როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?

როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, 16-22 სექტემბრის შუალედში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს: "ბოლო პერიოდში, ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები გამოუსწორებელია და შეცვლილი მენეჯმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ლოჯისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესაბამის გადაწყვეტასა და ხარვეზების აღმოფხვრას. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს და სათანადო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. მართალია, კომპანია "ქართული კვების" მენეჯმენტი შეიცვალა, რომელიც თავდაცვის სფეროში კვებითი უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორია, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების საკვები პროდუქტებით მოწამვლის ფაქტი კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება".

ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, დასვას კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში უტყუარია. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ თავდაცვის სამინისტრო "ფაქტის მიჩქმალვას" არ შეეცდება.

თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერს ამბობს, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე აღნიშნავს, რომ უწყება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და "ახალგაზრდა ადვოკატებს" ინფორმაციის გავრცელებამდე მისი სინამდვილის გადამოწმებას ურჩევს.

"ვერსიასთან" საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციის განცხადება ძალაშია და მასში მოყვანილი ფაქტები უტყუარია: "სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ არგუმენტი არ გააჩნიათ. საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ნაწილშიც უწყებას პოზიცია არ აქვს, რაც ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს. ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ჩვენ ივლისში განვცახადეთ, რომ სენაკის სამხედრო ბაზაზე 52 ჯარისკაცი მოიწამლა, რაზეც სამინისტრომ მიუთითა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგვყავდა და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა; აგვისტოში კი სამინისტრომ ოფიციალური წერილით დაადასტურა სენაკში 52 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი და მიუთითა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ინფორმაცია არ გვაქვს, რა შედეგებით დასრულდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრა თუ არა შემთხვევასთან დაკავშირებულ უფლებამოსილ პირებს. დღეს საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას უკვე სხვა სამხედრო ბრიგადები და სამინისტრო კომენტარს საერთოდ არ აკეთებს".

ამ ფონზე, არჩილ კაიკაციშვილი სვამს კითხვას, რატომ არ სრულდება თავდაცვის მინისტრის საზოგადოებისადმი დაპირება, რომ ლოჯისტიკის სფეროში უსაფრთხოების დონე და სტანდარტი ყველაზე მაღალი იქნება. კითხვაზე, მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით, ვის შეხვდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია შედგა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უშუალოდ, "ქართული კვების" კომპანიის წარმომადგენლებთან არასამთავრობოთა ფორმატში, რის შემდეგაც კომპანიამ კრწანისის პოლიგონზე ჯარისკაცების სახელდახელო სადილზეც მიიწვია საზოგადოება, სადაც ყველაფერი იდეალურად იყო.

"წესრიგი უნდა დამყარდეს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც თავდაცვაა, სადაც ყოველწლიურად იზრდება მომსახურების პარამეტრები. ჩვენი ჯარი ნატო-ს სტანდარტებისკენ მიისწრაფვის და ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ამიტომ საკითხავია, სფერო დღემდე რომ მოუწესრიგებელია, ეს მიზანმიმართული შემთხვევაა თუ სუსტი მენეჯმენტით არის გამოწვეული? ჯარის მიმართ მაღალია ჩვენი პარტნიორების ინტერესები, უამრავი ფინანსური, ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასეთი ელემენტარული პრობლემების წინაშე არ უნდა ვიდგეთ. გუშინ სენაკი იყო, იმის წინ - სხვა ბრიგადა, ახლა ეს ნაწილები გამოვლინდა, ხვალ შეიძლება სხვას დაემუქროს, ამიტომ ვსვამთ კითხვას - როდემდე?" - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც აქვე განმარტავს, რომ მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ამ ჯარისკაცების ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნათესავებისგან მიიღეს.

მერაბ ბერიძე

გაზეთი "ვერსია"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე