ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული სოლო ალბომი "ვიხსენებ მე" "ბრავო რექორდს"-ის სტუდიაში ჩაიწერა.
ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე, პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში.
ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ახალი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა მიანიჭა.
სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის გამოშვება და საპრეზენტაციო სამზადისი.
CD ალბომში შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც არიან ბლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზაზე, რაც მომღერალმა განვლო.
ალბომში გარდა CD -სა, შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. CD ალბომს "ბრავო რექორდსი" ნოემბრის თვიდან გამოსცემს.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ალბომი შეიძინოს "ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელში - მაღაზია "გურუ", ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები, ბიბლუსის ქსელში არსებული მაღაზიები და ა.შ. პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. სპონსორები კი კომპანია "პეესპე" და "თიბისი ბანკი" არიან.თეა ბითაძე