ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"

ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"

ბავშვობიდან ხატავდა. სურდა, ამ პროფესიას სერიოზულად დაუფლებოდა და მთელი ცხოვრება ნახატები შეექმნა... მოზარდობისას, ბალერინობის სურვილი გაუჩნდა, მოგვიანებით კი, სრულიად მოულოდნელად, არჩევანი მსახიობობაზე შეაჩერა და გადაწყვეტილება აღარც შეუცვლია. ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი არასოდეს უნანია, უფრო მეტიც - დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ არ შემცდარა...

- ამჟამად ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომელსაც ლევან წულაძე დგამს. ფაბულა აღებულია ცნობილი ჰოლივუდური ფილმიდან - "ფრენკი და ჯონი". პრემიერა ერთ თვეში შედგება. გარდა ამისა, ნოემბერში ეკრანებზე ოთარ შამათავასა და ლევან კიტიას ახალი ქართულ-აზერბაიჯანული სერიალი, "ალი და თეო" გავა. ამ სერიალში მთავარი პერსონაჟის ყოფილი ცოლის როლს ვასრულებ. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად, თვის ბოლოს ბაქოში მიწევს წასვლა. ასევე, მოლაპარაკება მიმდინარეობს "ტვ 3"-თან, სადაც მე და ნიკა წულუკიძემ შუადღის შოუ უნდა წავიყვანოთ. თუმცა, წამყვანების რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

- თქვენი ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსია. თქვენ როგორ "დააღწიეთ თავი" ამ სფეროს?

- ჩავთვალე, რომ სამი მუსიკოსი ოჯახში საკმარისია (იცინის). გული ყოველთვის თეატრისკენ მიმიწევდა. სხვათა შორის, როცა მსახიობობა განვიზრახე, მამას ეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში აუცილებლად ვინანებდი. იმ დროს, როცა მე აბიტურიენტი ვიყავი, მსახიობები მართლაც, სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ასტრონომიულ თანხებს გვთავაზობენ, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში - ეს არის საქმიანობა, რომელიც არაფერში გზღუდავს; თითოეულ როლზე მუშაობისას საკუთარ თავს ხელახლა აღმოვაჩენ ხოლმე...

- შემოქმედებითი პაუზა არ გქონიათ?

- ასეთი რამ ყველას ჰქონია, მით უმეტეს, საქართველოში. შემოქმედებითი პაუზა ჩემს ცხოვრებაში 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა თეატრი მთელი სამი წლით დაიხურა, რემონტის გამო. ამ დანაკლისის შესავსებად, მოსკოვში, კინოფაკულტეტზე ჩასაბარებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ მამას ჩემი მარტო გაშვების შეეშინდა. მერე ვაკის "თეატრალურ სარდაფში" მივედი და დავიწყე მუშაობა ლევან წულაძესთან. ჩვენს ურთიერთობას საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში გაგრძელდა.

- დინჯი და სერიოზული ჩანხართ...

- ასეთი ვარ. ხასიათით მამას დავემსგავსე. ბევრ ადამიანს საკმაოდ მცდარი წარმოდგენა აქვს ჩემზე, ძირითადად კატოსთან მაიგივებენ...

- ზოგიერთი მსახიობი ამბობს, რომ გარეგნული სილამაზის გამო, პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები ექმნება. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა - გარეგნობის გამო, ვინმეს მცდარი წარმოდგენა თუ შეჰქმნია თქვენზე?

- ანუ იმას გულისხმობთ, რომ "ყველა ქერა დებილია" (იცინის)?.. დიდი ბოდიში, მაგრამ ბევრი დაბალი ინტელექტის მქონე შავგვრემანი და ასევე, ბევრი ქერა ინტელექტუალი მინახავს. პირადად მე, მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია.

- გათხოვილი არ ყოფილხართ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ კარიერაში შესაძლოა, შეფერხება გქონოდათ?

- ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, მაგრამ არა - მთავარი. იმ მომენტში, როცა შეიძლებოდა, ოჯახი შემექმნა, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი. შესაძლოა, დღესაც არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის... ქალი ფიზიკურად ადრე მწიფდება ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ მთავარია, შეეძლოს დედობისა და ზოგადად, ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ვინმესთან მუდმივ თანაცხოვრებას ვერ დაგეგმავ. ვფიქრობ, ეს სპონტანურად უნდა მოხდეს. ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოჯახი ჯერ არ შემიქმნია, იცით, რა არის?- ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ჩემი პროფესია აღიზიანებდათ. საერთოდ, სუსტ მამაკაცებს არასოდეს სიამოვნებთ, როცა გვერდით რეალიზებული ქალი ჰყავთ...

- ამბობთ, რომ ვერ იტანთ უსამართლობას. თქვენს სფეროში, თქვენი პროფესიის ადამიანებთან, რთული არ არის, იყო პირდაპირი?

- შეიძლება, ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემი პირდაპირობით საკუთარი თავის მტერი გამოვედი, ჩემი წინსვლა დავაბრკოლე. უსამართლობას და გულგრილობას იმდენად ვერ ვიტან, რომ არ მეშინია არანაირი შედეგის. ყოველგვარი ბოროტების საფუძვლად გულგრილობა მიმაჩნია.

- თუ გაგიღიათ რაიმე სერიოზული მსხვერპლი კონკრეტული როლისთვის? ვგულისხმობ გარეგნულ ცვლილებას, მორალურ წინააღმდეგობებს...

- შედარებით თამამი როლი მაქვს სპექტაკლში - "ფერხული", მაგრამ ეს სპექტაკლი განსაკუთრებულად მიყვარს და არ მიმაჩნია, რომ მსხვერპლი გავიღე. ვიღაცას შესაძლებელია, კინოში ან სერიალში ჩემი კოცნაც მსხვერპლის გაღებად მიაჩნდეს, მე კი ასე არ ვფიქრობ. უფრო მეტი მსხვერპლია, მაგალითად, წონაში სერიოზული დაკლება ან მომატება, თავის გადაპარსვა...

- ეს უფრო რთულია, ვიდრე კოცნა?

- დიახ, რადგან ამ დროს აბსოლუტურად გაცნობიერებული გაქვს, რომ ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია. თუმცა, თუ ვინმემ სრულად გაშიშვლება მომთხოვა, ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს უბრალოდ, ჩემი სტილი არ არის და თან, არ მინდა, ამით მივიქციო ყურადღება. გარეგნული მონაცემები ისედაც შესამჩნევია, ამისთვის გაშიშვლება არ არის საჭირო.

- ბინა იყიდეთ და საცხოვრებლად ცალკე გადახვედით. ესეც ადასტურებს, რომ სრულიად დამოუკიდებელი ხართ?!

- სახლი არ მიყიდია, მამამ მაჩუქა. ვფიქრობ, ადამიანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი დამოუკიდებლობაა. პიროვნება ფასობს იმით, თუ რამდენად დამოუკიდებელია გარემოსგან. ძალიან მინდა, სამოგზაუროდ მარტო წავიდე. სპექტაკლსა და ფილმს ყველაზე დიდი ინტერესით მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ და სამზარეულოშიც მარტოს მიყვარს ტრიალი. საერთოდ, დამოუკიდებლობის სურვილი და შეგრძნება ჩემში მეტად გამძაფრებულია და ეს ძალიან მომწონს - განვითარების საშუალებას მაძლევს. ვფიქრობ, ადამიანი არათუ მშობლებზე, მეუღლეზეც არ უნდა იყოს დამოკიდებული.

- მსახიობი კაცის ცოლობას თუ დათანხმდებით?

- ჩემი ნათქვამი სულ წინ მხვდება და უკვე მეშინია ვთქვა, რომ მსახიობს არასოდეს გავყვები-მეთქი. როგორც გითხარით, დამოუკიდებელი ადამიანები მიყვარს, მსახიობი კი ყოველთვის რეჟისორზეა დამოკიდებული; მეორე მხრივ, ჩემს ყველა მამაკაც კოლეგას უდიდეს პატივს ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ პირობებში ეს პროფესია აირჩიეს. მილიონერ ქმარზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ კარგად ვიცი, რამდენად რთულია მსახიობი მამაკაცისთვის თავის გატანა. სიყვარული იმდენად დიდი გრძნობაა, რომ ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭო, მაგრამ რა ვქნა, რომ მაინც არ მინდა მსახიობი კაცის ცოლობა (იცინის)?!.

- სამუშაოდ, საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- 10 წლის წინ ამაზე ფიქრი შეიძლებოდა, ახლა კი ჩემთვის ყველაფრის ნულიდან დაწყება დაგვიანებულია... თუმცა, თუ დროებითი შემოთავზება იქნება, უარს არ ვიტყვი.

- რამდენად ახდენს გავლენას თქვენს საქმიანობაზე პირადი ცხოვრება?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად ახერხებ ყურადღების განაწილებას. მე მაქსიმუმს ვაკეთებ კონკრეტული საქმის მოსაგვარებლად. ახლა შეყვარებული ან ქმარი რომ მყავდეს გვერდით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყურადღების კონცენტრაციას მოვახერხებ. პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შეთავსება ალბათ, გამიჭირდება...

- რა მოგცათ კატოს როლმა?

- ყველა თაობის ბევრი ერთგული თაყვანისმცემელი, რომლებსაც მფარველ ანგელოზებს ვეძახი. როცა სერიალიდან წამოსვლის შემდეგ ვიღაცებმა გამამტყუნეს, ამ ადამიანებმა დამიცვეს და ამით ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ - თანადგომა მაგრძნობინეს. კატომ მხოლოდ დადებითი ემოციები დამიტოვა.

- გული არ დაგწყდათ?

- გულისწყვეტა მხოლოდ კონკრეტულმა ადამიანებმა დამიტოვეს იმით, რომ იმედი გამიცრუეს. მათზე სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. მაგრამ წყენას გულში არასოდეს ვიტოვებ. დარწმუნებული ვარ, ისინი საკუთარ საქციელს ნანობენ.

- დაბოლოს, შიშველ ენთუზიაზმზე თუ დათანხმდებოდით რაიმე როლზე მუშაობას?

- თუ რეჟისორი გენიოსი, მასალა და როლი კი ძალიან საინტერესო იქნება, შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება