ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ

ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ

"ტემპერამენტიანი, თავნება და თავხედია. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება. საშიში მეტოქეა. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, რომ მასთან ქიშპობის სურვილს საბოლოოდ უკარგავს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ანრი ჯოხაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ანრი, ვიდრე შენს ასტროლოგიურ პორტრეტს დავხატავთ, მინდა, იმ შოუზე გკითხო, რომელიც მალე GDS-ის ეთერში გავა.

- ამ შოუს ჰქვია "ერთი ერთში". ინგლისური პროექტია. შეთავაზება ტელევიზიისგან მივიღე და დავთანხმდი. 8 კონკურსანტმა მსოფლიო მასშტაბის 9 ვარსკვლავი უნდა "გავაკეთოთ". მსგავსება უნდა იყოს გარეგნული და ვოკალური. მსმენელს ჩემი გარდასახვა არაერთხელ უნახავს. ასეთი მოტივირებული არც ერთ პროექტში არ ვყოფილვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში.

- შენი კონკურენტები ვინ იქნებიან?

- სალომე ქათამაძე, ამიკო ჩოხარაძე, დათო გომართელი, ლაშა რამიშვილი, ელენე კალანდაძე... მხოლოდ ამ ადამიანების შესახებ ვიცი.

- გამარჯვებული როგორ გამოვლინდება?

- გარდა იმისა, რომ არის ჟიური, კონკურსანტები ერთმანეთს ქულას ვაძლევთ და შემოდის "ესემესებიც". პირველი შოუ ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- მაიმუნის წელში დაბადებული მორიელი ვარ. ასტროლოგიაში ვერკვევი და მინდა, წინასწარ გითხრა, რომ თითქმის ისეთი ვარ, როგორადაც ასტროლოგები მახასიათებენ, განსაკუთრებით - მორიელის ნაწილში.

- საშიში, სასტიკი და დაუნდობელი ხარ?

- ვაღიარებ, ასეთი ვარ, მაგრამ იცოდეთ, მორიელს თუ არ შეეხებით, თავად არ მოვა და არ დაგგესლავთ. არ მახსოვს, გამოწვევის გარეშე, ვინმესთან კონფლიქტში შევსულიყავი ან რამე დამეშავებინოს. გამორიცხულია, ვინმეს თავს დავესხა; მაგრამ თუ დავესხმები, მისი ბედი გადაწყვეტილია.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- ესეც მსმენია, მაგრამ არასდროს დავკვირვებივარ, ადამიანები თვალებში მიყურებენ თუ - არა.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- მე ხელოვანი ვარ, შოუმენი და რატომ უნდა მოვთოკო ემოციები? თავშეკავება არაფერში მჭირდება. ჩემი წარმატება ჩემს ემოციურ გულწრფელობაზეა დამოკიდებული. მე ის მორიელი ვარ, რომელსაც თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რა სწყინს და რა უხარია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".

- პირდაპირი ადამიანი ვარ.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა". მორიელი ყოველთვის ღირსეულ მეტოქეს ეძებს.

- დაუნდობელი ვხდები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემთან სისუსტეს გამოავლენენ. ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა მსიამოვნებს.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- ასეთი რამ ჯერ არ გამომიცდია. თვითირონიით გამოვირჩევი და თუ ეს თავის დაგესვლაში მეთვლება, არ ვიცი. საერთოდ, დაუმსახურებლად არავის ვგესლავ.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- ეს სიმართლეა! მე არც სიკეთე მავიწყდება და არც - წყენა. ზოგჯერ ვცდილობ, ისე მოვიქცე, ადამიანებმა არ მაწყენინონ, რომ მერე ეს ცუდად არ გამახსენდეს. სიკეთეც ბევრს გაუკეთებია. მათგან მაგალითს ვიღებ - სიკეთის კეთება ჩემი სამოძრაო ღერძია.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე".

- მართალია. რამდენიმე ადამიანზე სწორედ ასეთი გეგმები მაქვს. ისინი ჩემთან დამოკიდებულებაში განწირულები არიან.

- "მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- ვერ მოვისვენებ, ვიდრე მათ განადგურებულებს არ ვნახავ.

- შენს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაბადების შემდეგ, ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ გარდაცვლილა?

- მსმენია, მორიელის დაბადებისას ოჯახის წევრი იღუპებაო. ჩემი დაბადების შემდეგ ნათესავი გარდაიცვალა, თან - ბავშვი. ოჯახში სულ 3 მორიელი ვართ. მე, ჩემი ძმა და მისი შვილი. მათი დაბადების შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მიუსადაგებ შენს თავს?

- (ფიქრობს) ავ-კარგიანი. შემიძლია, ადამიანისთვის ძალიან კარგიც ვიყო და ძალიან ცუდიც. გააჩნია, ის ადამიანი ჩემგან რას იმსახურებს.

- ასტროლოგები მორიელის ერთი სიტყვით დასახასიათებლად სიტყვა "უძლეველს" ასახელებენ.

- ყველა თანხმდება, რომ მორიელი ყველაზე ძლიერი ნიშანია.

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია".

- უნიჭო და ბოროტი ადამიანები მთრგუნავენ.

- "ძალიან მგრძნობიარე არსებაა. უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული".

- ასეა, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს გადაჭარბებული ემოცია თუ გრძნობა დამღლელია. გარს იმდენი ადამიანი მახვევია, რომ ყოველგვარ "გადაჭარბებას" ისინი ინაწილებენ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- მას შემდეგ, რაც გავიზარდე, ასეა!

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- მეგობარი პირველ რიგში, საყრდენი უნდა იყოს.

- "თავისი გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება არ სჩვევია. ზოგჯერ შეიძლება, უხეშიც კი მოგეჩვენოთ".

- ჩემზე ხომ ამბობენ, - უხეში და თავხედიაო.

- სინამდვილეში ასეთი არ ხარ?

- დოზირებულად. მთავარია, სითავხედე უზრდელობაში არ გადაიზარდოს.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- ცოცხალი თავით საიდუმლოს არ გავთქვამ. მიხარია, რომ ეს თვისება მაქვს. ადამიანებში ნდობას ვიწვევ.

- შენი საიდუმლო უფრო მეტმა იცის თუ შენ უფრო მეტი ადამიანის მესაიდუმლე ხარ?

- მე უფრო მეტი ადამიანის საიდუმლო ვიცი!

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანებს გამჭოლად ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ზოგადად, ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა ვინმე მაღიზიანებს, ვცდილობ, ჩემი გავლენის ქვეშ მოვაქციო. მასთან არ ვთავხედობ.

- მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- გამოსავალს ვეძებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები მთრგუნავს.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და თავხედია".

- (იცინის) ასეა.

- რომელი უფრო მეტად ხარ?

- ტემპერამენტიანი.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- თუ ვგრძნობ, ახლობელი ადამიანის დახმარება შემიძლია, არამკითხესავით ჩავერევი. ასეთ დროს ყოველთვის მადლიერები რჩებიან. ქუჩაში ბავშვს დედა ცუდად თუ უჯავრდება, შემიძლია, ამ ქალს ვუთხრა, რომ ის ცუდი დედაა. ასე არაერთხელ გამიკეთებია.

- რის ხარჯზე ხარ წარმატებული?

- ნიჭიერების ხარჯზე.

- ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ წარმატებული, ამბიციური ბუნების გამო ხარ.

- ამბიცია რომ არ მქონდეს, სცენაზე არ ავიდოდი.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ვერ ვიტყვი, რომ ერთგული ვარ - პრაქტიკამ ეს არ აჩვენა. ერთგული მაშინ ვარ, როცა ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანია. თუ თავიდანვე ვხვდები, რომ ურთიერთობა განწირულია, მაშინვე გვერდზე ვიხედები.

- შეყვარებული ხარ?

- არა. ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო. საინტერესო ობიექტი არ არის.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- ფლირტს იმ ადამიანთან ვიწყებ, რომელიც ჩემთვის სასურველი სექსუალური პარტნიორია. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ვინმეს ფლეგმატურიც კი მოვეჩვენო.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- ასეა. თანაც, ადამიანის მოხიბვლას ყვავილებისა და მსგავსი ბანალური ქმედებების გარეშე ვახერხებ.

- წარუმატებელი შემთხვევა არ გქონია?

- როგორ არ მქონია?!

- და ის პერიოდი ცუდად გახსოვს?

- არა, იმ შემთხვევაში ჩემი წარუმატებლობა ჩემს ღირსებას არ აკნინებდა.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- რა თქმა უნდა, ასეა. გულს მხოლოდ სისხლის გამტარიანობის ფუნქცია აქვს, დამიჯერე.

- ანრი, კითხვებზე პასუხის გაცემისას რამდენად გულწრფელი იყავი?

- რაღაცები საკუთარ თავშიც ვერ დავაზუსტე, მაგრამ ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი და ამას მკითხველიც იგრძნობს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება