოდა, რომ ემოციურადაც დავმუხტულიყავი და სულიერად გავძლიერებულიყავი... პატრიარქმა დამლოცა და წარმატებები მისურვა.

ფილმის სცენარი იმ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე დაყრდნობით არის აგებული, რაც ზოგადად, ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებობს და განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება იმ ეპიზოდებზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ბოლო დროს მოიძებნა.

მინდა, რომ ჩემ მიერ შექნილი ილიას სახე მაქსიმალურად მიმსგავსებული იყოს ნამდვილ ილიასთან. მისი ნიშან-თვისებები, ხასიათი, რაც ისტორიას შემორჩა, იქიდან გამომდინარეც ყველაფერს ვითვალისწინებ, თუმცა როლს ჩემეულიც მინდა, რომ შევძინო, რასაკვირველია, რეჟისორთან შეთანხმებით, რასაც უკვე შემდეგ მაყურებელი იხილავს.

- მოკლედ, როგორც მსახიობს სერიოზულად გაგიმართლა...

- კი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩემთვის როგორც მსახიობისთვის წარმოიდგინეთ, რამხელა ნახტომია. თეატრში არაერთი საინტერესო როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეკრანზე ილია ჭვჭავაძის განსახიერება სერიოზული გამოწვევაა იმის ფონზე, რომ მთელი საქართველო სერიალიდან გამომდინარე, "ბაბულიკას" მეძახის. ამიტომ, ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, დავანგრიო კლიშე, რომ კოტე თოლორდავას მხოლოდ მოძველბიჭო ტიპების თამაში შეუძლია. ახლა ჩემი სამსახიობო დიაპაზონი იზრდება...

ამასთან, არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს, ნანუკა ხუსკივაძის სახით. ის ოლღა გურამიშვილის როლს თამაშობს და შეუდარებელია... თან, გადაღება ურთულესი სცენით, მკვლელობით დავიწყეთ. ვინაიდან ფილმი ბოლომდე მხატვრული არ არის და მხატვრულ-დოკუმენტური გახლავთ, ძირითადი აქცენტი ილიას მკვლელობის შემდგომ, მის საგამოძიებო ნაწილზე კეთდება, ფილმს უმეტესად საგამოძიებო მიმართულება აქვს. მოკლედ, საოცარი დეტალებია გათვალისწინებული - თვით ტყვიის ტრაექტორიაც კი დადგენილია... მოკლედ, ამ ნამუშევრით ბევრი ახალი ინფორმაცია და დეტალი გამჟღავნდება, რაც საზოგადოებამ დღემდე არ იცის და ძალიან აინტერესებს.

- ისე, პირველად ილია ჭავჭავაძეს ვინ მიგამსგავსა?

- ცოტა ხნის წინ არაჩვეულებრივი გადაცემა "ფრაგმენტი" მიმყავდა, სადაც წამყვანი ვიყავი და პერსონაჟებსაც ვასახიერებდი. ერთ-ერთი გადაცემა ოლღა გურამიშვილზე იყო, რომელიც თან მიმყავდა და თან ილიას როლი მქონდა, ოღონდ, უფრო ახალგაზრდა ილია გახლდით. ტექსტში პოეტის სასიყვარულო ამბებზე, ოლღას მიმართ მის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდი. მოკლედ, პროექტის ავტორებმა ის "ფრაგმენტი" ნახეს და იდეაც აქედან გაუჩნდათ. თან ისე, რომ როლზე ყოველგვარი კასტინგის გარეშე დამამტკიცეს. უბრალოდ, დამირეკეს და მითხრეს, - ბატონო კონსტანტინე, ილია ჭავჭავაძის როლი უნდა განასახიეროთო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა? ეს ადამიანი ერის მამა გახლდათ და ყველა მიმართულებით უპროგრესულესი პიროვნება იყო. რაც მან იმ პერიოდში თუნდაც საბანკო რეფორმების სახით განახორციელა, გასაოცარია... ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას დროს უსწრებდა და მისი უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს...

მოკლედ, ამ ფილმით იმის გამოძიება ხდება, თუ რა მოხდა რეალურად იმ ავბედით დღეს. ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე?

- ფილმზე მუშაობისას სოციალური ქსელის საშუალებით შენი ფოტოები გავრცელდა. გარეგნულად მართლა ჰგავხარ შენს პერსონაჟს, რასაც ყველა ადასტურებს. რას იტყვი ამაზე?

- ჰო, მაგრამ ეგ ფოტოები მალევე აიკრძალა, რადგანაც ჯერ სანამ ფილმი მზად არ იქნება, მისი გავრცელება მიზანშეწონილი არ არის.

ისე კი, რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანი მირეკავს და მეუბნება, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი მსგავსება იქნებოდაო, ყველა გაოგნებულია, წარმოიდგინეთ, თვითონ მეც... ამიტომ დიდი მადლობა მარინა კოსენკოს, მარჯანიშვილის თეატრის გრიმიორს. მან ფილმის თითოეული პერსონაჟთან საოცარი სამუშაო გასწია და ყოჩაღ მას!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება