3 ოქტომბერს მეგაშოუ - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ცირკში გრანდიოზული თეატრალური სანახაობით გაიხსნა...
13 წყვილს წინ სერიოზული მარათონი ელის. ამისთვის მათ ნაბიჯი უკვე გადადგეს და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ჟიურისა და მაყურებელს გარკვეული წარმოდგენაც შეუქმნეს.
3 ოქტომბერს კონკურსის პირველი დღე იყო და გულშემატკივრებს მოცეკვავეებისთვის დამესიჯების საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა დღეიდან აქტიურობა უკვე შეუძლიათ.
"ამბები.გე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოქმედ და ყოფილ კონკურსანტებს - ნინა წკრიალაშვილისა და ქრისტინა იმედაძეს დაუკავშირდა, რომლებმაც საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
ნინა წკრიალაშვილი:
- ძალიან ვნერვიულობდი. ისე ვღელავდი, თითქოს სცენაზე პირველად გავდიოდი, მაგრამ საკუთარ თავს მაქსიმალური მობილიზება გავუკეთე და ცეკვა ისე დავიწყე. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, ცეკვის პროცესი, მაგრამ ღვთის წყალობით ნორმალურად წარვსდექი…
ზოგადად ცეკვა 2 კვირის წინ დავიწყე და 2 კვირის წინ დავიწყე ნომრის მომზადებაც. მანამდე ამ სფეროსთან შეხება არც მქონია და შედეგი, ანუ ქულები, რაც ჟიურის წევრებმა დამიწერეს, კი გამიკვირდა, მაგრამ მეწყვილეში ძალიან გამიმართლა. - თავდაუზოგავად მამუშავებს.
მინდა, სტუდია "თელას" განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. გიგი და რატი გაჩეჩილაძეები ჩვენთან ერთად, ღამეებს ათენებენ, რისი ვალდებულებაც არ აქვთ, უბრალოდ, მეგობარ მოცეკვავეებს ეხმარებიან...
ქრისტინე იმედაძე:
- ძალიან მომეწონა გუშინდელი შოუს გახსნა, მართლაც გრანდიოზული და სანახაობრივი იყო. ვიცი, ორგანიზატორები ამისთვის რამდენ ენერგიასაც ხარჯავენ და შედეგიც სახეზეა.
რაც შეეხება მონაწილეებს, მგონი, პირველი დღისთვის მაყურებლის წინაშე ყველა ძალიან კარგად წარსდგა. უმრავლესობა ჩემი მეგობარია და ყველას ვგულშემატკივრობ, რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.
ფანტასტიკური იდეა იყო მე-13 კონკურსანტის - ხალხის სიმპათიის დამატება. ამ პროექტში, ქეთი ხატიაშვილი ნამდვილი ბრილიანტია და დარწმუნებული ვარ, ის ამ შოუს აღმოჩენა იქნება, საოცრად იცეკვა და ძალიან მიხარია, ჩემს ყოფილ პარტნიორს - გიორგი ბარბაქაძეს მეწყვილედ ასეთი მაგარი გოგო რომ შეხვდა.
ჟიურის შემადგენლობა ფანტასტიკურია, ყველა ძალიან სახელოვანი და თავიანთ სფეროებში წარმატებული ადამიანია, ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელი და საინტერესოა მათი რჩევები. ძალიან მომეწონა წამყვანები: ნანკა კალატოზიშვილი ბრწყინავდა. ლიკა ლაბაძე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, ბიჭებიც მაგრები არიან.
მოკლედ, ეს პროექტი ძალიან მომწონს, ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ, ვურჩევ, რომ რეპეტიციებზე არ დააგვიანონ. ქორეოგრაფებს - ალიონასა და დიმას დაუჯერონ! ჟიურის რჩევები გაითვალისწინონ და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!
პ.ს. მორიგი შოუ ცირკში, 10 ოქტომბერს გაიმართება. ბილეთები ცირკის სალაროებში იყიდება.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის