ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა

ვინ აჰკიდა ბაია დვალიშვილს უძილობა

მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ ბავშვობაში ბევრს კითხულობდა, თუმცა ხშირად ამა თუ იმ ასაკისთვის "შეუფერებელ" ნაწარმოებებს ირჩევდა. დღესაც აქტიურ მკითხველად რჩება და ძილის წინ საამისოდ სპეციალური დრო აქვს გამოყოფილი...

- ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და მაქვს. ბევრი წიგნი ჩავაბარე ბიბლიოთეკაში, რადგან სახლში ვერ ვატევდი. ახლა მეც და ჩემ გარშემო ყველა აღტაცებული ვართ ახალი ქართული თარგმანებით, რომელიც უწინ საერთოდ არ იყო. განაკუთრებით ბევრ წიგნს ვიძენ ბავშვებისათვის. ჩემი ბავშვობიდან შემორჩენილი მაქვს ნოდარ დუმბაძის თხელყდიანი ლექსების პატარა წიგნი - "გკოცნი შენი მანანა" , რომელიც ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს. ამ წიგნს ჩემი ბავშვობის სუნი ასდის, ფურცლებს ადგილ-ადგილ საჭმელი აქვს დასხმული. მასში შემავალი ლექსები სულ ზეპირად ვიცოდი. მართალი გითხრათ, წიგნებს არასწორად ვკითხულობდი. მახსოვს, ერთხელ ბატონები მქონდა, მაშინ 11-12 წლის ვიქნებოდი და მივადექი ემილ ზოლას. დიდხანს იცინოდნენ ამაზე, რადგან წავიკითხე უზარმაზარი რომანი "ნანა" და ბოლოს დედას ვკითხე, რით მოკვდა ეს პერსონაჟი.

- ვინმეს რჩევით წაიკითხეთ თუ საკუთარი არჩევანი იყო?

- არ მახსოვს, უბრალოდ, სულ მეუბნებოდნენ, რომ ბევრი უნდა მეკითხა და როცა ხელში წიგნი მეკავა, გარშემო ყველას უხაროდა. ეს დიდი დოზით ჩემი მხრიდან მეტიჩრობა იყო, პატარა ასაკში ასე წავიკითხე გოლზუორთისა და დრაიზერის ტომები. ახლა კი ვამბობ, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ის განმარტოება და წიგნის კითხვა თავის კვალს მაინც ტოვებს და დაკარგულ დროდ არ მიმაჩნია.

- ბევრი ამბობს, რომ წიგნის კითხვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სკოლის მოსწავლეობისას ჰქონდა, ზოგიც სტუდენტობას ასახელებს...

- ჩემს შემთხვევაში ეს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი იყო. მიშა თუმანიშვილი გვეუბნებოდა, რომ ბევრი უნდა გვეკითხა და ასეც ვიქცეოდით. თან მაშინ კითხვა მოდაშიც იყო. ჟურნალში "ინასტრანნაია ლიტერატურა" , რომელსაც "ინასტრანკას" ვეძახდით, რომანები გაგრძელებებით იბეჭდებოდა. იმ ფურცლებს შემდეგ წიგნებად ვკინძავდით და ხელიდან ხელში გადადიოდა. ბატონი მიშა დაგვცინოდა კიდეც, თქვენ კი არ კითხულობთ, ნაგვის ყუთი გაქვთ თავშიო. ალბათ ნაწილობრივ მართალიც იყო, რადგან ათასგვარი ინფორმაციით გვეტენებოდა თავი და მერე ამაზე ვმსჯელობდით და ვლაპარაკობდით.

- ბატონი მიშას წიგნებსაც კითხულობდით?

- რა თქმა უნდა, მიშა თუმანიშვილის "სანამ რეპეტიცია დაიწყება" სამაგიდო წიგნი გახლდათ და ასეთად დარჩება. ისევე, როგორც სტანისლავსკის "ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში" . ეს წიგნები მსახიობებისა და რეჟისორებისათვის "დედა ენაა", გამრავლებისა და "მენდელეევის ტაბულა" .

- წიგნების ჩუქების ტრადიცია...

- ჩემი ახალგაზრდობის დროს არ იყო. ამის კულტურა უფრო მეტად ბოლო წლებში გაჩნდა, რაც ძალიან მახარებს. წიგნი შესანიშნავი საჩუქარია, ფასითაც და ისედაც ძვირფასია. ჩემი შვილიდან გამომდინარე, თუ ვინმესთვის საჩუქრის გაკეთება გვინდა, დაბადების დღეზე ან სხვა დროს, წიგნებს ვყიდულობთ. ვფიქრობ, წიგნის ჩუქება მოდაშია და ამ თვალსაზრისით ჩვევაში გადასული მოდა ნამდვილად კარგი ფაქტია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება