ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო

ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო

ანა გოგუაძე საზოგადოებამ საინტერესო ფოტოპროექტებით გაიცნო. ამჟამად იგი შემოსავლების სამსახურში მუშაობს. ცნობისათვის, ის ეტლით სარგებლობს და ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო, ბევრი რამის გაკეთებას ვერ ასწრებს. პრობლემების მიუხედავად, პოზიტიურ განწყობილებას ინარჩუნებს, რაც წარმატებაში ეხმარება...

-  ჩემი ამჟამინდელი სამსახური ფოტოგრაფიას, ხელოვნებას არ უკავშირდება. ზოგადად, ზამთრისთვის ვემზადები: ვცდილობ, ცივი დღეები წიგნებთან და მეგობრებთან ერთად "გადავაგორო". ასეთ დროს სხვადასხვა საღამოზე უფრო ხშირად დავდივარ, სადაც კარგი ფილმის ნახვა, ადამიანების გაცნობა და მუსიკის მოსმენა (რაც ძალიან მიყვარს!) შეიძლება...

-  თქვენს ცხოვრებაში რა სიახლეა?

-  ამერიკის ვიზა ისევ არ მაქვს, მაგრამ ივნისში შენგენის ვიზა ავიღე და პოლ მაკარტნის კონცერტზე მოვხვდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი! ყველა მეკითხება, - რამე ფოტოპროექტზე ხომ არ მუშაობო? სამწუხაროდ - არა.

-  დღეს მატერიალურად დამოუკიდებელი ხართ?

-  საბედნიეროდ, ჩემი პირველი გაყიდული ნახატის შემდეგ (მაშინ 17 წლის ვიყავი), მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ.

-  რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა საკუთარი შემოსავალი პირველად გაგიჩნდათ?

-  არაჩვეულებრივი. ნებისმიერი შემოსავალი, თუნდაც - მიზერული, ჩემთვის დღესაც ძალიან საამაყოა. ისიც მახსოვს, რომ პირველად აღებული თანხით შარფი ვიყიდე, რომელიც დღესაც მაქვს და როცა ვიკეთებ, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ის ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე (იღიმის). დაახლოებით 18 წლის ვიყავი, როცა რადიოში წამყვანს მასალის მომზადებაში ვეხმარებოდი და დაახლოებით 50 ლარს მიხდიდნენ. მართალია, ცოტა იყო, მაგრამ ეს ფული ძალიან მჭირდებოდა. მერე ფოტოსტუდიაში დავიწყე მუშაობა და გამიკვირდა, როცა ფოტოს გადაღების გამო ფული გადამიხადეს. მანამდე არ მიფიქრია, რომ ფოტოგრაფია შეიძლებოდა, ჩემი შემოსავლის წყარო ყოფილიყო...

-  თანამშრომლობისთვის ადამიანების დარწმუნებას როგორ ახერხებთ?

-  ალბათ - გულწრფელობით. ტყუილი არ მიყვარს. ყველაფერს, რაშიც ვიღაცის დარწმუნება მინდა, ადამიანს მარტივი, უბრალო ენით ვუხსნი. ასეთ დროს მერწმუნეთ, სახეზე ყალბ ღიმილს არ "ვიკრავ". ჰოდა, ჩემს გულწრფელობას ყველა ამჩნევს. თუკი ადამიანს სათქმელს მარტივად, პოზიტიურად მიაწვდი, თანამშრომლობაც გამოდის. მოლაპარაკებისას ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ პოზიტიური მუხტია. ჩვენს ქვეყანაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმდენი უარყოფითი რამ ხდება, რომ ასეთ გარემოში პოზიტიური განწყობილების შენარჩუნება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. პირადად მე, ჩხუბითა და ყვირილით ვერავინ ვერაფერს გამაგებინებს, ვერც თითის დაქნევითა და მუქარით. ლაღი, კომუნიკაბელური და გულწრფელი ხალხი მიყვარს.

-  შემოქმედებითი კრიზისი გქონიათ?

-  აი, მგონი, ახლა მაქვს (იღიმის). ამბობენ, რომ პაუზა ყველაფერშია საჭირო და მეც მანქანა ხომ არ ვარ, რომ ყოველ წელს გამოფენა მოვაწყო?.. ასეთი პაუზის დროს წიგნებს ვკითხულობ და ალბათ, წაკითხული ოდესმე ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებზეც აისახება... გული მწყდება, რომ ჯერჯერობით, ჩემი თვალით დანახული ნიუ-იორკი ვერ გადავიღე: ვიზაზე უარი უკვე მესამედ მითხრეს...

-  იმ ქალბატონებზე რას ფიქრობ, რომლებსაც მუშაობის დაწყება არ სურთ და ფიქრობენ, რომ პროფესიად დიასახლისობაც საკმარისია?

-  არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, - ერთი კერძის მომზადებაც არ ვიციო. თან, ამის მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ. ყველა ქალი გენიალური კულინარი ვერ იქნება, მაგრამ მარტივი კერძის მომზადება უნდა იცოდეს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც კულინარიაში ნამდვილი ხელოვანები არიან. დიასახლისობასაც ნიჭი უნდა... მე დიასახლისი ვერ ვიქნები, რადგან სხვანაირი ხასიათი მაქვს, მაგრამ თუ დამჭირდა, სადილის მომზადებაში კი არა, ელექტროგაყვანილობაშიც გავერკვევი.

-  როგორც ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად იბრძვით. პირადად თქვენ, რა პრობლემებს აწყდებით?

-  ჩემს თითქმის ყველა პროექტში იმ თემების ხაზგასმას ვცდილობ, რაც შშმ ადამიანებს ეხებათ. საქართველოში უამრავ პრობლემას ვაწყდები. მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო, ალბათ მთელი გვერდი ამ თემას უნდა დაუთმოთ. ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ უბრალოდ მრცხვენია, რომ რუსთაველის გამზირზე ერთი პანდუსიც არ არის. სირცხვილია, რომ მაღაზიას ან სილამაზის სალონს ვერ ნახავ, სადაც შესვლას თავისუფლად შევძლებთ. აბა, რომელი ერთი პრობლემა დაგისახელო? ადამიანებს განათლების მიღების პრობლემაც კი აქვთ! ეს ბარიერები რომ არ მიშლიდეს, მინიმუმ, ორჯერ უფრო მეტი საქმის გაკეთებას მოვასწრებდი. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი რამეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც ეს თავად შეუძლია, ძალიან ცდება. დიდი შანსია, რომ რეალურად, შშმ ადამიანმა უფრო მეტი შეძლოს, ვიდრე - მან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს.

-  თქვენ რა განათლება გაქვთ მიღებული?

-  მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს, რადგანაც ჩემს ბავშვობაში ინკლუზიურ განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. რამდენიმე სკოლამ ჩემს მიღებაზე საერთოდ უარი თქვა. ახლა ინკლუზიურ განათლებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან დაბალ დონეზეა. არქიტექტურულ ფაკულტეტზე სიამოვნებით ვისწავლიდი, მაგრამ აბა, რომელი სასწავლებელია ადაპტირებული? უცხოეთში გამგზავრებაც არ გამოდის... ის პრობლემები, რაც გვაწუხებს, მხოლოდ ადამიანების გულგრილობით არის გამოწვეული და განახლებული "პლეხანოვი" ამის მაგალითია: გზის დაგების დროს ეტლით მოსარგებლეებისთვის საჭირო დეტალები არ გაითვალისწინეს.

-  ანა, თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

-  სეირნობა, კითხვა, მუსიკის მოსმენა...

-  საქმიანი ანას პირადი ცხოვრება როგორია?

-  ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ - კაცებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ (იცინის).

-  საქმეში წარმატების მისაღწევად ქალბატონებს რას ურჩევთ?

-  მათ ვურჩევ, რომ საკუთარ ინტელექტზე ისევე იზრუნონ, როგორც გარეგნობაზე. იყვნენ ქალურები და რაც მთავარია, შინაგანად ძლიერები.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება